"დადიანებისას" იაპონური კომში ყვავის… - კვირის პალიტრა

"დადიანებისას" იაპონური კომში ყვავის…

ზუგდიდში, დადიანების ბაღში, ნოემბერში მაგნოლია აყვავდა, დეკემბერში იაპონურმა მაჰონიამ იყვავილა, ახლა კი იაპონური კომში ყვავის... სწორედ ასე სურდა სამეგრელოს უკანასკნელ მთავარს, დავით დადიანს, რომელმაც ბაღი 1840 წელს გააშენა მეუღლის, ეკატერინე ჭავჭავაძის გასახარებლად. თავდაპირველად ბაღს მთავარი უვლიდა, შემდეგ კი ეს საქმე ეკატერინეს მიანდო. დედოფალი ბაღის მოვლამ ძალიან გაიტაცა. ჯერ იყო და, იტალიელი მებაღე ჩამოიყვანა, მერე კი ევროპიდან ლამის ყველა ეგზოტიკური მცენარე ჩამოიტანა - რამდენიმე ეგზემპლარი საფრანგეთის მეფის, ლუი ფილიპეს ვერსალის ბაღიდანაც კი. რამდენიმე წელიწადში ბაღი ედემს დაემსგავსა, რომლის მსგავსი კავკასიაში არც მანამდე იყო, არც მის შემდეგ ყოფილა. დედოფალს ამ ბაღში მოშინაურებული შვლები და ქურციკებიც ჰყავდა, რომლებიც სტუმრების დაძახილზე საკვებს მათი ხელიდან მიირთმევდნენ.

ბოროტება ყველაზე მეტად სწორედ სილამაზეს ებრძვის, ამიტომ არც ეს ბაღი დარჩენილა გაუთელავი - 1855 წელს, რუსეთ-თურქეთის ომისას, თურქთა სარდალი ომარ ფაშა სამეგრელოში შეიჭრა და სამეგრელოსთან ერთად ბაღიც მიწასთან გაასწორა - რაც გადაუწვავი დარჩა, ის იანიჩარებს გააჩეხინა. როდესაც ფაშა უკუაგდეს და გახიზნული ეკატერინეც დაბრუნდა, აჩეხილი ბაღის დანახვაზე ატირდა, თუმცა, მას გულის გატეხა აქ სჩვეოდა და ამჯერად იტალიელი ძმები მოიყვანა მებაღეებად. ეკატერინეს შემდეგ ბაღს მისი ვაჟი, ნიკო დადიანი უვლიდა, მერე კი წალკოტი ბოლშევიკების ხელში ჩავარდა და განადგურდა. მათ ბაღი არ გაუჩეხიათ, თუმცა არც მისი მოვლით იწუხებდნენ თავს.

ძალიან გვიან მიხვდა ქვეყანა, რომ ბაღი მისი სიმდიდრეა. მალე მისი მრავალწლიანი რეაბილიტაციაც დამთავრდება. ბაღის მშვენება კი ის ხალხიც არის, ვინც მას მუხლჩაუხრელად უვლის. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლარისა თირქია ამ ბაღში ყოველ დილით ისე შემოდის, თითქოს სასიცოცხლო მისიას ასრულებდეს. კაცმა რომ თქვას, ასეც არის.

Lლარისა თირქია: - ათეული წლებია, დადიანების ბაღში ვმუშაობ. ეს ბაღი მკურნალია. საბედნიეროდ, დადიანების დარგული ნერგებიდან ომარ ფაშას ბევრი გადაურჩა, მათ შორის - სახელგანთქმული სექვოიაც, რომლის სიმაღლე 35 მეტრი, დიამეტრი კი 6 მეტრია. ეს სექვოია რომ დაინახა, ამერიკელმა ქალბატონმა ჩამიხუტა და ბევრი მკოცნა: აი, თურმე როგორ უვლით ჩვენს ამერიკულ სექვოიებსო. ამერიკაში სექვოიების ხეივნებიც არსებობს.

- პატარა ხეივანი, ოღონდ რცხილების, ამ ბაღშიც გაქვთ.

- დიახ. და იცით, როგორ შემორჩა ეს ხეივანი? ომარ ფაშამ პირწმინდად კი ააჩეხინა, მაგრამ უკან დაბრუნებულმა ეკატერინემ ერთ დღეს ფესვებიდან ამოსული ყლორტი შენიშნა და მებაღეებს უთხრა - ასეთი ყლორტები სხვა ძირებზეც ამოვა, ისე მოუარეთ, რომ ხეებად გადააქციოთო. გამოხდა ხანი და ყლორტები ხეივნად აქციეს.

- იმიტომაც ითვლება საუფლო საქმედ ხის დარგვა და მოვლა - ისინი წავიდნენ და ამ სილამაზით ჩვენ ვტკბებით.

- ასეა. ამ ბაღს ჩვენც მთელი გულით ვუვლით. დაგვიფასებენ თუ არა, ეს მომავალი თაობების საქმეა, მაგრამ ჩვენს მისიას პირნათლად ვასრულებთ.