"კონფლიქტის მიზეზი ხუმრობა გახდა" - რა მოხდა 61-ე სკოლაში? - კვირის პალიტრა

"კონფლიქტის მიზეზი ხუმრობა გახდა" - რა მოხდა 61-ე სკოლაში?

საკლასო ოთახში კონფლიქტის მიზეზი ხუმრობა გახდა, დაშავებულები არ არიან, - ამის შესახებ 61-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ, მადინა ბაღდავაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებს მხოლოდ ნაკაწრები აქვთ.

"საკლასო ოთახში კონფლიქტის მიზეზი ხუმრობა გახდა. ამბობენ, რომ მოსწავლეებმა ვერ გაუგეს ერთმანეთს. სასწრაფოს გამოძახება იმიტომ გახდა საჭირო, რომ ბავშვები გაკაწრულები იყვნენ, ერთ-ერთს სათვალე ეკეთა, სათვალეზე მოხვდა ხელი და ამ სათვალით გაიკაწრა. დაშავებულები არ არიან, მათ მეტი დაზიანება არ მიუღიათ. მხოლოდ ორი მე-11 კლასელი იყო და ისინი აქ, სკოლაში არიან, კლინიკაში არ გადაუყვანიათ. მანდატურის სამსახური ასეთ შემთხვევებში ყოველთვის იძახებს სასწრაფოს და ჩვენც პრევენციის მიზნით ვიძახებთ ხოლმე, რომ მეტი გართულება არ მოჰყვეს. ისინი კი ამბობენ, რომ იხუმრეს, მაგრამ ჩვენ ხომ ზუსტად არ ვიცით შინაარსი. სასწრაფოს დახმარება მოსწავლეებს არ დასჭირვებიათ", - აღნიშნა ბაღდავაძემ.

თბილისის N61 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა იჩხუბეს. ადგილზე იყო სასწრაფო დახმარების მანქანა, ამჟამად კი სკოლასთანაა საპატრულო პოლიცია და საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი.

"ინტერპრესნიუსი"