ზუგდიდში სტუმარ-მასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება - კვირის პალიტრა

ზუგდიდში სტუმარ-მასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება

განათლების რეფორმის ფარგლებში, პროფესიული განათლების მიმართულებით განსახორცილებელი პროექტების წარდგენისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა კერძო სექტორის ჩართულობაზე და მათთან აქტიურ თანამშრომლობაზე ისაუბრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

„პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის მონაწილეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩვენი ხედვით, მათ გარეშე შეუძლებელია ისეთი პროფესიული პროგრამების შემუშავება, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნასა და სწრაფ დასაქმებაზეა ორიენტირებული. კერძო სექტორის მაქსიმალური ჩართულობის რამდენიმე კარგი მაგალითი უკვე გვაქვს, კერძოდ, ზუგდიდში სტუმარ-მასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება, რაც ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო ნიმუშია,“ - განაცხადა მინისტრმა, რომლის თქმით, სამინისტროს მხრიდან კომპანიებთან თანამშრომლობა გრძელდება, როგორც დასაქმების, ასევე ახალი პროგრამებისა და სასწავლებლების დაფუძნების კუთხით.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ კვლავ გაგრძელდება კერძო სექტორის ხელშეწყობა, რადგან სამინისტროს მიზანია, რაც შეიძლება ბევრ კომპანიას გაუჩნდეს შესაძლებლობა, ჩაერთოს პროფესიულ განათლებაში.

"ინტერპრესნიუსი"