"გადასწია პიჯაკი და იები ამოიღო..." - როგორ იხსენებდა გურანდა გაბუნია დიდ სიყვარულს - კვირის პალიტრა

"გადასწია პიჯაკი და იები ამოიღო..." - როგორ იხსენებდა გურანდა გაბუნია დიდ სიყვარულს

თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალება "ინტერპრესნიუსს" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. გაბუნია 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, გურანდა გაბუნია გარდაცვალებამდე მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

გთავაზობთ არქივის ვიდეო -მასალას, მარიკა დარჩიას საავტორო გადაცემიდან - "ჩემი გზა", რომელიც მსახიობ გურანდა გაბუნიას მასპინძლობდა და სადაც მსახიობმა, მეუღლესთან, ლეგენდარულ მსახიობთან, ოთარ მეღვინეთუხუცესთან ერთად გავლილი გზა და მათი პირველი შეხვედრა   გაიხსენა.

ინფორმაციისთვის, გურანდა გაბუნიამ 1960 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასში; 1961–1963წწ. მუშაობდა თბილისის სანიტარული კულტურის, 1967–1970წწ. შოთა რუსთაველის სახელობის, 1970–1975წწ. რუსთავის დრამატულ თეატრებში; 1975 წლიდან იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: მარგარიტა(ვადიმ კოროსტილევი "მარტოობის დღესასწაული"), ასმათი(რევაზ თაბუკაშვილი "რას იტყვის ხალხი"), დოლი(ლევ ტოლსტოი "ანა კარენინა"), ცელია პიჩემი(ბერტოლდ ბრეხტი "სამგროშიანი ოპერა"), და სხვ. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ირინე(სერგო კლდიაშვილი "ქარიშხალი"), ისმენე(ჟან ანუი "ანტიგონე") და სხვ. რუსთავის დრამატულ თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ჟოზე(ოტია იოსელიანი "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი"), როქსანა(როსტანი "სირანო დე ბერჟერაკი"), ელის ჩერემისოვა(ვადიმ კოროსტილოვი "ასი წლის შემდეგ"). შესრულებული აქვს კინო როლები: ირინე("დათა თუთაშხია", 1978), ჯულიეტა("მზე შემოდგომისა", 1973), ლაურა("ორომტრიალი", 1986), დარეჯანი("დღეს ღამე უთენებია", 1983), ჭორიკანა("აურზაური სალხინეთში", 1975), რუსუდანი("ერთი ცის ქვეშ", 1961), ლილის ბიცოლა("თბილისი ჩემი სახლია", 1994) და სხვ.

რას ეძახდნენ ოჯახის წევრები და რაზე ოცნებობდა გურანდა გაბუნია?