"ოთართან ერთად ეს წლები იყო უდიდესი ბედნიერება, ჩემზე ბედნიერი ქალი არავინ იყო, მაგრამ ყველაფერი დამთავრდა..."
05-02-2019
"ოთართან ერთად ეს წლები იყო უდიდესი ბედნიერება, ჩემზე ბედნიერი ქალი არავინ იყო, მაგრამ ყველაფერი დამთავრდა..."

გოგო სოხუმში დაიბადა, ბიჭი კი - თბილისში.
გაჭირვების მიუხედავად, ერთიც და მეორეც თავს ბედნიერად გრძნობდნენ. რატომ გაჭირვება? იმიტომ, რომ მათი ბავშვობა ომის პერიოდს დაემთხვა. მაშინ მთელ ქვეყანას უჭირდა, თუმცა ბავშვი ხომ სახალისოსა და გასართობს ყოველთვის პოულობს. ასე იყო გურანდაც... და ოთარიც.

ოთარი თავის ასაკთან შედარებით საკმაოდ დინჯი გახლდათ. მაშინდელ პიონერთა სასახლეში დადიოდა, ჯერ დრამწრეზე, მერე კი "პიონერფილმში", თუმცა ფეხბურთი ისე უყვარდა, უბნის ბიჭებთან თამაშზე არასოდეს ამბობდა უარს. გავა დრო და
უკვე სახელგანთქმული იტყვის, რომ არა პიონერთა სასახლე, მსახიობი ვერ დავდგებოდიო. ოთარმა იქ გაიცნო თენგიზ არჩვაძე, რომელიც შემდეგ მისი მეგობარი და პარტნიორი გახდა ბევრ ფილმში.
ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურანდა გაბუნია
გოგონასთვის ზღვა ისეთივე სისხლხორცეული იყო, როგორიც შეიძლება იყოს დედა, მამა და ან ძმა. ჰოდა, როცა მშობლები სამსახურს მიაშურებდნენ, პატარა გურანდა თანატოლებთან
ერთად სანაპიროზე გარბოდა.

გურანდას მამა სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. როცა პატარა გოგო პლაჟზე არ იყო, მაშინ თეატრში უნდა ყოფილიყო. მსახიობობაზე არც უფიქრია. მას ცეკვა უყვარდა, ბალერინობაზე ოცნებობდა. ომის წლებში, სანამ ცხელი ზაფხული დადგებოდა, ცეკვის
საღამოებს ატარებდა ხოლმე. აიყოლიებდა გოგო-ბიჭებს და ეზო-ეზო დადიოდნენ. გააკეთებდნენ სახელდახელო სცენას, ხეებს შორის თოკს გააბამდნენ, რაღაც ქსოვილს ფარდასავით ჩამოაფარებდნენ და კონცერტიც იწყებოდა. სოხუმელებსაც მეტი რა უნდოდათ! შინიდან სკამებს გამოიტანდნენ, ზოგი პირდაპირ აივნიდან უმზერდა სანახაობას და იყო ერთი ყიჟინა, ოვაცია და აპლოდისმენტები. კონცერტის საზღაურსაც გულუხვად იხდიდნენ, ქუჩის მოცეკვავეებს, რომელთა ხელმძღვანელი გურანდა იყო, ხან ხურდა ფულს უყრიდნენ "სცენაზე", ხან საჩუქრებისთვის გამზადებულ კალათში კვერცხებს, ყველის მოზრდილ ნაჭერს ან სხვადასხვა ნუგბარს ულაგებდნენ და ისინიც უსაზღვროდ კმაყოფილი ბრუნდებოდნენ შინ.

გურანდას მამას არ უნდოდა, შვილი მოცეკვავე გამხდარიყო, მაგრამ ერთხელაც, როცა გოგონამ სახლში სხვა სანოვაგესთან ერთად ქათამიც მიიტანა, დიდხანს იცინა, მერე კი თქვა: ეს ჩემი გოგო აღარ ხუმრობს. ამ შიმშილობის დროს დაგვაპურა, სურსათ-სანოვაგით აგვავსო, ასე რომ, მის მომავალზე დავფიქრდები, ეგებ მართლა გაჰყვეს ცეკვასო.

მოგვიანებით გურანდას მამა ფოთში გადაიყვანეს თეატრის დირექტორად, ცოლ-შვილიც თან წაიყვანა. ერთხანს გურანდა იქ სწავლობდა, თან მამას ეხმარებოდა: ხან ცეკვავდა, ხან ეპიზოდურ როლს ასრულებდა, ხან სუფლიორობდა. მოგვიანებით გურანდას ცხოვრებაში ისეთი რამ მოხდა, რამაც ძალიან დასწყვიტა გული - მშობლები გაიყარნენ.

მამა სოხუმში დაბრუნდა, დედა კი თბილისში წამოვიდა და შვილიც წამოიყვანა. იმ წელს გურანდა სკოლას ამთავრებდა. მამამ სთხოვა, გაგიჭირდება ახალ გარემოში, სჯობს, სკოლა აქ დაამთავრო, შენს მეგობრებთან ერთადო. გურანდამაც დაუჯერა, რასაც ძალიან ემადლიერება მამას. იმდროინდელი მეგობრობა კი მთელი ცხოვრება მოჰყვებოდა, ამბობდა, რომ ბავშვობის დროინდელ მეგობრებზე თბილი და უკეთესი არავინ ჰყავდა ამქვეყნად.

სკოლის დამთავრების შემდეგ უცებ გადაწყვიტა, სწავლა ქორეოგრაფიის განხრით კი არა, სამსახიობოზე განეგრძო და ჩააბარა კიდეც თეატრალურ ინსტიტუტში. იქ გაიცნო ოთარიც.
ოთარი და გურანდა
"კიბეზე ჩამოვდიოდი, ნუგზარ გაჩავამ მითხრა, ერთ წუთს გაჩერდი, ძალიან კარგ მსახიობს გაგაცნობ, რომელიც დარწმუნებული ვარ, კარგი არტისტი იქნებაო. სიამოვნებით - მეთქი. გავედით გარეთ და ოთარი იდგა, მაღალი, ცისფერთვალება, ნუგზარმა ეს არის ოთარიო, ახლა ჩონთას თამაშობს და წავიდეთ და ვნახოთო. მაშინ მამაჩემი იყო ჩამოსული და ვუთხრი, წამოდი, განახო, ასე ამბობენ, საოცარი არტისტიაო. ერთად წავედით, მართლა ძალიან კარგი იყო სპექტაკლში, თვითონ სპექტაკლი იყო არაჩვეულებრივი..." - იხსენბდა წლების მერე გურანდა.

მეღვინეთუხუცესი ცოტა მკაცრი, ცოტაც ჩაკეტილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, გურანდა კი მუდამ ხალისიანი, ფორიაქა და ხმაურიანი იყო; - როგორ გაუგეს ერთმანეთსო, - უკვირდა ყველას, მაგრამ ბედი ხომ უცნაური რამ არის, ზოგჯერ სრულიად საპირისპირო ხასიათის ადამიანებს შეახვედრებს ერთმანეთს და მერე სიცოცხლის ბოლომდე ერთ გზაზე ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვანაირები იყვნენ, მშვენივრად შეეწყვნენ ერთმანეთს. პაემანზე ოთარს ყოველთვის მიჰქონდა მისთვის ყვავილები. ერთხელ (მაშინ "კეთილ ადამიანებში" იღებდნენ), მეღვინეთუხუცესს დააგვიანდა. გურანდა ჯიუტად იდგა და ელოდა. იცოდა, ოთარს არ უყვარდა სიტყვის გატეხა, მით უფრო, არ სჩვეოდა პაემანზე დაგვიანება. გოგო ნერვიულობდა, რამე ხომ არ დაემართაო. როგორც იქნა, ოთარიც გამოჩნდა. შეწუხებული იყო, საყვარელ გოგონას ამდენი ხანი რომ აცდევინა ქუჩაში, პირდაპირ გადაღებიდან მოვდივარო, არც ყვავილები ჩანდა. გოგომ შვებით ამოისუნთქა და უცებ ოთარმა პიჯაკის უბიდან იები გამოაჩინა. უსაზღვროდ ბედნიერი გურანდა იის თაიგულს როგორც სასწაულს, ისე დაჰყურებდა.

გურანდა - 19 წლის, ოთარი კი 26 წლის იყო, ხელი რომ მოაწერეს. ოთარს პიჯაკი კი ჰქონდა საზეიმო დღეებისთვის გადანახული, იშვიათად იცვამდა ხოლმე, მაგრამ შესაფერისი შარვალი არ აღმოჩნდა მის მწირ გარდერობში. ხელმოწერამდე სამი დღით ადრე შარვალი თავისი ხელით შეუკერა ირაკლი უჩანეიშვილმა. მას ეხერხებოდა ასეთი რამეები და თავისთვისაც და მეგობრებისთვისაც ხშირად კერავდა ტანსაცმელს, განსაკუთრებით შარვალი გამოსდიოდა კარგად.

მალე ცოლ-ქმარი სამსახიობო ორომტრიალში ჩაება. შვილი გვიან გააჩინეს, გოგონა. მარიამი დაარქვეს. ოთარს ისე ნდომებია ვაჟი, რომ გოგოს დაბადებამ კარგა ხანს "დაამუნჯა". იმედი ჰქონდა, გურანდა მეორესაც გაუჩენდა, მაგრამ ტოქსიკური ორსულობის გამო ქალმა მეორედ ვეღარ გარისკა, რასაც ძალიან ნანობდა. რაც შეეხება ოთარს, ის ცუდად რომ იყო და უცხოეთში მკურნალობდა, ქალიშვილი გვერდიდან არ მოსცილებია. თბილისში დაბრუნებული გამოუტყდა ცოლს, ისეთი კარგი გოგო გვყავს, ორ ვაჟკაცს სჯობიაო.

გურანდას არაერთხელ უთქვამს, ოთარს არა აქვს იოლი ხასიათი, ყოველთვის ვერიდები, როცა უგუნებოდააო. ალბათ, ბევრ ქალს გაუჭირდებოდა მის გვერდით ცხოვრება, მაგრამ როცა ადამიანი ძალიან გიყვარს, მისი "სიმძიმეც" ასატანიაო. ერთხელ თურმე გურანდა შინ ხმამაღლა ლაპარაკობდა, თან ოთარს რაღაცებს ეკითხებოდა წარამარა, არადა, ოთარი სპექტაკლიდან დაღლილი იყო მოსული, დასვენება უნდოდა. ვინ მოასვენა?! ბოლოს, როცა ძალიან შეღონდა, თავისებურად შეჰყვირა: ქალო, რა დღეში ხარ ან როგორ მიბედავ ამდენ ლაპარაკსო... გურანდა გასუსულა. გაახსენდა, რომ მის ქმარს მეფეების როლები ჰქონდა ნათამაშები (ეკრანზე - მეფე გიორგი, სცენაზე კი - ოიდიპოსი) და გადაწყვიტა, რეალურ ცხოვრებაშიც ისე მოპყრობოდა ქმარს, როგორც მეფეს. იმ დღიდან კარგა ხნის განმავლობაში მეუღლეს ასე ელაპარაკებოდა: "რას მიბრძანებთ, მეფევ ბატონო" ან "რა გეამებათ სადილად, რა მოგართვათ?" ოთარი ჯერ ვერ მიხვდა ცოლის ეშმაკობას, შეიფერა კიდეც გადამეტებული ყურადღება და თავაზიანობა. მერე კი, როცა ხშირად მოხვდა მის ყურს "მეფევ ბატონო", გულიანად იცინა ცოლის ხრიკზე.

გურანდამ და ოთარმა ერთად განვლეს ცხოვრების აღმართ-დაღმართი. ბევრი სიხარულიც იგემეს და ტკივილიც. ოთარ მეღვინეთუხუცესი 2013 წლის 9 მაისს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გურანდა ოთარის ძეგლთან
"მასთან ერთად ეს წლები იყო უდიდესი ბედნიერება, ჩემზე ბედნიერი ქალი არავინ იყო, მაგრამ ყველაფერი დამთავრდა, ჩემთვის ვფიქრობ, ის ხომ არასდროს მოვა სახლში, მე კარს ვეღარ გავუღებ..." - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში გურანდა გაბუნია.

ახლობლები ამბობენ, რომ ოთარის წასვლის შემდეგ ის ორი სამყაროს გზაგასაყარზე ცხოვრობდა ისე, რომ საკუთარ არსებობაში ყოველდღიურად აცოცხლებდა ოთარს.

2019 წლის 4 თებერვალს გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში გარდაიცვალა...


მარინა ბაბუნაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

გიორგი
06 თებერვალი 2019 17:45
მშვენიერი სტატიაა! რა იქნებოდა, ავტორიც მიგეთითებინათ...
...
06 თებერვალი 2019 13:09
Natelshi yopiliyves mati sulebi
სვანი
06 თებერვალი 2019 10:00
საქართველოს კოლორიტი და ლეგენდა წყვილი, უნიჭიერესები და უსაყვარლესები, განუმეორებლები! ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროთ ორივეს უფალმა თქვენს საყვარელ სულს!!! აფსუს, ასეთი ადამიანები არ განმეორდებიან, მაგრამ უფალს ვთხოვ, რომ ქართველი ხალხი ერთმანეთის სიძულვილით აღარ დაკავდება და გაიზრდებიან ქალბ. გურანდასა და ბატ. ოთარისნაირი უნიჭიერესი, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მოყვარული ღირსეული ქართველები!!!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?