"შენ მოიტან მწნილს, შენ კარტოფილს მოხარშავო... ასე მხიარულად გაგვატარებინა ოთხმოცდაათიანი წლების სიბნელე და შიმშილი" - კვირის პალიტრა

"შენ მოიტან მწნილს, შენ კარტოფილს მოხარშავო... ასე მხიარულად გაგვატარებინა ოთხმოცდაათიანი წლების სიბნელე და შიმშილი"

ცნობილი ქართველი მსახიობი გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მისი მეგობრები და კოლეგები მომხდარს გულისტკივილით ეხმაურებიან:

კახი კავსაძე, მსახიობი: - ქუჩაში ვიყავი, როცა დამირეკეს და გურანდას გარდაცვალება შემატყობინეს, ცუდად გავხდი, გავგიჟდი, ძალიან მეწყინა, კაცო, ახლაც არ მჯერა.. ადრეული ახალგაზრდობიდან ერთად მოვდივართ, სულ ერთად ვიყავით, გურანდა ყველგან ყველაფერს ესწრებოდა. მერე ჩვენც არტისტები გავხდით, თანაც ცნობილები... გურანდა გაბუნია

საოცარი ქალი იყო, იმხელა სიყვარული შეეძლო, ზოგიერთს კიდეც აღიზიანებდა თავის უზომოდ დიდი კეთილგანწყობით. თუმცა ასეთი იყო და ამით იყო გამორჩეული! სამაგალითო იყო გურანდას და ოთარის წყვილი! გურანდა მთელი ცხოვრება თან გადაყვა ოთარს, ერთმანეთით იყვნენ ძლიერები!

ელდარ შენგელაია, რეჟისორი:

- ძალიან სამწუხაროა გურანდა გაბუნიას წასვლა ამ ქვეყნიდან... ძალიან ნიჭეიერი და საოცრად მეგობრული ადამიანი იყო, ნამდვილი კოლორიტი! ძალიან კარგი სახეები შექმნა თეატრში! იმდენად უყვარდა მეუღლე, კიდევ დიდხანს იცოცხლა ოთარ მეღვინეთუხუცესის გარდაცვალების შემდეგ...

ნიკოლოზ წულუკიძე, თეატრმცოდნე: - ჩვენი მეგობრობა და ნაცნობობა ძალიან უცნაურად დაიწყო: მე მათი მეზობელი ვიყავი, აღმაშენებლის გამზირზე გვერდიგვერდ ვცხოვრობდით. უშუქობა, რომ იყო, ჩვენი სამეზობლო გზას კეტავდა ხოლმე... გურანდა გზის გადაკეტვის თავი და თავი იყო. გვეტყოდა - 108 ნომერის სახლის ხალხი ხილ-ბოსტანთან დადგებით, 112 ხალხი გასტრონომთან, ახალგაზრდები წინ, მოხუცები ცეცხლთანო და ასე გადაგვანაწილებდა... შენ მოიტან მწნილს, შენ კარტოფილს მოხარშავო და ასე ბედნიერად გაგვატარებინა გურანდამ ოთხმოცდაათიანი წლები - სიბნელე და შიმშილი... იქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა და ეს არ იყო ჩემი და გურანდას, ოთარის მეგობრობა, არამედ ოჯახები დავმეგობრდით.

ნიკა წულუკიძე გურანდა იყო არაჩვეულებრივი ადამიანი. ძალიან ბევრს ეხმარებოდა. ვინც უყვარდა ბოლომდე უყვარდა და თან გადაყოლილი იყო. იმდენ ადამიანს ეხმარებოდა და უნაწილებდა თავის შემოსავალს, პირდაპირ გაოგნებული ვრჩებოდი... გურანდა, მაღაზიის გამყიდველები და ჩვენი ქუჩა, ცალკე ფილმის სცენარია.

ვინც არ უყვარდა, არ ეთამაშებოდა და პირდაპირ ეუბნებოდა, რომ არ უყვარდა. ამითაც განსაკუთრებული იყო.

ძალიან ძნელია ჩემთვის დაჯერება რომ აღარ არის და წარსულში მიწევს მასზე საუბარი. მას ჩემს შვილთანაც, მეუღლესთანაც დიდი მეგობრობა აკავშირებდა... ოთარი, რომ გარდაიცვალა, გურანდამ მითხრა, ოთარმა შენ ჩაგაბარა ჩემი თავი და მიპატრონეო. მართლაც ბევრი ადამიანი ჰყავდა ირგვლივ, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ერთად ვიყავით. მე ასეთი იუმორის და თანამედროვედ მოაზროვნე ქალი ცოტა მინახავს. ჩემთვის გამორჩეული მსახიობი იყო, უზომოდ მიყვარდა მისი ნახვა სცენაზე, რადგან ყოველთვის განსაკუთრებულად კარგი იყო!

ოთარი და გურანდა საოცარი წყვილი იყო, დიდი სიყვარული! ვარ მომსწრე რომელ სპექტაკლშიც ოთარ მეღვინეთუხუცესი თამაშობდა და გურანდა გაბუნია არა, გურანდა მიაკითხავდა ხოლმე, ელოდებოდა სპექტაკლის დამთავრებას და სახლში მიაცილებდა... როგორც პატარა გოგო და ბიჭი, ხელჩაკიდებლი კი არა, თითჩაკიდებული მისეირნობდნენ "პლეხანოვზე". ეს დიდი სიყვარული არასოდეს არ დამთავრდება და იქაც გააგრძელებენ... ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურანდა გაბუნია

ერთ ამბავს მოგიყვებით, ბათუმში ჩემზე გადაცემას ამზადებდნენ და გურანდას სიტყვა თხოვეს. მისთვის ყველაზე მთავარი ოთარი იყო, სულ მასზე საუბრობდა და ხუმრობით უთხრეს ნიკაზეა გადაცემა და იქნებ მასზე გვითხრათო... მაქებს, მაქებს და კი გამიკვირდა, როგორ მაქო ამდენი, ოთარი რომ არ ახსენა-მეთქი და ბოლოს დაამთავრა - ოთარი არ არის, მაგრამ ნიკაც კარგი ბიჭიაო... ასეთი იყო ჩვენი ულამაზესი ურთიერთობა!

რეზო ჩხიკვიშვილი, მსახიობი: - ქალბატონი გურანდა აღარ არის, მიჭირს ამის დაჯერება. ბოლო ხანს უკვე მერამდენე კარგმა ადამიანმა დატოვა ეს ქვეყანა...

გურანდა მახსოვს უზომოდ ენერგიული, აქტიური, მებრძოლი, ემოციური, თავისებურად მოსიყვარულე, ნიჭიერი მსახიობი! მე არ დამავიწყდება მისი გამოსვლა ერთ-ერთ გადაცემაში. მაშინ ბატონი ოთარი ახალი გარდაცვლილი იყო. ეს გადაცემა ყველამ უნდა ნახოს, რომ გაიგოს, შეიგრძნოს, თუ რა არის ნამდვილი, ჭეშმარიტი სიყვარული! რამხელა ბედნიერებაა, რომ ეს სიყვარული არსებობს!

რუსთავის თეატრიდან მარჯანიშვილის თეატრში გადმოსვლა, ამხელა, ბუმბერაზ მსახიობებთან მუშაობა მან და ოთარმა გამიადვილეს! არასოდეს დამავიწყდება ჩვენი თეატრის გასტროლები - "ოტელოთი“ ბელგიაში, გერმანიასა და იაპონიაში, სადაც ის ჩვენთვის ყოველთვის მზრუნველი გურანდა იყო!

ძალიან მტკივა გული!

"მამას ძალიან ჰგავს, მისი ასლია"- რას ჰწყვებოდა გურანდა გაბუნია ერთადერთ ქალიშვილზე

ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "ოთართან ერთად ეს წლები იყო უდიდესი ბედნიერება, ჩემზე ბედნიერი ქალი არავინ იყო, მაგრამ ყველაფერი დამთავრდა..."

(სპეციალურად საიტისთვის)