რატომ ადანაშაულებენ 44 წლის ქალის გარდაცვალებაში ახლობლები ექიმებს? - რა მოხდა ფოთში? - კვირის პალიტრა

რატომ ადანაშაულებენ 44 წლის ქალის გარდაცვალებაში ახლობლები ექიმებს? - რა მოხდა ფოთში?

ფოთში 44 წლის ქალის გარდაცვალებაში ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ. გარდაცვლილის ახლობლების განმარტებით, ქალი აპენდიციტის შეტევით საავადმყოფოში სასწრაფო დახმარებამ 04:00 საათზე მიიყვანა, თუმცა მას ოპერაცია 14:00 საათზე ჩაუტარდა.

გარდაცვლილის ნათესავის, ლანა ტყებუჩავას განცხადებით, პაციენტის გარდაცვალება აპენდიციტის გასკდომით ორგანიზმის მოწამვლამ გამოიწვია.

„მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, ღამის მორიგე ექიმმა დილამდე ექიმები არ გამოიძახა და შუადღემდე ოპერაცია არ გაუკეთეს. ჩემს ნათესავს ოპერაცია გაუკეთდა და მესამე დღეს სახლში გამოუშვეს, თუმცა ისევ ცუდად გახდა და საავადმყოფოში მივაბრუნეთ. გართულებული მდგომარეობის გამო იძულებული გახდნენ ქუთაისის სამედიცინო ცენტრში გადაეყვანათ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ქალი დაიღუპა. ყველაფერი ექიმების დაუდევრობის და უპასუხისმგებლობის ბრალია. ახლა ველოდებით ექსპერტიზის პასუხს და შემდეგ დავიწყებთ სამართლებლივ ბრძოლას. მოვითხოვთ დაიხუროს ეს საავადმყოფო, გათავისუფლდნენ ექიმები, რომლებსაც ამაში ბრალი მიუძღვით“, - განაცხადა ლანა ტყებუჩავამ.

ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმის, თეა დანელიას თქმით, პაციენტი კლინიკაში მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით მიიყვანეს და მას ყველა შესაბამისი პროცედურა ჩაუტარდა.

კლინიკაში გარდაცვლილი ოჯახის პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ ყველა კითხვას შიდა კლინიკური კვლევის შემდეგ გაეცემა პასუხი.

"ინტერპრესნიუსი"