"ყველაფრის გამო შეეძლოთ ადამიანები დაეხვრიტათ..." - კვირის პალიტრა

"ყველაფრის გამო შეეძლოთ ადამიანები დაეხვრიტათ..."

საუკუნის ტოლი ქალბატონის საინტერესო მოგონებები

ერთი საუკუნის არის. მიმდინარე წლის 12 დეკემბერს 100 წელი შეუსრულდება და იმდენად ნათელი გონება აქვს, ესა თუ ისე ფაქტი ისეთ დეტალებში ახსოვს, ძნელია დაიჯერო, რომ საუკუნის ტოლ ადამიანს ესაუბრები... ალექსანდრა (შურა) სოსელია სენაკის რაიონში დაიბადა, მაგრამ 30-იანი წლების მიწურულს, მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. ფაქტობრივად, მის თვალწინ აშენდა თბილისი, რომელიც მაშინ სულ ორი-სამი რაიონისა და ქუჩისგან შედგებოდა...

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"ბებია ექიმბაში იყო და მუდმივად ერთი სოფლიდან მეორეში დადიოდა, პაციენტებისთვის რომ მიეხედა. მახსოვს, განსაკუთრებით ბევრი ბავშვი ჰყავდა და მათ თავისებურად მკურნალობდა. ზოგჯერ ბებიას პაციენტთან მივყავდი და იმ ბალახების შესაგროვებლადაც, რომლისგანაც შემდეგ სამკურნალო მალამოებსა და ნაყენებს ამზადებდა. მახსოვს, ერთსა და იმავე სეზონზე, მდინარის პირას ამოსულ რაღაც ბალახს ვაგროვებდით. მიხსნიდა, ეს ანთებას შველის, ეს შინაგან ტკივილებს აყუჩებსო..."

"ზოგი ბავშვი უბრალოდ, უჭმელობისგან იყო დასუსტებული და მას სახლში იტოვებდა, თავად უვლიდა, ცხელ რძეს ასმევდა, ხაჭოსა და მაწონს აჭმევდა, რომ მოეძლიერებინა... ასეთ დასუსტებულ და გასაცოდავებულ ბავშვს რომ მოიყვანდნენ, პირჯვარს გადაიწერდა, - უფალო, მომმადლე ძალა და ეს ანგელოზი გადამარჩენინეო... მისი სიტყვები დღემდე ყურებში ჩამესმის..."

"ჩვენს ქუჩაზე ყოველდღე ჩამოივლიდა კონსტანტინე გამსახურდია. ფეხით მოდიოდა, ხელში ჯოხი ეჭირა და შავი ქუდი ეხურა. ასევე, ხშირად ჩამოივლიდა იოსებ ნონეშვილი, რომელიც საოცრად თბილი ადამიანი იყო, უცნობსა თუ ნაცნობს, ყველას ესალმებოდა. სტუდენტობისას, ჩვენს ეზოში მდგმურად ცხოვრობდა პროფესორი ფრიდონ თოდუა. ძალიან კარგი ადამიანი იყო, კულტურული, თავდაჭერილი და ზრდილობიანი..."

"ერთხელ გაგვქურდეს, სახლი გააღეს და რაც კი გვებადა, ყველაფერი წაიღეს. ეს დიდ ტრაგედიად აღვიქვით. შემდეგ გაირკვა, რომ ჩვენს მეზობლად ქურდი ცხოვრობდა, ეზოსა და უბანში არ იპარავდა, მაგრამ სულ ციხეში იჯდა. ეტყობა, მისნაირი ჰყავდა სახლში და იმან დაარიგა, გასაღებით გაუღია ჩვენი ბინა და რაც გვეცვა, იმის ანაბარა დაგვტოვა. ეს ამბავი მაშინ ძალიან გახმაურებული იყო..."

"მთელ თბილისს კოშმარად ახსენდება რეპრესიები, განსაკუთრებით მძიმე წლები იყო "სტალინის კულტივაციის" პერიოდი. ადამიანებს ყველაფრის გამო იჭერდნენ; ქუჩაში ორი-სამი კაცი თუ იდგა, მილიცია ჩაავლებდა ხელს და ან სამუშაოზე მიჰყავდათ, ან პირდაპირ ციხეში შეუძახებდნენ. მათთვის შეეძლოთ ყველანაირი დანაშაული დაებრალებინათ..."

"ერთ-ერთ კრებაზე ზემდგომი პირი, მაღალჩინოსანი გააკრიტიკა ქრთამის აღებისა და სხვა დარღვევების გამო. როგორც აღმოჩნდა, იმ კაცს გავლენები ჰქონდა. შედეგად, ჩემი დეიდაშვილი "ხალხის მტრად" შერაცხეს და ციხეში გაუშვეს, სადაც ცოტა ხანში მოკლეს კიდეც... ვერავინ ვერაფერი დაამტკიცა. ასეთი იყო სისტემა..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 7 თებერვლის ნომერში წაიკითხავთ.

ლალი პაპასკირი