"წლების წინ ვინმეს რომ ეთქვა, 4 შვილის დედა იქნებიო, სიცილით მოვკვდებოდი" - კვირის პალიტრა

"წლების წინ ვინმეს რომ ეთქვა, 4 შვილის დედა იქნებიო, სიცილით მოვკვდებოდი"

ყველას არ ძალუძს, თანაბრად წარმატებული იყოს კარიერაშიც და ოჯახშიც. იშვიათ გამონაკლისთა შორისაა 4 შვილის დედა თეა დარჩია. ის 30 წლის განმავლობაში ცეკვავდა "სუხიშვილების" ანსამბლში. უფროს ქალიშვილთან ერთადაც იდგა სცენაზე. ცოტამ თუ იცის,

რომ თეა ერთხანს კარატეთი იყო გატაცებული და შავი ქამრის მფლობელიც გახდა. ცნობილია, რომ "სუხიშვილების" ფუძემდებელი ნინო რამიშვილი მაინც და მაინც დიდი სიხარულით არ ხვდებოდა მოცეკვავე გოგონების გათხოვებას. აი, რას იხსენებს "კვირის პალიტრასთან" თეა დარჩია:

- ანსამბლის გოგოების გათხოვებას როგორ ეგუებოდა ქალბატონი ნინო?

- კარგა ხანს ვერ ინელებდა. "შას ტი პაპრავიშსია! პოტერიაეშ ფორმუ! რა გეჩქარებოდა!" ისე, მართალი იყო. თუმცა, პირველი და მეორე მშობიარობიდან 40 დღეში უკვე სარეპეტიციო დარბაზში ვიდექი და 55 კილოგრამს ვიწონიდი.

19 წლის გავთხოვდი, 20 წლისას მარიამი მყავდა. წლების წინ ვინმეს რომ ეთქვა, 4 შვილის დედა იქნებიო, სიცილით მოვკვდებოდი. ანსამბლში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, ელგუჯა მათიაშვილი და უკვე 27 წელია ერთად ვართ. მარიამი ჩემთან სტუდიაში ცეკვავდა და 14 წლის ასაკში გამომიცხადა, "სუხიშვილებში" შემიყვანეო. ისე მოინდომა, რომ დასძლია პროგრამა. 1 წლის შემდეგ ნინომ და ილიკომ ჩასვეს ანსამბლში.

- დედა-შვილს ერთმანეთს გადარებენ?

- გრიმით და მანერით სცენაზე ძალიან ვგავართ. დეკრეტში რომ გავედი მესამე ბავშვზე, არაერთმა მითხრა, რატომ იტყუები, სცენაზე გნახეთო. მარიამი ვეგონე ყველას.

ბევრი კარგი რამ ვნახე ცხოვრებაში. თითქმის ყველა ამქვეყნიური სიკეთე გამოვცადე და ერთ დღეს მივხვდი, რომ დავიღალე. 38 წლის ასაკიდან ეკლესიური ცხოვრება დავიწყე. ყველაფერი თავისთავად მოხდა. აღდგომის წინა დღეები იყო, გასტროლიდან ჩამოვედით. ჩემი ოჯახი ტაძარში მიდიოდა, მე წამოვწექი, დავისვენებ-მეთქი. ჩემმა მეორე შვილმა, მირიანმა მკითხა, დედა, შენ ღმერთი არ გწამსო? შევცბი, როგორ არა-მეთქი. თუ ასეა, რატომ არ მოდიხარ ჩვენთან ერთად ეკლესიაშიო? ავდექი და წავყევი. იმ დღიდან დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება.

- ანსამბლიდან როდის წამოხვედით?

- მეოთხე შვილის, გაბრიელის დაბადების შემდეგ პენსიაზე გავედი. დღეს სტუდიაში ვმუშაობ ბავშვებთან. ახლა მარიამია "სუხიშვილების" მოცეკვავე. მირიანს მაინცდამაინც არ ხიბლავს ცეკვა, მანქანების დიზაინი აინტერესებს. ჯერ არ ვიცი, პატარები რა გზას დაადგებიან, მაგრამ აშკარად შემოქმედებითი ბავშვები არიან.

- როგორ ახერხებთ, იყოთ საქმიანი ქალი და სამაგალითო დედა?

- ძიძა და დამხმარე არასდროს გვყოლია. გადანაწილებული გვაქვს დრო. მეუღლე ტოროლაა ბუნებით, მე - ბუ, - დილის 5 საათამდე არ მძინავს, ღამით ვამზადებ სადილს, ვრეცხავ, ვაუთოებ.

მე დილის ძილი მჭირდება, რომ მეორე დღეს ქმედითი ვიყო. ამიტომ დილით მეუღლე აცილებს ბავშვებს ბაღშიც, სკოლაშიც.

"დე, მიყვარხარ" - ეს ის ფრაზაა, რომელსაც ხშირად მიმეორებენ ჩემი შვილები. ამის მოსმენა ქალისთვის ბედნიერებაა.

ეკა სალაღაია