"რამდენჯერმე თუ "მოღალატე" მიწოდეს, უკვე ამასაც შევეჩვიე"
"რამდენჯერმე თუ "მოღალატე" მიწოდეს, უკვე ამასაც შევეჩვიე"
"სალომე ზურაბიშვილი დღეს არ გამიცნია - 15 წელია, ოჯახებით ვმეგობრობთ"

იშვიათად თუ მოიძებნებოდა ადამიანი, ვინც ულამაზესი თაკო ჩხეიძის მიმართ უარყოფითად იყო განწყობილი, თუმცა შარშანდელი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, როცა თაკომ და მისმა მეუღლემ სალომე ზურაბიშვილს წინასაარჩევნო კამპანიისთვის თანხა შესწირეს, ხალხის ნაწილი გაღიზიანდა... სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, საზოგადოების მითქმა-მოთქმა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე თაკოს მეუღლის - რუსლან აბაშიძის დანიშვნის შესახებ ინფორმაციამ გამოიწვია... თაკო ჩხეიძეს სააგენტოში ვესტუმრეთ
და მეტ-ნაკლებად ყველა საკითხზე ვესაუბრეთ, რაც საზოგადოებისთვის შესაძლოა, საინტერესო იყოს...

- თაკო, როდის გააცნობიერეთ საკუთარი მომხიბვლელობა?
- ალბათ, როცა მოდელობა დავიწყე და ამ საქმეში წარმატებებს მივაღწიე. ჩვეულებრივად ვიზრდებოდი: სკოლაში, მუსიკაზე, ცეკვაზე დავდიოდი. ბებია-ბაბუის განებივრებული შვილიშვილი გახლდით. ჩემი გარეგნობა "ხაზგასმული" არ ყოფილა, პირიქით - ყოველთვის
მეგობრებზე მაღალი ვიყავი და მსურდა, უფრო დაბალი ვყოფილიყავი (იცინის).

- როგორ ფიქრობთ, სამოდელო სფეროს გარდა, სად შეიძლებოდა გემუშავათ?
- ექიმების ოჯახიდან ვარ. ბავშვობაში ჯერ ექიმობა მინდოდა, მერე - მასწავლებლობა... კონკრეტულად არ ვიცი, მაგრამ ხელოვნების სფეროში ვიტრიალებდი.

- საქართველოში სამოდელო სფეროს, სილამაზის კონკურსებს, მოდელების დონეს როგორ შეაფასებთ?
- როდესაც მოდელობა დავიწყე, მაშინ ძალიან განსხვავებული, კარგი პერიოდი იყო: ბევრი ჩვენება იმართებოდა, რასაც კომერციული სახე ჰქონდა - ჩვენებაზე დასასწრები ბილეთები იყიდებოდა. იყო მოდის ფესტივალები, ავანგარდული მოდის ასამბლეა... მაკა ასათიანის მუშაობის პერიოდში განსხვავებულ ჩვენებაში ვმონაწილეობდი. ბევრი ვიმოგზაურე. წლების განმავლობაში, უცხოეთში ცხოვრება მომიხდა, რამაც დიდი გამოცდილება შემძინა, ეს სფერო უფრო სერიოზულად დავინახე. საქართველოში დაბრუნებულმა სამოდელო სააგენტო - "ჯეო მოდელსი" დავაარსე, რომელიც დღეს ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი სააგენტო გახლავთ. მუდმივად ახალი სახეების ძიებაში ვართ - კასტინგს თავადაც შეესწარით... ახლახან რამდენიმე გოგო დემნა გვასალიას "ვეტმანის" ჩვენებაში (პარიზში) მონაწილეობდა, რამდენიმე კი - მილანში იმყოფება... ყოველთვის მსურდა, მოდის სფეროს განვითარებისთვის ხელი შემეწყო. ჩემი პროექტები ყოველთვის ამ მიზნისკენ არის მიმართული. მინდა ნიჭიერ დიზაინერებსა თუ მოდელებს ხელი შევუწყო, შემდეგ კი მათ პოპულარიზაციაში მონაწილეობა მივიღო. მგონი, კარგად გამოგვდის, რადგან თუნდაც "თბილისის ფეშენ ვიკი" საქართველოში მოდის ინდუსტრიის განვითარების საწყისი ეტაპი გახლავთ... საერთოდ, კონკურსების მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, მაგრამ ყველგან ტარდება და მივესალმები. თავადაც, 2000 წელს Best Model Of The Georgia გავხდი და საერთაშორისო კონკურსზე Miss Grace-ის ნომინაციაში გავიმარჯვე... კონკურსების ჩატარებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ მგონია, კარგი გარეგნობის გოგონები კონკურსებში მონაწილეობისგან თავს იკავებენ. არ ვიცი, ეს რისი ბრალია.
დემნა გვასალიასთან ერთად
- დემნა გვასალიასთან საქმიანი ურთიერთობაც გაქვთ და მეგობრობთ კიდეც. გვიამბეთ, როგორია საქმესა და პირად ურთიერთობაში?
- უკვე 9 წელია, რაც ჩვენი ურთიერთობა არსებობს. ჩვენი საქმიანობის სფეროდან დავახლოვდით. დღეს წარმატებით ვთანამშრომლობთ: უკვე მეორედ, დემნას ჩვენებაში, პარიზში ქართველი მოდელები მონაწილეობდნენ. დემნა ურთიერთობაში ძალიან უშუალო, უბრალო, არაამბიციურია, რასაც ძალიან ვაფასებ. ის გენიოსია, რადგან ჩვენი ქვეყნის მოდისთვის, მოდის ინდუსტრიის განვითარებისთვის ბევრ რამეს აკეთებს. დღეს ქართული მოდა რომ განვითარებულია, ეს დემნა გვასალიას დამსახურებაა, რადგან მსოფლიო პრესის წარმომადგენლები "დემნას ქვეყანაში" ჩამოდიან და აქაურობას აკვირდებიან.

- თქვენი აზრით, დემნას კოლექციები, ჩვენებები მსოფლიოს რით იზიდავს?
- მოდის კრიტიკოსი არ ვარ, რომ შევაფასო, მაგრამ ჩემს აზრს გეტყვით: რა თქმა უნდა, დემნას კოლექციებში იუმორი იგრძნობა, ასევე ინსპირაციაც მისი წარმოშობის შესახებ - საიდან მოდის და რა გზა გაუვლია. მისი ყოველი კოლექცია, ჩვენება მსოფლიოსთვის რაღაც კონკრეტული მესიჯია. ის ისეთ მოდას ქმნის, რომელიც მთელ მსოფლიოს მოსწონს - არაერთი ცნობილი ადამიანი მისი მომხმარებელია...

- თაკო, 3 შვილის აღზრდას და თქვენი კარიერის განვითარებას წარმატებით ახერხებდით თუ ამ ორ საქმეში ბალანსის დაცვა გიჭირდათ?
- ვცდილობ, დრო სწორად გავანაწილო: არც ჩემს საქმეს მოვაკლდე და არც - შვილებს. საკმაოდ შრომატევადი საქმე მაქვს. ადამიანს ძლიერი და ერთგული გუნდი თუ არ გყავს, ძალიან გაგიჭირდება - მარტო წარმატებას ვერ მიაღწევ. ჩემი წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო ჩემი გუნდია, რომელიც ძალიან მიყვარს და ვაფასებ... დასვენების დღეებს მხოლოდ შვილებთან ერთად ვატარებ. დღის განმავლობაში, ისინიც დაკავებულები არიან და მეც. "თბილისის ფეშენ ვიკის" პერიოდში უფრო მეტად დაკავებული ვარ, მაგრამ ოჯახის წევრები მიგებენ - მათგან თანადგომას ვგრძნობ. სხვათა შორის, შვილებისთვის რჩევა ბევრჯერ მიკითხავს. თან, უკვე გაიზარდნენ და აანალიზებენ, დედა რას აკეთებს. ჩემი საქმეების შესახებ მათ ხშირად ვუყვები, რაც მოსწონთ. ადამიანისთვის ბავშვებთან ურთიერთობა პირველი ანტისტრესია. ბავშვები, მათთან ერთად გართობა (კინოში სიარული, სპექტაკლზე თუ კონცერტზე დასწრება, ხატვა, თამაში) ძალიან მიყვარს...
თაკო ჩხეიძე მეუღლესთან ერთად
- თქვენს შვილებს რა ინტერესები აქვთ?
- მოგეხსენებათ, 3 ვაჟი მყავს: უფროსი 18 წლის არის, შუათანა - 9-ის, უმცროსი კი 7-ის. უფროსი უცხოეთში სწავლობს - პირველ კურსზეა. უმცროსები სკოლაში დადიან, სპორტით არიან დაკავებულები, თხილამურებით კარგად სრიალებენ. ვცდილობთ ყოველ შაბათ-კვირას სასრიალოდ ვიაროთ. ინტერესიანი ბავშვები არიან, ამ ინტერესს კი მშობლების მხრიდან გაღრმავება სჭირდება. ლეგოები, რაღაცების აწყობა მოსწონთ. როგორც ყველა ბავშვს, მათაც გართობა უნდათ, თუმცა ვიცით, რომ სკოლისთვის განკუთვნილი პერიოდი მეცადინეობისთვისაა საჭირო, დასვენების დღეებში კი ბოლომდე ვერთობით.

- ოდესმე სასოწარკვეთილ დიასახლისად გიგრძნიათ თავი?
- დიასახლისად მიგრძნია და ვგრძნობ კიდეც, მაგრამ სასოწარკვეთილად - არა (იცინის). ცუდი ხასიათისთვის დრო არ მაქვს. გარემო, სადაც ვცხოვრობ და გარშემო მყოფები, ჩემი საქმე მიყვარს. როცა ვიღვიძებ, ვხვდები - ცხოვრება მშვენიერია.

- როცა საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, თქვენ და თქვენმა მეუღლემ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატს - სალომე ზურაბიშვილის თანხა შესწირეთ, ამას საზოგადოების გარკვეული ნაწილის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ამის გამო დისკომფორტი არ გიგრძნიათ?
- სალომე ზურაბიშვილი დღეს არ გამიცნია - 15 წელია, ოჯახებით ვმეგობრობთ. მისი ქართული და იმავდროულად, ევროპული შეხედულებები ძალიან მომწონდა. გამიხარდა, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგა, რადგან დარწმუნებული ვარ, მისი ხედვები და გამოცდილება ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება... მისი საარჩევნო კამპანიისთვის თანხის შეწირვა იყო ჩემი და ჩემი ოჯახის მხარდაჭერა - ასე მივიჩნიეთ საჭიროდ. პოლიტიკასა და ნეგატივზე საუბარი არ მინდა. სალომეს რთული პერიოდი ჰქონდა, გვერდით არავინ ედგა, არადა, თანხები იყო საჭირო, რომ ელემენტარულად, საარჩევნო კამპანია ეწარმოებინა. მისი ახლო მეგობრები, გარშემო მყოფები შეიკრიბნენ, რომ მხარში ამოსდგომოდნენ. უბრალოდ, რაკი მე ცნობილი ვარ, ჩემგან საზოგადოებამ სხვაგვარად აღიქვა. სალომეს წინააღმდეგ მიმართული კამპანია ძალიან ბინძური იყო. სამწუხაროდ, ამ უარყოფით ტალღაში ყველა ის ადამიანი მოვხვდით, ვინც მას მხარს ვუჭერდით. პირადად მე, ყველას აზრს პატივს ვცემ: ვიღაცას ეს მოსწონს, ვიღაცას - ის. ამის გამო მეგობარი არასოდეს დამიკარგავს. პირდაპირ გეტყვით: ჩემს საქმე ყოველთვის სიყვარულით ვაკეთებ და ჩემ შესახებ წინათ ცუდი არაფერი გამიგონია. წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც მწერდნენ, - მოღალატე ხარო, თავდაპირველად გულზე მხვდებოდა, ახლა ამაზე უკვე მეცინება. სიტყვა "მოღალატეს" ასე ადვილად "ისროდნენ"... რა თქმა უნდა, არასასიამოვნო პერიოდი იყო, მაგრამ მაინც მჯეროდა, სალომე გაიმარჯვებდა. როგორც ვიცი, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი პირველი ოფიციალური ვიზიტიდან, რომელიც ძალიან წარმატებული იყო, ახლახან დაბრუნდა. დარწმუნებული ვარ, ჩვენთვის ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს და იმ ადამიანებს, ვინც სალანძღავად ასე ადვილად გვიმეტებდა, ცოტათი მაინც შერცხვებათ (იღიმის).
თაკო ჩხეიძე სალომე ზურაბიშვილთან ერთად
- გაპრეზიდენტების მერე, ქალბატონი სალომე პირადად, მეგობრულ გარემოში თუ ნახეთ?
- ბევრი საქმე აქვს, ძალიან დაკავებულია, მაგრამ მუდმივად ვკონტაქტობთ.

- ზოგი მიიჩნევს, რომ თქვენი და თქვენი მეუღლის მიერ ქალბატონი სალომესთვის შეწირული თანხა ფულის ერთგვარი "დაბანდება" იყო თქვენი მეუღლის ამჟამინდელ თანამდებობაში...
- ჩემი მეუღლე 25 წელი საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, სხვადასხვა ქვეყნის ელჩი იყო. იმ თანამდებობაზეც უმუშავია, რაც ახლა უკავია. მისთვის ეს საქმე ახალი არ არის. ამ თანამდებობის დაკავება დიდი ხნით ადრე შესთავაზეს, ვიდრე ქალბატონი სალომეს საარჩევნო კამპანია დაიწყებოდა. ბუნებრივია, რომ ახლა ამ ფაქტს რაღაცას "მიაბამდნენ", მაგრამ ეს ასე არ არის: ჩემი მეუღლე ერთ-ერთი ძალიან კარგი კადრი გახლავთ, რომელიც აფხაზეთთან და ოსეთთან მოლაპარაკებისას გამოადგებათ, რადგან ამ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და თავადაც წარმოშობით აფხაზეთიდან (გაგრიდან) არის.

- დაბოლოს, რას ნიშნავს, იყო პოპულარული?
- პოპულარობა სასიამოვნოა - ადამიანი ყოველდღიურად ხალხის სიყვარულს რომ გრძნობ, ეს მეტ სტიმულს გაძლევს, უფრო მეტი კარგი რამ გააკეთო, მაგრამ მეორე მხრივ, ეს ცოტათი რთულია: გამუდმებით წნეხის ქვეშ ხარ, თუმცა პირადად მე, საარჩევნო კამპანიამდე, ცუდი არაფერი მიმიღია. რამდენჯერმე თუ "მოღალატე" მიწოდეს, უკვე ამასაც შევეჩვიე (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი "გზა"

სოსო
10 თებერვალი 2019 03:33
თაკო ჩხეიძე,თაკო ჩხეიძეა და რამდენი ტალახიც უნდა შეასხან,მას ვერაფერი გაეკარება.ვინც მას მოღალატეს ეძახის,ისინი კი ნაცები არიან და ნაცები,ხალხად ვეღარ ჩაითვლებიან.ჰომო ამორალუსები,ამორალური ადამიანები.
ნ.გ
09 თებერვალი 2019 17:32
უნიკალური პიროვნებაა თაკო ჩხეიძე, მას რომ ვიყურებ და ვუსმენ ოპტიმიზმი მიპყრობს. დინჯად, მშვიდად, გულმოდგინედ...სუფთა როგორც შინაგანად, ისე გარეგნულად, მუდამ მოწესრიგებული და ბუნებრივი. თაკო, მე თქვენი დიდი ხნის თაყვანისმცემელი ვარ, მას შემდეგ რაც ეკრანზე დაგინახეთ, ზუსტად ვიცოდი როგორი მინდოდა მომავალში ვყოფილიყავი. წარმატებებს და ულევ სიხარულს გისურვებთ ოჯახთან ერთად.
იზო
09 თებერვალი 2019 15:04
მიყვარს ეს წყვილი –საოცრად გულთბილი , თავმდაბალი და კეთილშობილი ახალგაზრდები არიან...

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები