"გარდამავალი დემოკრატიის ხანაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელ მედიას" - კვირის პალიტრა

"გარდამავალი დემოკრატიის ხანაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელ მედიას"

"სპეციალურად ქართული ჟურნალისტიკის განვითარებისთვის სამ პროგრამას ვიწყებთ"

აშშ-ში განათლების მიღება, მით უფრო, პროფესიული გამოცდილების შეძენა, არაერთი ქართველის ოცნებაა. სექტემბერში, მაშინ, როცა ახალი სასწავლო წელი იწყება, აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა თავის რეზიდენციაში მიიწვია ქართველი მოქალაქეები, რომლებმაც საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით უკვე მიიღეს ცოდნა, პროფესიული გამოცდილება შეიძინეს და საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოწინავე ადამიანებად იქცნენ.

"აქ არიან როგორც სამეცნიერო, ასევე საგანმანათლებლო სფეროს ელიტის წარმომადგენლები. თქვენ წინაშე წარმოდგენილია საკმაოდ მრავალფეროვანი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც ერთი საერთო ნიშან-თვისება აერთიანებს, - ყველა იღებდა გამოცდილებასა და ცოდნას აშშ-ში. აშშ ინვესტირებას ახორციელებს საქართველოში და მისი განათლების სფეროს გაუმჯობესებაში წვლილი შეაქვს", - განაცხადა ამერიკის ელჩმა ჯონ ბასმა.

"კვირის პალიტრა" შეეცადა დაწვრილებითი ინფორმაცია მოეპოვებინა იმ პროგრამების თაობაზე, რომელთა განხორციელება იგეგმება.

სინთია უიტლსი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი: - პროგრამებისთვის, რომლებიც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მეშვეობით ხორციელდება, ყოველწლიურად 4 მილიონი დოლარია გამოყოფილი.

ამას ემატება სხვა ხარჯებიც, რომელთა დაზუსტება გამიჭირდება, რადგან, როდესაც ქართველი ახალგაზრდები გაცვლითი პროგრამებით აშშ-ში მიგვყავს, მათი მასპინძელი უნივერსიტეტები საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავენ. ისინი განსაზღვრულ თანხას უხდიან იმ ოჯახებს, ვისთანაც ქართველი ბავშვები ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობენ, ანაზღაურებენ სწავლის საფასურსაც. ჩემი ვარაუდით, თუ ყველა ხარჯს ერთად შევკრებთ, საერთო თანხამ შეიძლება 10 მილიონ დოლარსაც მიაღწიოს.

ბუნებრივია, უკვე განხორციელებული პროგრამები შედეგს ერთი კვირის ან ერთი თვის შემდეგ ვერ მოიტანს და ამას არც ველით, ეს უფრო ხანგრძლივ პერიოდზეა გათვლილი. საგანმანათლებლო პროგრამების მიზანი, გარდა საქართველოს მოქალაქეების დახმარებისა, ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცებაც არის.

KvirisPalitra.Ge- როგორ ხდება კანდიდატთა შერჩევა, რა კრიტერიუმების მიხედვით?

- დიდ პროგრამებში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმები. შემდეგ ვატარებთ გასაუბრებას. კომისიაში ყოველთვის არის სახელმწიფო დეპარტამენტიდან მოწვეული ამერიკელი წარმომადგენელი, ასევე, ამ პროგრამის ერთ-ერთი ყოფილი ქართველი მონაწილე. როგორც წესი, ვცდილობთ, მოვიწვიოთ ექსპერტები, განათლების ან კულტურის სფეროში გამოცდილი ადამიანები, რომლებიც ავტორიტეტულ აზრს შემოგვაშველებენ.

გასაუბრებისას ძალიან ადვილია ადამიანის გამოცნობა. ყურადღება ექცევა, როგორ უჭირავს თავი, რით ასაბუთებს საკუთარ უპირატესობას, რამდენად მშვიდია, შეუძლია თუ არა იოლად ემოციის მოთოკვა. ამით ვადგენთ, გაუმკლავდება თუ არა კანდიდატი დატვირთვას, გაართმევს თუ არა თავს დაკისრებულ ამოცანებს.

ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონებში ახალგაზრდების განათლების დონის ამაღლებას.

არჩევანისთვის უფრო მეტ თავისუფლებას გვანიჭებს ორი პროგრამა: "ღია სამყარო" და "სტუმრებისთვის უცხო ქვეყნებიდან". ამ პროგრამებში მონაწილე პირებისთვის ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულო არ არის. ამიტომაც ვარჩევთ სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებს, შევადგენთ ჯგუფს, ვაძლევთ საშუალებას, გაემგზავრონ აშშ-ში და ამერიკელ კოლეგებთან ურთიერთობის მეშვეობით დახვეწონ პროფესიული თვისებები.

დროდადრო ამ პროგრამების ფარგლებში ჟურნალისტებსაც ვგზავნით სტაჟირებაზე. გაგიმხელთ, რომ სპეციალურად ქართული ჟურნალისტიკის განვითარებისთვის სამ პროგრამას ვიწყებთ. პირველი - GIPA-ს ჟურნალისტიკის სკოლასა და სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტს შორის პარტნიორობას შეუწყობს ხელს. ქართველ პროფესორ-მასწავლებლებს საშუალება მიეცემათ, ცოდნა გაიღრმავონ სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტში, დაიცვან სამეცნიერო ხარისხები. ეს პროგრამა საშუალებას იძლევა აშშ-დანაც ჩამოვიდნენ პროფესორები და იმუშაონ GIPA-ში.

იგეგმება უნივერსალური ჟურნალისტური ლაბორატორიის შექმნაც, რომელიც სოციალური ელექტრონული მედიის განვითარების (ინტერნეტტელევიზიის, გაზეთის თუ რადიოს) ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული. ჩვენ დავაფინანსებთ პროგრამებს, რომლის მეშვეობითაც საშუალებას მივცემთ საქართველოს რეგიონების ტელევიზიის მენეჯერებსა და ჟურნალისტებს, გაემგზავრონ აშშ-ში და საკუთარი თვალით იხილონ, თუ როგორ მუშაობენ მათი კოლეგები.

გვაქვს პროგრამა, რომელსაც ჩვენ დავაფინანსებთ და ერთი წლის განმავლობაში 20 ქართველ ჟურნალისტს გავგზავნით აშშ-ში, შემდეგ კი ოცეულიდან ხუთ საუკეთესოს ავარჩევთ და მივცემთ ერთთვიანი სტაჟირების საშუალებას აშშ-ში. ამ პროგრამის სტრუქტურა ისე ჩამოვაყალიბეთ, რომ ინგლისური ენის ცოდნა არ იყოს გადამწყვეტი.

გვწამს, რომ გარდამავალი დემოკრატიის ხანაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელ მედიას, რომელსაც მოსახლეობის ინფორმირება ევალება.