პრესის გავრცელების ბაზარზე მონოპოლისტი რომ არ გაჩნდეს... - კვირის პალიტრა

პრესის გავრცელების ბაზარზე მონოპოლისტი რომ არ გაჩნდეს...

"არ შეიძლება ჟურნალ-გაზეთებით ვაჭრობა გარევაჭრობასთან გააიგივო"

ხუთი თვეა, პარლამენტის კომიტეტებში თაროზეა შემოდებული "პრესის ასოციაციის" კანონპროექტი "პრესის თავისუფლად გავრცელების ხელშეწყობის შესახებ". ნაცვლად იმისა, საკითხის გაჭიანურების მიზეზი აეხსნა, უმრავლესობამ პარლამენტში ქრისტიან-დემოკრატებს, კანონპროექტის განხილვის ინიციატორებს, უმოქმედობა დასდო ბრალად და მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

ლევან ვეფხვაძე აბსურდულს უწოდებს უმრავლესობის ბრალდებას, თუმცა ვერც საკანონმდებლო ინიციატივის ასე მიგდების მიზეზებზე ლაპარაკობს. გადაჭრით ვერ ამბობს, რომ კანონპროექტის განხილვას ვინმე ან რაიმე ძალა ეწინააღმდეგება.

ლევან ვეფხვაძე: "ბიუროზე ჩემი განცხადების შემდეგ კომიტეტები შეფუცხუნდნენ და დაიწყეს დასკვნების მომზადება. მანამდე, თვეების განმავლობაში, არავის არაფერი გახსენებია. ვიმედოვნებ, ახლა მაინც გაარკვევენ დეტალებს და თუ უარის თქმას აპირებენ, არგუმენტებსაც მოიყვანენ.

კანონის მისაღებად ქმედითი ღონისძიებებია საჭირო. თუ რეაგირება არ იქნა, შემდეგ სხდომაზე კვლავ დავაყენებთ საკითხს. უკიდურეს შემთხვევაში ინიციატივას კომიტეტიდან გამოვიწვევთ და პლენარულ სხდომაზე მოვითხოვთ მის განხილვას, როგორც რეგლამენტით არის გათვალისწინებული.

სავარაუდოდ, უმრავლესობა კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს და ამით ცხადი გახდება ხელისუფლების უმოქმედობაც. აშკარა იქნება, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს, გაზეთების გავრცელების ბაზარზე მონოპოლისტი რომ არ გაჩნდეს".

კანონპროექტის გასვლით დაინტერესებულია არა მარტო პრესის ასოციაცია, არამედ ყველა ის კერძო ორგანიზაცია და პირი, რომლებიც ჟურნალ-გაზეთებით ვაჭრობენ.

სტელაჟებზე მოვაჭრეების აზრით, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში მათი უფლებები განმტკიცდება. მათ ვეღარავინ გაყრის იმ ადგილებიდან, სადაც წლებია ვაჭრობენ. ლევან ვეფხვაძის თქმით, "ამ ხალხს უსაფრთხოდ მუშაობის გარანტია არა აქვს.

არ არის გამორიცხული, თვითმმართველობის ორგანომ გამოაცხადოს, რომ ჟურნალ-გაზეთებით მოვაჭრეთათვის გამოყოფილი აქვს ადგილები. ამ მოტივით გამოცხადდება კონკურსი და მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მიეცემა პრესის გავრცელების უფლება. სტელაჟებზე მოვაჭრეები კი უმუშევარი დარჩებიან. "პრესის კანონის" არსი ის არის, თვითმმართველობას არ მიეცეს ამგვარი დისკრიმინაციის საშუალება".

ლევან ვეფხვაძის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია, თბილისში გაზეთების გაყიდვა არ იყოს გაიგივებული გარევაჭრობასთან. წიგნებით ვაჭრობის გარევაჭრობასთან გაიგივების შემდეგ ხომ მათი ქუჩაში გამოტანა აიკრძალა. სტელაჟებზე ჟურნალ-გაზეთების გაყიდვის გარევაჭრობად გამოცხადების შემთხვევაში, ე. წ. "კრიკუნები" აიკრძალება. ცხადია, სიტყვის თავისუფლებისა და თავისუფალი პრესის დაცვის საერთაშორისოდ აღიარებული წესების თანახმად, ხელისუფლების ასეთი საქციელი შეირისხება.

ლევან ვეფხვაძე: "თუ ხელისუფლება ამას დაუშვებს, ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ ხელს უშლის ჟურნალ-გაზეთების თავისუფალ გავრცელებას. თუკი ტელევიზიას გაუთიშავ მაუწყებლობას, მხოლოდ შიდა ეთერით მუშაობას აზრი არა აქვს. ასეთივე მდგომარეობაში ჩავარდება გაზეთიც, თუ მას რეალიზაციის საშუალება არ ექნება და მკითხველამდე ვერ მივა. ასეთი გაზეთი გინდ დაიბეჭდოს, გინდ არა.

შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ ერთმა კომპანიამ ჩაიგდოს ხელში გაზეთების გავრცელება, რაც ასევე კატასტროფულ შედეგს მოიტანს. ერთ დღესაც თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ერთადერთი კომპანია  ხელისუფლებისგან მიიღებს მითითებას, რომ არ გაყიდოს რომელიმე გაზეთი, სადაც კრიტიკული მასალები იბეჭდება. განა არ მიიღებს სარეალიზაციოდ, უბრალოდ დახლზე არ დადებს.

თუ ვინმე მოითხოვს, მისცემს, მაგრამ ეს დამღუპველი იქნება გაზეთისთვის, რადგან გაზეთი ე.წ. იმპულსური  საქონელია. ხშირად რომელიმე გაზეთის ყიდვის გადაწყვეტილება მიმიღია იმის მიხედვით, როცა დამიხედავს და მინახავს, რა წერია პირველ გვერდზე. ცხადია, ასე ტირაჟები განახევრდება. ამიტომაც ჩვენთვის ამ კანონის მიღების მთავარი არსი ის არის, რომ ერთი მხრივ, უზრუნველყოფილ იქნეს გაზეთის მთელ ქვეყანაში რეალიზაცია და მეორე მხრივ, ყველა გაზეთი მივიდეს მკითხველამდე.

კანონპროექტში კარგად არის განმარტებული, რა არის სტელაჟი და ჯიხური, რა უფლებები უნდა ჰქონდეს სტელაჟის დადგმისას მის პატრონს. ასევე რეგულირდება ჯიხურების დადგმაც, რათა მონოპოლია არ შეიქმნას".

იმ შემთხვევაში, თუ შიდა რესურსები საკმარისი არ აღმოჩნდება კანონპროექტის დასაკანონებლად, საპარლამენტო ოპოზიცია საერთაშორისო საზოგადოებრიობას მიმართავს დახმარებისათვის.

ლევან ვეფხვაძე: "ერთადერთი ბერკეტია საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება, რათა უმრავლესობამ კანონპროექტს მხარი დაუჭიროს. სხვაგვარად 120-კაციან უმრავლესობას ვერ ვაჯობებთ. ქვეყნის შიგნით იქნება თუ გარეთ, ზეწოლის ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ".

ლაშა ტუღუში, პრესის ასოციაციის თავმჯდომარე: "ზოგიერთ ქვეყანას დემოკრატიის მშენებლობის დიდი გამოცდილება აქვს, ამიტომაც მათი ჩართვა ჩვენი დემოკრატიის მშენებლობის და კერძოდ, ამ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში ძალზე მნიშვნელოვანია. როგორც ვიცი, საერთაშორისო საზოგადოებრიობა საქმის კურსშიც არის, არსებობს ჩვენი კანონპროექტის ინგლისურენოვანი ვერსია. ეს კანონი სჭირდება პრესას, საზოგადოდ თავისუფალ მედიას და ელოდებიან, როდის გადაიდგმება პოზიტიური ნაბიჯები ამ კანონის მისაღებად.

საჭიროა მყარი გარანტიები, უპირველესად - საკანონმდებლო, პრესის დაუბრკოლებლად გასავრცელებლად. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის,  რათა განვითარდეს და  მოემსახუროს ძირითად იდეას - საზოგადოებას მიაწოდოს მიუკერძოებელი და ხარისხიანი პროდუქცია.

კანონპროექტის ჩავარდნით ვერავინ მოიგებს, უპირველესად კი წააგებს საზოგადოება. ეს კი ცუდი იქნება ხელისუფლებისთვისაც, რადგან ლოგიკურად ასეა, - ის, რაც კარგია საზოგადოებისთვის, კარგია ხელისუფლებისთვისაც; შესაბამისად, საზოგადოებისთვის რაც ცუდია, კარგი არ უნდა იყოს ხელისუფლებისთვის, რადგან, როგორც ვიცით, ის ხალხის მსახურია".