"გურანდა თავის ოთართან პაემანზე წავიდა" - კვირის პალიტრა

"გურანდა თავის ოთართან პაემანზე წავიდა"

"ნიჭიერება ხშირად არის სიტყვაძუნწი და ოთარიც ასეთი იყო, სამაგიეროდ, გურანდა იყო ლაღი და მხიარული. ისეთი თხრობა იცოდა, შენც აგიყოლიებდა და გაგახალისებდა. ამ დროს ოთარის სახე უნდა გენახათ - რა სითბოთი უცქერდა"

გურანდა გაბუნიას გარდაცვალებამ სახელგანთქმული მსახიობების უფროსი თაობა კვლავ დააობლა. ამ ქვეყნიდან კიდევ ერთი ნიჭიერი ხელოვანი წავიდა, რომელმაც აღიარებასთან ერთად ტკივილიც ბევრი განიცადა, ბოლო წლებში კი იმ ქვეყნად იმ ადამიანის გაცილებაც მოუხდა, ვის გარეშეც სიცოცხლეს სიცოცხლედ არ თვლიდა. მათ სიყვარულზე ლეგენდები დადიოდა.

გურანდა გაბუნიას გახსენება რეჟისორ ქეთი დოლიძეს ვთხოვეთ.

- ცხოვრებაში არის დანაკარგი, რომელსაც ვერაფერი შეავსებს. ასეთი იყო ჩემთვის გურანდა და მის გარეშე ძალიან გამიჭირდება. ახლა უფრო ვგრძნობთ, როგორ ვამაგრებთ ერთმანეთს ამ ძალიან მძიმე დროში, როცა ადამიანებს ერთმანეთისთვის ტალახის სროლა იოლად შეგვიძლია. მადლობა ღმერთს, ხშირად გავმხდარვარ გურანდას სიკეთის მოწმე. მის შესრულებულ როლებზე ბევრს არ ვილაპარაკებ - ისედაც ყველამ იცის, როგორი გამომსახველობა, პლასტიკა ჰქონდა, ის ხომ სუხიშვილების ანსამბლში ცეკვავდა. მხოლოდ იმას გავიხსენებ, რომ უცხოეთში გასტროლებისას მაყურებელს ატყვევებდა; უფრო ის მინდა ვთქვა, როგორი სიკეთის ნიჭი ჰქონდა და რის გაღება შეეძლო ხშირად უცხო ადამიანებისთვისაც მაშინაც კი, როცა თვითონ არაფერი ჰქონდა. არ დამავიწყდება, რას აკეთებდა, როცა სოხუმელი დევნილების შესახებ იგებდა - რაც შინ ჰქონდა, ლამის ყველაფერი გაჰქონდა მათ დასახმარებლად, უკან კი ბედნიერი ბრუნდებოდა, Aარადა, მე ხომ ვხედავდი, რომ რასაც მათთვის მიარბენინებდა, შეიძლებოდა თვითონაც არ ჰქონოდა - მაგალითად, პური, რომელიც მაშინ ყველას გვაკლდა.

- გურანდა გაბუნია სოხუმიდან იყო... - მამამისი სოხუმის თეატრის რეჟისორი იყო, დედა - კინომსახიობი. როდესაც სოხუმში საომარი სიტუაცია იყო, გურანდა ჩვენთან ერთად მატარებლით წამოვიდა, რომ იქ რაღაც შეეცვალა. საუბედუროდ, ასე არ მოხდა და უკან გაგიჟებული ჩამოვიდა. ამბობდა, ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება ორად გაიყოო. თუმცა, მაშინ ოთარი ჰყავდა და ამით იყო ძლიერი.

- მათ სიყვარულზე ლეგენდებს ჰყვებიან... - გურანდა 19 წლის იყო, როცა 27 წლის ოთარ მეღვინეთუხუცესი გაიცნო. ოთარი უკვე ცნობილი მსახიობი იყო, გურანდას კი არავინ იცნობდა, მაგრამ ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო, რასაც ორივე ყოველთვის ამბობდა. თუმცა თქმა რად უნდოდათ - ერთი შეხედვითაც მიხვდებოდით, როგორ სუნთქავდნენ ერთმანეთით. ოთართან ცხოვრება არ იყო იოლი - ნიჭიერება ხშირად არის სიტყვაძუნწი და ოთარიც ასეთი იყო, სამაგიეროდ, გურანდა იყო ლაღი და მხიარული. ისეთი თხრობა იცოდა, შენც აგიყოლიებდა და გაგახალისებდა. ამ დროს ოთარის სახე უნდა გენახათ - რა სითბოთი უცქერდა ბედნიერ გურანდას! მათ ერთად საოცარი წლები გაიარეს, გაჭირვებისაც და დალხინებისაც. ვისაც არ უნახავს, ალბათ, არც დაიჯერებს, რომ ისინი ნახევრად სარდაფში 15 წელი ცხოვრობდნენ. მხოლოდ მოგვიანებით მიიღეს ბინა დიღომში. სიცოცხლის ბოლოც ისეთივე მოკრძალებულ, პატარა ბინაში გაატარეს, როგორშიც იცხოვრეს.

ახლა გურანდას ნაცვლად მე მწყდება გული, რომ ოთარს გული ატკინეს და ისე გაუშვეს ამ ქვეყნიდან, თანაც - იმ ადამიანებმა, რომელთაც ყველაფერი მასზე მეტი ჰქონდათ, გარდა ნიჭისა.

- გურანდა გაბუნიაც გამხდარა კრიტიკის ობიექტი პოლიტიკური შეხედულებების გამო... - ხანდახან ვამბობ, ქართველები ვიღაცამ დაგვწყევლა, ერთმანეთს ამდენ ტალახს რომ ვესვრით-მეთქი. სანამ ეს არ დამთავრდება, არაფერი გვეშველება. შეიძლება ადამიანი იმის გამო ლანძღო, რომ მას საკუთარი შეხედულება აქვს?! ჩვენში აქამდე მიცვალებულის პატივისცემა მაინც იცოდნენ, ახლა ესეც დაიკარგა. უკვე იმდენჯერ წავაწყდი არასასიამოვნო საუბარს გარდაცვლილი გურანდას მისამართით, ცუდად გავხდი...

გურანდა გაბუნიამ ბევრი რამ შექმნა და დატოვა... მადლობა რეჟისორებს, იმ საგანგებოდ შექმნილი როლებისთვის, რომ გურანდას ოთარის შემდეგ ეცოცხლა, თუმცა, ჩემი აზრით, როცა ოთარი წავიდა, გურანდასთვისაც მაშინ დამთავრდა ყველაფერი...

შესაძლოა, ეს შედარება არასწორია, მაგრამ ამ დღეებში სულ ის სიტყვები მახსენდება, ოთარმა რომ უთხრა მედეა ჯაფარიძეს დაკრძალვის დღეს: "მედიკო, შენ ყოველთვის ყველგან გაგვიანდებოდა. ეს ერთადერთი დღეა, როცა მოსვლა არ დაიგვიანე, რადგან რეზოსთან პაემანზე მოხვედი."

გურანდაც თავის ოთართან პაემანზე წავიდა და მე მჯერა, რომ ისინი იმ ქვეყნად ერთად და ბედნიერები იქნებიან.