გურული სიმღერის პატრიარქი - კვირის პალიტრა

გურული სიმღერის პატრიარქი

"გურული სიმღერის შემსრულებელმა კაცმა ტრაფარეტულად არ უნდა იცოდეს სიმღერა. მაგალითად, როცა "ჩვენ მშვიდობას" ერთხელ ვიმღერებ, მეორე ნამღერი პირველს არ უნდა ჰგავდეს. "ხასანბეგურა", რომელსაც ბევრი ხმა მღერის, შეიძლება ერთნაირად იმღერო, მაგრამ სადაც ტრიოს სიმღერაა, იქ უნდა "დაეტაკონ" შემსრულებლები ერთმანეთს: ერთი რომ ზევით წავა, მეორე ქვევით უნდა დახვდეს და პირიქით..."

გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ ლამაზ სოფელ მაკვანეთში ხალხური სიმღერის ამაგდარი და უდიდესი ლოტბარების გამოზრდილი კაცი ცხოვრობს. ტრისტან სიხარულიძე კვლავ დიდი შემართებით უძღვება იმ მნიშვნელოვან საქმეს, რასაც გურული სიმღერის შენარჩუნება-განვითარება ჰქვია. მისი ერთხელ ნამღერი მეორეს არასოდეს ჰგავს, იმპროვიზაციის უნარით მშობლიური კუთხის სიმღერებს კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს. ანსამბლ "შვიდკაცას" ხელმძღვანელსა და კრიმანჭულის უბადლო შემსრულებელს გურულებმა გურული სიმღერის პატრიარქიც კი შეარქვეს.

ტრისტან სიხარულიძე: - მოვხუცდი, ბიძია, 81 წლის და ნახევრის ვარ. ოზურგეთის სოფელ მაკვანეთში ვცხოვრობ, მე და ანზორ ერქომაიშვილს სიმღერის გარდა, ეს სოფელიც გვაკავშირებს. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის ფილიალში ვმუშაობ კონსულტანტად, ანსამბლ "შვიდკაცას" ვხელმძღვანელობ და კრიმანჭულს ვასწავლი. ისეთ ხალხთან მიწევდა მუშაობა და სიმღერა, როგორიც იყო მიხეილ შავიშვილი, "შვიდკაცას" დამაარსებელი. მასზე ანზორ ერქომაიშვილმა თქვა, ბატონმა მიხეილმა მე-20 საუკუნე დახურა თავისი კრიმანჭულითო. მართლაც უბადლო შემსრულებელი იყო. ერთ დღეს მითხრა: ტრისტან, ახლა სცენაზე შენ უნდა თქვა კრიმანჭულიო. ასე გამაბედვინა ეს სიმღერა.

გურული სიმღერები მამამ,- ილარიონ სიხარულიძემ მასწავლა, ტრიოს სასიმღერო რეპერტუარი ჰქონდა.

- რომელი სიმღერები გასწავლათ? - "ჩვენ მშვიდობა", "მასპინძელსა მხიარულსა", "შავი შაშვი", "ინდი-მინდი"... ყველაზე მეტად "ჩვენ მშვიდობა" მიყვარს.

- სიმღერა გურულებისთვის მძიმე შრომის თუ მწუხარების შემამსუბუქებელი იყო. თქვენთვის რა არის გურული სიმღერა? - სიცოცხლის გაგრძელებაა. გურული სიმღერის შემსრულებელმა კაცმა ტრაფარეტულად არ უნდა იცოდეს სიმღერა. მაგალითად, როცა "ჩვენ მშვიდობას" ერთხელ ვიმღერებ, მეორე ნამღერი პირველს არ უნდა ჰგავდეს. ტრაფარეტული და ნოტებზე გადატანილი სიმღერა გურულს არ უხდება. სიმღერასაც უნდა განვითარება. მაგალითად, "ხასანბეგურა", რომელსაც ბევრი ხმა მღერის, შეიძლება ერთნაირად იმღერო, მაგრამ სადაც ტრიოს სიმღერაა და სამი კაცი მღერის, იქ უნდა "დაეტაკონ" შემსრულებლები ერთმანეთს: ერთი რომ ზევით წავა, მეორე ქვევით უნდა დახვდეს და პირიქით. ამას ყველა ვერ აკეთებს. ახლახან ბიძაშვილი გარდამეცვალა, გურული სიმღერების უბადლო შემსრულებელი, გური სიხარულიძე. ჩვენ ერთმანეთთან შეწყობილი ვიყავით, მე ვიცოდი, დაბლა როგორ უნდა ჩავსულიყავი, მან იცოდა, მაღლა როგორ ასულიყო და ასე. როცა ანზორ ერქომაიშვილი გვერდში გვყავდა, სამივეს სასწაულად გამოგვდიოდა სიმღერა. დისკიც გამოვუშვით.

მამამ შემაყვარა სიმღერა. ცოტა ზარმაცი ბავშვი ვიყავი და სულ მეუბნებოდა, ისწავლე, გამოგადგება აი სიმღერებიო, მარა რაღაც აგდებულად ვუყურებდი ამ საქმეს. ჩემი ბიძაშვილი გური (ძმათა შვილები ვიყავით) ჩემთან რომ მოვიდოდა, მამას ეტყოდა ხოლმე, ილარიონ ბიძია, ერთი, ეს სიმღერა გვასწავლეო. რომ დეიწყებდა, ერთ დღეში არ მთავრდებოდა და მამა მეტყოდა ხოლმე, წაი, ბიჯო, ამეიყვანე გური და დავამთავროთ დაწყებული საქმეო.

- გურული სიმღერის პატრიარქიც შეურქმევიათ თქვენთვის...

- ეგ ძალზე საპატიო წოდებაა... სიმღერის პატრიარქად მე ანზორ ერქომაიშვილს დაგისახელებდით. მეამაყება, რომ ნამღერი მაქვს ვლადიმერ და არტემ ერქომაიშვილებთან, ვლადიმერ ბერძენიშვილთან.

- უცხოელებს ძალიან აინტერესებთ ქართული ფოლკლორი. თურმე მათაც უტარებთ გაკვეთილებს. - ყოველ წელიწადს, სულ ცოტა, 10-12 კაცი მაინც ჩამოდის სხვადასხვა ქვეყნიდან და სწავლობენ გურულ სიმღერას. ვერ წარმოიდგენთ, როგორი სისწრაფით ითვისებენ. პირველად, 1995 წელს, ფრანგები ჩამომიყვანეს. საფრანგეთში არის ქართული ანსამბლი "მარანი" და იქ გურული სიმღერის მასწავლებლად მიმიწვიეს. მოხდა ისე, რომ ათი დღის მერე იქაურ ხელმძღვანელს უთხრეს, რასაც სწავლობთ, იუნესკოს დარბაზში გვიჩვენეთო. სიმღერის დრო რომ მოვიდა, ერთმა, ვისაც "ჩვენ მშვიდობა" ვასწავლე, მითხრა, ამას ვერ ვიმღერებ, შემეშლება და თქვენ იმღერეთო. დავთანხმდი და სიმღერა რომ დავასრულეთ, მქუხარე აპლოდისმენტებით დარბაზი ლამის ჩამოიშალა. მომიახლოვდა ის ბიჭი და მეუბნება, ბატონო ტრისტან, ჩვენ როგორც გვასწავლეთ, ისე რატომ არ იმღერეთ, მე სხვანაირად ვიციო. მეც მოვუყევი კატის და ლომის"იგავი, ხეზე აძრომა რომ არ ასწავლა ოსტატმა შეგირდს. ფრანგებმა ბევრი იცინეს.

ერთი ამერიკელი მეგობარი გვყავს, კარლ ლინიქი, არაჩვეულებრივად მღერის ქართულ სიმღერებს. კრებს მოხალისეებს და შარშან 16 უცხოელი ჩამომიყვანა მაკვანეთში, ჩემთან ცხოვრობდნენ და 10 დღეში 10-12 სიმღერა ისწავლეს. ესაა, ამ ინგლისურს ვერაფერი მოვუხერხე, ვერ ვისწავლე.

- ქართული სიმღერის სწავლაში ყველაზე ნიჭიერი რომელი ერის "შეგირდები" აღმოჩნდნენ? - ფრანგები და იტალიელები. ერთმა მეგობარმა მითხრა, კაცო, შენ მაგათ რომ ქართულ სიმღერებს ასწავლი, მერე არ შემოგვიბრუნდნენ და არ თქვან, ეს სიმღერები ჩვენიაო. ვუთხარი, მე იმ ქართველის ნამღერი შევარცხვინე, განსხვავება რომ არ იქნება და უცხოელებს ამას რომ ათქმევინებს-მეთქი.

- ამბობთ, გურული სიმღერა ჩემთვის სიცოცხლის გაგრძელებააო. როგორ გრძელდება ეს სიცოცხლე თქვენს შთამომავლობასა და იმ გარემოში, სადაც მოღვაწეობთ? - ჩემი ვაჟისგან არაჩვეულებრივი ბიჭები მყავს, ქალისგან - მსახიობი შვილიშვილი, ანა ქურთუბაძე, ტელესერიალ "შუა ქალაქში" თამაშობდა. როცა შვილიშვილები ჩამოდიან, არ მასვენებენ, სიმღერების შესწავლა უნდათ. ოჯახში სიმღერის ტრადიცია გრძელდება. სამსახურშია და, 120 ბავშვს ფოლკლორის ცენტრში, უფასოდ ვასწავლით. ცენტრში შესანიშნავი სპეციალისტები გვყავს, რომლებიც ბავშვებს ხალხური სიმღერის გარდა, გალობას, ჩონგურის დაკვრას, ქორეოგრაფიასაც ასწავლიან.

- მეუღლე თუ აამღერეთ? - მეუღლეც ავამღერე, მაგრამ სცენაზე ვერ გავაბედვინე სიმღერა.

"ეს კაცი სიმღერის სახელოსნოში აღიზარდა"

გიორგი დონაძე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი:

- ტრისტან სიხარულიძე ძველი სკოლის წარმომადგენელია, დიდი ლოტბარების მოწაფე. საქართველოში ის გურული სიმღერის საუკეთესო მცოდნეა, პირველი და მეორე ხმის უბადლო შემსრულებელი. ბატონი ტრისტანი ერთადერთი კაცია, რომელიც ანზორ ერქომაიშვილთან ერთად აგრძელებს ტრადიციას. მღეროდა ვარლამ სიმონიშვილთან და არტემ ერქომაიშვილთან ერთად, მათ ათასობით საგალობელი იცოდნენ და ბატონ ტრისტანსაც ყველაფერი მათგან აქვს ნასწავლი. მამამისიც დიდი მომღერალი იყო და ვარლამ სიმონიშვილის გუნდში მღეროდა. ეს ადამიანი, ასე ვთქვათ, სიმღერის სახელოსნოში აღიზარდა, გურულ სიმღერაში საკუთარი სასიმღერო ელემენტები შეიტანა. მას ბოლო წლებში ბევრი ჩანაწერი აქვს გაკეთებული მის ბიძაშვილთან, უდიდეს მომღერალ და იმპროვიზატორ გური სიხარულიძესთან ერთად.

2015 წლიდან დავიწყეთ ზრუნვა იმაზე, რომ რეგიონებში გაგვეშალა ჩვენი საქმიანობა. მიუხედავად იმისა, რომ ფოლკლორის ცენტრი ძირითადად დაკავებულია ექსპედიციებით და რეგიონებში გვიწევს მუშაობა, გვინდოდა შეგვექმნა სკოლები, რომელთაც სალოტბარო სკოლები დავარქვით და ბავშვებს ვასწავლით ხალხურ სიმღერებს, საგალობლებსა და ქორეოგრაფიას. აქცენტი გაკეთებულია იმ კუთხის სიმღერებზე, სადაც ეს სკოლებია გახსნილი. აღვადგინეთ მომღერალ-მგალობლის ტრადიცია - დავიწყეთ ტრადიციული ქართული საგალობლების სწავლება, რომელიც ადრე სიმღერის განუყოფელი ნაწილი იყო. ამჯერად მუნიციპალიტეტებში 21 სალოტბარო სკოლა გვაქვს გახსნილი, სადაც 800-მდე ბავშვი უფასოდ ეუფლება სიმღერას. სალოტბარო სკოლის დამთავრების შემდეგ, ბავშვები იღებენ სერტიფიკატს და მათ საშუალება ეძლევათ ჩააბარონ გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უმაღლეს სასწავლებელში და შემდეგ დაუბრუნდნენ თავიანთ რეგიონს. 21 სალოტბარო სკოლაში 68 პედაგოგი გვყავს დასაქმებული და აქედან 70% ჩვენი კურსდამთავრებულია.