ცის მაშველი "კრაზანები" - კვირის პალიტრა

ცის მაშველი "კრაზანები"

მაღალმთიან რეგიონებსა და ძნელად მისასვლელ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობის უპირველესი იმედი სასაზღვრო ავიაციაა. პოლიციის შვეულმფრენის იმედად მთაში არაერთი ოჯახი დაბრუნებულა

როცა ცაში თეთრ-მწვანე "კრაზანა" გამოჩნდება, ყველამ იცის, რომ საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაცია მნიშვნელოვან დავალებას ასრულებს. გარდა სასაზღვრო-პოლიციური საქმიანობისა, სპეციალური დანიშნულების ავიაცია მონაწილეობს სამაშველო ღონისძიებებში ზღვაზე, სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

ბორჯომის ხანძრების დროს ქართველმა მფრინავებმა 217 საათი და 49 წუთი იფრინეს. ეს გამორჩეულად საპასუხისმგებლო დავალება იყო. როცა შენი ტყე იწვის, თავს ხანმოკლე შესვენების უფლებასაც ვერ აძლევ, - ამბობენ ბიჭები.

2018 წლის განმავლობაში სასაზღვრო ავიაციამ 25-მდე სამაშველო დავალება შეასრულა - ადამიანთა გადასარჩენად დაახლოებით 50 საათი ცაში გაატარა.

მფრინავები განსაკუთრებულად იხსენებენ 2017 წლის სამაშველო ოპერაციასაც, როცა 100-მდე ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ტურისტები ძლიერი წვიმის შედეგად შატილის ხეობაში ჩაიკეტნენ და რთული რელიეფური და კლიმატური პირობების გამო მათი უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მხოლოდ შვეულმფრენით მოხერხდა.

შარშან ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში 38 წლის მამაკაცმა ელექტროხერხით ფეხი დაიშავა და ბევრი სისხლი დაკარგა. შემთხვევის ადგილზე მისულმა ექიმებმა თქვეს, რომ საჭირო იყო პაციენტის დაუყოვნებლივ ვერტმფრენით თბილისში წაყვანა, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. რეაგირება დროულად მოხდა - შს სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დაშავებული მოქალაქე სტეფანწმინდიდან თბილისში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ჩამოიყვანეს და, ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად, სიკვდილისგან იხსნეს.

გიორგი ქორიძე, სასაზღვრო პოლიციის მაიორი, მფრინავი: - ბაბუა, მამა და ბიძა მფრინავები იყვნენ. სოხუმში აეროპორტის გვერდით ვცხოვრობდი. ბაღშიც რომ მეკითხებოდნენ, ვინ გინდა გამოხვიდეო, ვპასუხობდი, მფრინავი-მეთქი. 6 წლის ვიყავი, როცა სოხუმიდან წამოვედით, მაგრამ ამ შეკითხვაზე პასუხი არც მერე შემიცვლია. 2003 წელს საავიაციო ინსტიტუტში ჩავაბარე, მერე აAშშ-ში მართვის კურსი გავიარე. თავდაცვის სამინისტროში 10 წელი ვიმსახურე, შემდეგ კი სასაზღვრო ავიაციაში გადმოვედი. ბავშვობის ოცნება ავიხდინე - აკეთო ის, რაც გსიამოვნებს, უკვე წარმატებაა.

- რა თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ კარგი მფრინავი გახდეს? - უპირველესად - სიმამაცე, რადგან არასდროს იცი, ზუსტად სად, როდის და რის გაკეთება მოგიწევს. აუცილებელია, იყო გაწონასწორებული, შეგეძლოს სტრესულ სიტუაციაში მობილიზება.

- სასაზღვრო პოლიცია ხშირად მონაწილეობს სამაშველო ოპერაციებში... - თავდაცვის სამინისტროში ხშირად ვმონაწილეობდი სამხედრო სწავლებებში. სცენარის მიხედვით, ნაღმზე აფეთქებული ადამიანის დახმარება და ბრძოლის ველიდან გამოყვანა გვევალებოდა. ეს გამოცდილება ახლა ძალიან მეხმარება. ყოველი შესრულებული დავალება განსხვავებულ ემოციას გიტოვებს. ყოფილა შემთხვევები, როცა დავალებიდან დაბრუნებულს, მხოლოდ მიწაზე გამიაზრებია მომხდარი და ავღელვებულვარ, მაგრამ ფრენისას ამაზე არ ფიქრობ.

სოლომონ გორელაშვილი, სასაზღვრო პოლიციის მაიორი, ბორტ-ტექნიკოსი: - ბავშვობიდან ვოცნებობდი, მეფრინა. ამ ოცნების გამო ჩავაბარე ჯერ აკადემიაში, შემდეგ კი - საავიაციო ინსტიტუტში. ის ემოცია, რომელიც პირველი გაფრენის დროს დამეუფლა, არასოდეს დამავიწყდება, მაშინ 17 წლის ვიყავი. მერე შიში გაქრა. ახლა ყოველი გაფრენა დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

მაღალმთიან რეგიონებში ხშირად ვეხმარებით მოსახლეობას. გზა რომ იკეტება, სურსათი და პირადი ნივთები გადაგვაქვს. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც ხვდები, რომ ვიღაცის დახმარება შეძელი.