"თითქმის ყველა ინგრედიენტი საქართველოდან ჩამოგვაქვს... ყველაზე მეტად ხინკალი მოსწონთ" - როგორ შექმნა ამერიკელმა წყვილმა ქართული რესტორანი აშშ-ში - კვირის პალიტრა

"თითქმის ყველა ინგრედიენტი საქართველოდან ჩამოგვაქვს... ყველაზე მეტად ხინკალი მოსწონთ" - როგორ შექმნა ამერიკელმა წყვილმა ქართული რესტორანი აშშ-ში

"ძალიან გვიყვარს საქართველო. გასულ წელს ორჯერ ვიყავით, წელსაც აუცილებლად ჩამოვალთ"

შემთხვევით გავიგე, რომ პორტლენდში ყოფილა ქართული რესტორანი "კარგი გოგო", რომელიც ამერიკელებს გაუხსნიათ, და მაშინვე გადავწყვიტე წასვლა. ჩემდა გასაოცრად, ქართულ გარემოში აღმოვჩნდი: ქართული კერძები, ქართული ღვინო, მინერალური წყლები... მე და ჩემმა მეგობარმა ხინკალი, კუბდარი და ფხალეული შევუკვეთეთ, ქართული ღვინოც დავაგემოვნეთ. ყველა კერძი ისეთი გემრიელი იყო, რომ ქართველის დამზადებულს ჰგავდა, - მიყვება ქართველი მეცნიერი ოთარ იოსელიანი და პორტლენდიდან რესტორნის ფოტოს მიგზავნის. როგორც ბატონი ოთარი მეუბნება, საქართველოს თაყვანისმცემელი ამერიკელი წყვილი ქართული კერძებითა და ღვინით ყველა გურმანს მასპინძლობს. ქართული კერძები საქართველოდან წაღებული ინგრედიენტებით მზადდება. როგორ შეიქმნა "კარგი გოგო", მისი მფლობელი, შონ ფრედერიკი მოგვითხრობს.

- მე და ჩემი მეუღლე 2010-2012 წლებში ახალციხეში ვცხოვრობდით, როგორც "მშვიდობის კორპუსის" მოხალისეები. ვსწავლობდით ქართულ ენას, ვეცნობოდით კულტურას და ბევრ ქართველსაც დავუმეგობრდით. ორი წლის შემდეგ ჩვენი პროგრამა დასრულდა და ამერიკაში დავბრუნდით. საქართველოსთან განშორება ბევრი მიზეზის გამო არ გვინდოდა, ერთ-ერთი ქართული სამზარეულო იყო. ამიტომ მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ პორტლენდში, ორეგონის შტატში, გაგვეხსნა პატარა ჯიხური სახელწოდებით "კარგი გოგო". ვყიდდით ხაჭაპურს, ხინკალს და სხვა ქართულ კერძებს. მალე კლიენტურა გაგვიმრავლდა და 2015 წელს ბიზნესის გაფართოება დავაპირეთ. მანამდე კი საქართველოში ჩამოვედით და გაზაფხულ-ზაფხული თბილისში გავატარეთ.

პორტლენდში რომ დავბრუნდით, ბიზნესის გაფართოებაზე აღარ გვიფიქრია და ჩვენს ძველ სამსახურებს დავუბრუნდით, მაგრამ მოგვიანებით გავაცნობიერეთ, როგორ გვენატრებოდა ქართული კერძები თუ ღვინო და საბოლოოდ გადავწყვიტეთ, გაგვეხსნა პატარა ქართული რესტორანი. ასე დაიბადა 2018 წლის ზაფხულში "კარგი გოგო". თავიდან ხაჭაპურის რამდენიმე სახეობითა და ხინკლით დავიწყეთ, შემდეგ დავამატეთ ბადრიჯანი, სალათა, ჯონჯოლი, მხალი... გვაქვს განსაკუთრებული კერძებიც, მაგალითად, ჩაქაფული, მწვადი, ხარჩო, ასევე ვიპ-კერძი - აჩმა. თითქმის ყველა ინგრედიენტი საქართველოდან ჩამოგვაქვს: ქინძი, ზაფრანა, უცხო სუნელი და ა.შ. ასე რომ, ჩვენი დამზადებული კერძები ავთენტურია.

ბევრს ვმუშაობთ, რომ კარგად დავამზადოთ ქართული კერძები, მომსახურე პერსონალიც ნიჭიერია, ახალ-ახალი ქართული კერძების დამზადებას სწავლობენ.

"გვინდა ქართული კულტურა ამერიკელებს გავაცნოთ"

- ჩვენი სტუმრების უმრავლესობა ამერიკელია, დანარჩენი 10 პროცენტი ქართველი და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან.

სასიამოვნოა, როცა ქართველები მოდიან, ბევრი მათგანი ამბობს, რომ ჩვენი კერძები მათ ბავშვობას ახსენებს, დედის გაკეთებულ კერძებს, და ეს ჩვენთვის ყველაზე სასიამოვნო კომპლიმენტია. მათზე უკეთესი შემფასებელი ჩვენ არა გვყავს.

ამერიკელებს ყველაზე მეტად ხინკალი მოსწონთ. გვაქვს ღორის, ძროხის ხორცის, სოკოს, კარტოფილისა და ყველის ხინკალი. კერძებიდან ყველაზე რთულად მოსამზადებელი ბადრიჯანია, რადგან ძალიან თხლად უნდა დაიჭრას და მომზადების ყველა წესიც ზედმიწევნით უნდა იქნეს დაცული.

ძალიან გვიყვარს საქართველო. გასულ წელს ორჯერ ვიყავით, წელსაც აუცილებლად ჩამოვალთ და ამერიკელების 15-კაციან ჯგუფსაც ჩამოვიყვანთ. მათ ვაჩვენებთ კახეთს, სტეფანწმინდას, მცხეთას, ახალციხესა და ვარძიას.

უფრო მეტ ამერიკელს უნდა გავაცნო ქართული სამზარეულო და ღვინო. გვინდა ვუამბოთ ქართული ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციაზე - საქართველო ხომ მევენახეობა-მეღვინეობის უძველესი ქვეყანაა.