"პოლიტიკოსებიდან ყველაზე გემოვნებით კახა კალაძე იცვამს, ქალებში - ნინო ბურჯანაძე. ამ მხრივ განვითარდა ეკა ბესელიაც" - კვირის პალიტრა

"პოლიტიკოსებიდან ყველაზე გემოვნებით კახა კალაძე იცვამს, ქალებში - ნინო ბურჯანაძე. ამ მხრივ განვითარდა ეკა ბესელიაც"

"ქუჩას ფერადოვნება უხდება, ამიტომ ცოტა გაფერადდით, სულ შავებში ნუ დადიხართ"

მეგონა, სწორი რჩევების გამო მოიხსენიებდნენ მოდის ექსპერტად, თუმცა, საქმე უფრო სერიოზულად ყოფილა. მისი დახმარებით არაერთი ცნობილი პირი წარმდგარა ღონისძიებაზე დახვეწილი სამოსით. მათ შორის არიან: შერონ სტოუნი, ჯენიფერ ლოპესი, უიტნი ჰიუსტონი და სხვები. დალი ჩიტალაძე გვიამბობს, როგორ შეაბიჯა მოდის სამყაროში.

- ერთია სხვადასხვა ტიპის სამოსის შექმნა და მეორე - მათგან ანსამბლის შექმნა. სწორედ ამის ნიჭი მაქვს მე. საქართველოში ცხოვრება ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება, ქალიც და მამაკაციც ძალიან დაკავებული არიან. იმაზე ფიქრის დრო არ რჩებათ, რა ჩაიცვან სიტუაციის შესაბამისად.

შეიძლება საქმის უზადო მცოდნე იყო, მაგრამ პირველ შთაბეჭდილებას გარეგნობა ქმნის. სწორედ ამის მიხედვით ვურჩევ ტანსაცმელს ჩემს კლიენტებს.

- თქვენ უცხოელი ვარსკვლავების ჩაცმულობაზეც ზრუნავდით... - დიახ, როცა ჯანი ვერსაჩესთან ვმუშაობდი. მასთან ხშირად მოდიოდნენ ცნობილები, ჩემს რჩევებსაც ითვალისწინებდნენ.

- ვერსაჩესთან როგორ მოხვდით? - 1994 წელს ემიგრაციაში წავედი და ნიუ-იორკში დავსახლდი. ბედმა გამიღიმა და რამდენიმე თვის შემდეგ ვერსაჩეს მაღაზიაში დავიწყე მუშაობა. მუსიკის გარდა, ბავშვობიდან ყველაზე მეტად მოდის სამყარო მომწონდა და ამიტომაც გადავწყვიტე მუშაობა ამ სფეროში. ერთ დღეს შევედი მის მაღაზიაში და ვუთხარი, სამსახურს ვეძებ-მეთქი. გამოცდილება გაქვსო? არა, მაგრამ მიყვარს მოდა და ხალხთან ურთიერთობა-მეთქი. გაეცინათ, დატოვეთ თქვენი ნომერიო. რადგან არავინ დამირეკა, კვირის თავზე ისევ მივედი. ამჯერად მაღაზიის მფლობელი დამხვდა და როგორც ჩანს, კარგ თვალზე შემომხედა: მეცვა ლამაზად, მოდურად, დახვეწილად, თან ღიმილით შევედი. 1 კვირა მომცეს გამოსაცდელად, ვნახოთ, როგორ გაართმევ თავსო. თუმცა მეორე დღესვე მითხრეს, მიღებული ხარო. დროთა განმავლობაში დავუახლოვდი ვერსაჩეებს: ჯანის, მის ძმას, შეყვარებულს.... ჯანი ჯორჯიანას მეძახდა. ოჯახურ ვახშამზე მიწვევდნენ. დონატელა ვერსაჩე იყო მხოლოდ პირქუში. ერთხელ მაღაზიაში უიტნი ჰიუსტონი გვეწვია. რომ გამიცნო, მას შემდეგ თავის სტილისტს გზავნიდა. მე ვურჩევდი სამოსის რამდენიმე ვერსიას და რომელიმეს აუცილებლად დაიტოვებდა ხოლმე. როდესაც ჯენიფერ ლოპესი გვეწვია, უკვე ვიპ-მენეჯერი ვიყავი. ვარსკვლავებისთვის ცალკე სართული იყო გამოყოფილი. ჯენიფერს რამდენიმე ანსამბლი ავუწყვე და ძალიან ბედნიერი წავიდა. შერონ სტოუნს ყველაფერი უფასოდ უნდოდა. ადამიანს, რომელსაც ფული თავზე საყრელად აქვს, რატომ უნდა უნდოდეს ყველაფრის ჩუქება?! კომპანია ვიპ-კლიენტებს საჩუქრებს ისედაც უკეთებდა. "ოსკარის" ცერემონიალზე რომელიმე ვარსკვლავს ჩუქნიდნენ სამოსს.

- ალბათ, ბევრი სამახსოვრო ფოტო გაქვთ. - თქვენ გავიწყდებათ, რომ 90-იანები იყო. ფოტოს გადაღება მაშინ ფული ღირდა და წინასწარ შეთანხმებით ხდებოდა.

- ქართველ პოლიტიკოსთაგან ვინ იცვამს ყველაზე გემოვნებით? - კახა კალაძე, ქალებში - ნინო ბურჯანაძე. ამ მხრივ განვითარდა ეკა ბესელიაც - ყოველთვის ელეგანტურად აცვია.

- ყოველდღიურ ჩაცმულობაში ყველაზე ხშირად რა შეცდომას ვუშვებთ? - ქუჩას ფერადოვნება უხდება, ამიტომ ცოტა გაფერადდით, სულ შავებში ნუ დადიხართ. გამოკვეთეთ სხეულის ლამაზი ადგილები. არ არის აუცილებელი ბრენდი გეცვას, მთავარია, გეცვას გემოვნებით და ყოველთვის გამორჩეული იქნები.