"სამ ენაზე ვსაუბრობ" - 13 წლის გიდი, რომელიც ფულს განათლების მისაღებად აგროვებს - კვირის პალიტრა

"სამ ენაზე ვსაუბრობ" - 13 წლის გიდი, რომელიც ფულს განათლების მისაღებად აგროვებს

13 წლის სოფია არაბული დედისერთაა, დუშეთის რაიონის დაბა ჟინვალში ცხოვრობს. პატარა კაფანდარა გოგონა ზაფხულობით თავის სოფელში, ჯუთაში ადის და იქ ჩასულ ტურისტებს გიდობას უწევს. ორი ცხენი ჰყავს, "ბიჭს" სულთანი ჰქვია, "გოგოს" - ალისა. მერვეკლასელი გოგონა სამ ენაზე საუბრობს და ამიტომ უადვილდება ტურისტებთან ურთიერთობა.

- ჟინვალის სკოლაში ვსწავლობ, იქ ვცხოვრობთ, მაგრამ ზაფხულობით ავდივარ ჯუთაში და იქ ვმუშაობ. მანამდე მამაჩემი დადიოდა. 7 წლის ვიყავი, როცა მეც მომინდა, მამას გავყოლოდი და კარგად გამეცნო ის ადგილები. ძალიან მომეწონა იქაურობა. ისტორიაც შევისწავლე და გადავწყვიტე, გიდობა მეც დამეწყო. პირველად მამა გამომყვა, ძალიან დაძაბული ვიყავი, რადგან უცხო ენაზე საუბარს არ ვიყავი შეჩვეული, მაგრამ მერე ყველაფერი დალაგდა და ძალიან შევეჩვიე.

- შენი ცხენით ტურისტი მიდის და შენ ფეხით მიჰყვები?

- დიახ, ჩემი ცხენით სხვა მიდის და მე მივყვები, საინტერესო ამბებს ვუამბობ. ძალიან გამიტაცა ამ საქმემ და მომავალშიც ვაპირებ, მივყვე. მინდა, მეტი ენა ვიცოდე. სკოლის დამთავრების შემდეგ ვაპირებ "აღმოსავლურებზე" ჩავაბარო და ვისწავლო არაბული და ასევე სხვა ენები. ახლა ვიცი ინგლისური, რუსული და ებრაული.

- არაბული რატომ გინდა შეისწავლო? ბევრი არაბი დადის აქ?

- არაბული ვარ გვარად და ჩემი გვარიდან გამომდინარე, პირველ რიგში, მინდა აღმოსავლეთმცოდნეობაზე ჩავაბარო და არაბული ენა კარგად შევისწავლო. აქ ყველაზე ხშირად ებრაელები დადიან. ეს ენა უკვე ვიცი და კომუნიკაცია თავისუფლად შემიძლია.

- ცხენზე ჯირითი როდის ისწავლე?

- 5 წლის ვიყავი, ცხენზე რომ დამსვეს. 7-8 წლის უკვე დამოუკიდებლად ვჯდებოდი. ორი ცხენი მყავს, ბიჭს სულთანი ჰქვია, გოგოს - ალისა და ორივე მემორჩილება. მიხარია, ჩემი ფული რომ მაქვს, ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა შენს შრომაში იღებ გასამრჯელოს და მერე საკუთარ სურვილებსაც იკმაყოფილებ.

- რაში დახარჯე პირველად გამომუშავებული ფული? - თავიდან არ მქონდა ტელეფონი და ის ვიყიდე. ყოველ ზაფხულს მაქვს ჩემი შრომით ფული, ვაგროვებ ამ თანხას და სკოლისთვის ვინახავ, ძირითადად განათლებაში ვხარჯავ. თუ რომელიმე საგანი მიჭირს, იმ საგანში ვემზადები და თანხას მე ვიხდი.

- როცა ტურისტთან ერთად მიდიხარ მარტო, საშიშროება არ არის? - არასოდეს მქონია პრობლემა. თითქმის სულ მარტო დავდივარ. მშობლებიც მშვიდად არიან, რადგან იციან, საფრთხე არ მემუქრება. მამაც გიდია. საკმაოდ ბევრი გეგმა მაქვს და ვცდილობ, სურვილები ავისრულო. მინდა უცხოეთშიც წასვლაც.

- როცა ასეთ პატარა გოგოს ხედავენ გიდად, არ უკვირთ?

- გაკვირვებულები არიან, როცა ხედავენ გზას, მანძილს და ხვდებიან, როგორი რთულია იქ ფეხით სიარული. კმაყოფილები ნამდვილად არიან ჩემი გიდობით. გაგრძელება