"შანტაჟის ენა და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლინებაა, რომ საქართველოს ეკლესიას აიძულონ, მიიღოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სასურველი გადაწყვეტილება" - კვირის პალიტრა

"შანტაჟის ენა და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლინებაა, რომ საქართველოს ეკლესიას აიძულონ, მიიღოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სასურველი გადაწყვეტილება"

ეს არის შანტაჟის ენა და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლინება, რომ საქართველოს ეკლესიას აიძულონ, მიიღოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სასურველი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, ილარიონ ალფეევის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

როგორც მიტროპოლიტმა გრიგოლმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, სჯერა, რომ საქართველოს ეკლესია გონივრულ, კანონიკურ სამართალზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ეს არის შანტაჟის ენა და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლინება, რომ საქართველოს ეკლესიას აიძულონ, მიიღოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სასურველი გადაწყვეტილება. ალფეევი არაა კერძო პირი. ჩათვალეთ, რომ მან გაახმოვანა რუსეთის ეკლესიის პოზიცია ამ სიტყვებით. ეს საკითხი არაა დახურული, მსჯელობის პროცესი გრძელდება, იხარშება. არა მხოლოდ ჩვენთან, სხვა ეკლესიებშიც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. მჯერა, რომ საბოლოოდ მივიღებთ გონივრულ, კანონიკურ სამართალზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას, რომელიც არ შეუწყებს ხელს მართლმადიდებელ ეკლესიაში ახალი დიდი სქიზმის განვითარებას“, - აცხადებს მეუფე გრიგოლი.

მიტროპოლიტი გრიგოლი ყურადღებას ამახვილებს უკრაინის ავტოკეფალიის საკითხის პოლიტიკურ შემადგენელზე და ამბობს, რომ მასში სახიფათო ნაღმებია დამალული. „ამ საკითხში იმდენად ძლიერია პოლიტიკური შემადგენელი, რომ რელიგიურს ტოლს არ უდებს. იქნებ, საზოგადოების აზრი შეგვესწავლა და ის გაგვეზიარებინა? ეს თემა იმდენად დიდი მნიშვნელობის მატარებელია, მისი გავლენა აისახება არა მხოლოდ ეკლესიის ცხოვრებაზე, არამედ, ზოგადად, ქვეყნის ცხოვრებაზე. მით უმეტეს, ჩვენი სახელმწიფოს სპეციფიკის გათვალისწინებით, სადაც ეკლესიას ძალიან ძლიერი პოლიტიკური გავლენა აქვს. უნდა ვივარაუდოთ, რომ სამომავლო სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს ეს გადაწყვეტილება, რომელმაც, შეიძლება, საქართველო დააბრუნოს იმ წიაღში, საიდანაც გამოვედით, მაგრამ ბოლომდე არ დაგვიღწევია თავი. ესაა საბჭოთა მენტალიტეტის, საბჭოური ისტორიის წიაღი. ჩვენ დამოუკიდებელი ვართ პოლიტიკურად, მაგრამ ეს პროცესია. ბოლომდე არ ვართ წარსული გავლენებისგან თავისუფალი“,- აცხადებს მიტროპოლიტი გრიგოლი.

მისივე განცხადებით, „რუსეთი, თუ საჭიროდ ჩათვლის, ჩაერევა ამ საკითხში, მისი ინტერესებიდან გამომდინარე“.

„თუმცა, ამ საკითხის დაკავშირება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან არ იქნებოდა სწორი, რადგან რუსეთის ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება იქცეს ჩვენი პოზიციების განმაპირობებლად. ჩვენ სიმართლის მხარეს ვართ, თუ კონიუნქტურის მხარეს? ერთია სიფრთხილე, მაგრამ ეს ტერიტორიები, ფაქტობრივად, არ კონტროლდება საქართველოს მიერ. იქ რუსული ჯარი დგას და ვიდრე ეს ასეა, მე არაფერ განსაკუთრებულ სიკეთეს არ ველი საქართველოსთვის“,- აცხადებს მიტროპოლიტი გრიგოლი.

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა ილარიონ ალფეევმა, დაახლოებით ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ „საქართველოს ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს უკრაინის ავტოკეფალიას, რადგან თბილისში კარგად ესმით, რა ემუქრება საქართველოს ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში“.

"ინტერპრესნიუსი"