"ყველა ექსპონატი ადგილზეა და მათი ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს“ - რას აცხადებს ეროვნული მუზეუმი ე.წ. ვანის ყელსაბამზე გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე? - კვირის პალიტრა

"ყველა ექსპონატი ადგილზეა და მათი ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს“ - რას აცხადებს ეროვნული მუზეუმი ე.წ. ვანის ყელსაბამზე გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე?

უკვე რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ვანში აღმოჩენილი ძვ.წ. V საუკუნით დათარიღებული ყელსაბამის შესახებ, თითქოს სამკაულს "აკლდა 12 ცალი კუს გამოსახულებიანი ფიგურა, რასაც საქართველოს ეროვნული მუზეუმი ეხმიანება. გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

"გაცნობებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. მსგავსი ცრუ ინფორმაცია გასულ წლებშიც ვრცელდებოდა და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე 2013 წელს შეიქმნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის „საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 2004-2012 წწ ექსპონატების გატანა-შემოტანის საკითხის შემსწავლელი დროებითი კომისია“, რომელიც დაკომპლექტდა დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. კომისიის მუშაობის შედეგად მიღებულ დასკვნაში ვკითხულობთ: „კომისიის მიერ ექსპონატების თანმხლები დოკუმენტაციის, შენახვა-დაცვის პირობებისა და მათი მდგომარეობის ვიზუალური შესწავლით დადგინდა, რომ ყველა ექსპონატი ადგილზეა და მათი ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს“.

როგორც ფართო საზოგადოებისთვისაა ცნობილი, ვანის ყელსაბამი წარმოდგენილია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგანძურის მუდმივმოქმედ გამოფენაზე, ამჟამად კი გამოფენილია ფრანკფურტის ლიბიგჰაუსის მუზეუმში ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს. გამოფენის დასრულების შემდეგ, 5 მარტიდან, კი კვლავ გამოიფინება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგანძურში".