"ერთ დღეს გავიგე, რომ ფეხმძიმედ­ ვიყავი, ცხოვრებამ გამოსწორების შანსი მომცა, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"ერთ დღეს გავიგე, რომ ფეხმძიმედ­ ვიყავი, ცხოვრებამ გამოსწორების შანსი მომცა, მაგრამ..."

არქივი, გამოქვეყნებულია 2019 წელს

ნარკომანი ქალის დღიური

ზუსტად არ ახსოვს, როდის და როგორ დაიწყო ყველაფერი. რამდენჯერმე თანატოლებთან "მოსაწევი" გასინჯა. შემდეგ "თინეიჯერული კომპლექსების მოხსნას" მოუხშირა - მეგობრები ურჩევდნენ, მოწევა სულიერი თავისუფლების პოვნაში დაგეხმარებაო.

მოსწავლეობისას გათხოვდა. ქმარი ნარკომომხმარებელი იყო, მაგრამ ცოლს მსუბუქი ნარკოტიკის მიღებასაც უკრძალავდა. თუმცა მეგობრებმა გადაწყვიტეს ერთხელ "წამალიც" გაესინჯათ... 20 წლისამ აღმოაჩინა, რომ ნარკოდამოკიდებული იყო. რამდენიმე წლის შემდეგ ნარკოტიკების მოხმარება-შენახვის ბრალდებით დააკავეს...

39 წლის ანა "კვირის პალიტრას" თავისი ცხოვრების უმძიმეს წლებზე უამბობს...

თინეიჯერული კომპლექსების "სამკურნალოდ..."

"90-იანი წლები იყო და სახლში არც სითბო გვქონდა, არც დენი, არც ტელევიზორი. სკოლაში გაკვეთილები მაინც არ გვიტარდებოდა და თავიდან უბრალოდ ვერთობოდით. სკოლის დამთავრებამდე გავთხოვდი. უბანში ყველაზე "მაგარ ბიჭს", 24 წლის გიოს გავყევი ცოლად. ის უკვე ნარკომომხმარებელი იყო, რაც ჩემი თაობის გოგოებისთვის ტრაგედია არ ყოფილა. გიომ მკაცრად გამაფრთხილა, მარიხუანისკენ ერთხელაც რომ გაიხედო, მოგკლავო. მალე დავფეხმძიმდი, თუმცა ბავშვი თანდაყოლილი გულის მანკით დაიბადა და დაიღუპა. ეს იყო პირველი შოკი ჩემს ცხოვრებაში. მივხვდი, სამყარო მხოლოდ გასართობად არ იყო შექმნილი. გარშემო ყველასა და ყველაფერს ვადანაშაულებდი, მათ შორის, ქმარსაც.

მერე ისევ ძველი მეგობრებისკენ გამიწია გულმა. გიოს მათთან ურთიერთობა არ დაუშლია, თუმცა სულ მაკონტროლებდა. მეც სახლში ვიჯექი და ჩემი "ბანდაც" გარშემო ტრიალებდა. მათ შორის იყვნენ ჩემი ქმრის მეგობრების ცოლებიც - სკოლის მერხიდანვე მოტაცებულ-გათხოვილი გოგონები. ერთხელ, სააბაზანოში სარკის უკან "გამზადებული" შპრიცი ვიპოვე. სახლში სამი გოგო ვიყავით და დიდხანს არ გვიმსჯელია - ერთხელ გავსინჯოთ და მორჩაო. კონკრეტულად რა იყო, არ ვიცოდით. სხვა შეგრძნება არ მახსოვს, მხოლოდ ცხელ ტალღას ვგრძნობდი მთელ სხეულში.

საღამოს გიო რომ დაბრუნდა, ყველაფერი თავდაყირა დააყენა. სააბაზანოდან გაფითრებული გამოვიდა ოთახში, მითხარი, რომ შენ არ აგიღიაო. ამ სცენისთვის მზად ვიყავი და ისეთი კონცერტი გავუმართე, ამას როგორ მაბრალებ-მეთქი, რომ ხმა აღარ ამოუღია. რამდენიმე ხნის შემდეგ ასეთივე "საჩუქარი" სხვამაც მოიტანა. გიო ფრთხილობდა და სახლში არაფერს ტოვებდა, მაგრამ მე ოჯახისთვის დატოვებული ფულის დიდ ნაწილს ვაძლევდი იმას, ვინც ამ საქმეში "ცალკე არხი გაჭრა".

ვუსმენდით ჯგუფს - "ნირვანა" და მიგვაჩნდა, რომ განსაკუთრებულები ვიყავით, თავი მაგარი ტიპები გვეგონა და "შკოლნიკებივით" არ ვცხოვრობდით. ჩვენი კერპი კურტ კობეინი იყო. უბანში ტატუ პირველმა ჩემმა დაქალმა გაიკეთა. ეს იყო უმძიმესი 1990-იანები და იმ ნაცრისფერ თბილისში უდიდეს სიამოვნებას ვიღებდით. ჩემი ქმარი ერგნეთის მხარეს დადიოდა, ბიზნესიც ჰქონდა და "საჩუქრებსაც" არ იკლებდა.

გზა ჭაობისკენ

ერთ დღეს გავიგე, რომ ისევ ფეხმძიმედ ვიყავი და თითქოს ცოტა გონს მოვედი. გიომ ჩემი ფეხმძიმობის შესახებ რომ შეიტყო, უზომოდ გაუხარდა. მონასტერში წავიდა ორი კვირით, ვილოცებ, ჩვენი შვილი ჯანმრთელი დაიბადოსო. თითქოს შეგვისმინა უფალმა ლოცვა და ცხოვრების წესის გამოსწორების შანსი მოგვცა, მაგრამ მონასტრიდან დაბრუნებული გიო ლამის ერთი თვე არ გამოფხიზლებულა. მეც უკვე ვგრძნობდი, რომ "რაღაც" ძალიან მინდოდა მოსადუნებლად ან გასაფრენად, მაგრამ თავს ვერ ვუტყდებოდი.

მაშინ 22 წლის ვიყავი. რაც დრო გადიოდა, ის "რაღაც" არ მასვენებდა. მშვიდად არ მეძინა, სულ გაღიზიანებული ვიყავი. გიო ამას ფეხმძიმობის შემდგომ პერიოდს აბრალებდა. ერთხელ მითხრა, თუ გინდა, ცოტა ხნით დედაშენთან წადი, დაგეხმარებაო. მეც მეგონა, გარემოს შეცვლა მიშველიდა. ერთხელ დედაჩემთან სტუმრად ჩემი მეგობრები მოვიდნენ. მათ შორის იყო ყველაზე "ყოჩაღიც". გოგონები ოთახში განვმარტოვდით თუ არა, მან ჩანთა გახსნა ეშმაკური ღიმილით და... ყველამ გავინაწილეთ.

ერთხელ ვიღაცამ დაგვასმინა. გიო დედაჩემთან მოვარდა, ყვიროდა, მოგკლავო. დედა შოკში იყო, ვერ გაიგო, რა ხდებოდა. მამა რუსეთში მუშაობდა და იქიდან რეკავდა, მაგრამ ქმარმა ნამუსი შემინახა, სახლში წამიყვანა და თვალს არ მაშორებდა. ბიჭები რომ მოდიოდნენ, აივანზე გადიოდნენ და იქ "იჩხირავდნენ". მუდმივმა თვალთვალმა ისე დამღალა, სული კბილით მეჭირა, მაგრამ ვუძლებდი. ალბათ, ჯერ კიდევ ჰქონდა ორგანიზმს მოთმენის უნარი. ასე გავიდა ორ კვირაზე მეტი. ვცდილობდი, მთლიანად ბავშვზე ვყოფილიყავი გადართული. დედაჩემი იმ უტრანსპორტობასა და სიბნელეში რამდენიმე გაჩერებას ფეხით გადიოდა. დღემდე ვნანობ, რომ მისთვის მადლობა არ მითქვამს.

ერთხელ შუაღამეს დროის გასაყვანად უჯრების დალაგება დავიწყე. ჯერ კიდევ მეგონა, რომ ნარკომანი არ ვიყავი და თავს ვაკონტროლებდი. უცებ უჯრაში ძველ დღიურებთან ერთად სავსე შპრიცსაც გადავაწყდი. გიოს ეძინა და ვიფიქრე, რომ მის გაღვიძებამდე ნარკოტიკით გამოწვეული ეიფორია გადამივლიდა. სინამდვილეში, ქმარმა გამოცდა მომიწყო და ბურანში წასულს თავზე დამადგა. გათენებას დაელოდა, დედაშენს ინფარქტს ვერ დავმართებო და დილით გვარიანად ნაცემი მამისეულ სახლში მიმიყვანა.

"ამ კოშმარში ჩაიძირა ჩემი ბავშვობა"

დედას უამრავი ტყუილი ვუთხარი, გიო ეჭვიანობს, სხვა ქალის მოყვანა უნდა, მარტო ყოფნა და თავისუფლება სურს, ამიტომ დამაბრალა-მეთქი. არ დამიჯერა... რამდენიმე მეგობარს სახლში მოსვლა აუკრძალა, ჩემს შვილზე ცუდ გავლენას ახდენთო, მაგრამ უკვე გვიანი იყო. თავად ვეძებდი მათთან მისასვლელ გზებს. ბავშვს დედა ზრდიდა, მე კი ხან ერთ დაქალთან ვრჩებოდი, ხან მეორესთან. დედაც ხან სად მეძებდა, ხან სად. "ბანდას" ახალი წევრები ემატებოდნენ: ბიჭები, გოგოები, ქმარს გაცილებულები, გასათხოვრები... ყველას გვყავდა ნაცნობი ნარკორეალიზატორი, ექიმი ან ფარმაცევტი აფთიაქში, რომელიც საჭირო ინგრედიენტებს გვაძლევდა. დოზებს თავად ვსაზღვრავდით. ეს კიდევ ცალკე "სკოლა" იყო.

ეს იყო ერთი დიდი კოშმარი, რომელშიც ჩაიძირა ჩემი ბავშვობა, შვილი, დედა, მამა და ქმარი. ძველ და ახალ შპრიცებს უკვე ვეღარ ვარჩევდი. ფსორიაზი დამეწყო, ჯანმრთელობა შემერყა...

"ბუნაგებს" ხშირად ვიცვლიდით ახალი სანაცნობო წრის მეშვეობით და ხვალინდელი დღის გარანტიებს ვიღებდით.

ერთხელ ტაქსით "ბუდეში" ვბრუნდებოდით და ფანჯრიდან დედაჩემის სილუეტი დავლანდე - ცალი ხელით პატარა ბიჭი ჰყავდა ახუტებული, მეორით სურსათით სავსე ჩანთას მოათრევდა. ქვეყნად თავი ყველაზე ამაზრზენ ადამიანად ვიგრძენი. სიკვდილი მინდოდა. მერე, რაც ხელში მომხვდა, ყველაფერი გავიკეთე.

როგორ გადავრჩი...

გონზე საავადმყოფოში მოვედი. თავთან დედა მეჯდა, მოკუნტული, დაპატარავებული. გულწრფელად ვინანე, რომ გადავრჩი. ვინ გადამარჩინა, დედა, რას მერჩოდა-მეთქი, ამოვილუღლუღე. თქვენი შვილი აქამდე უნდა გეტირათო, უთხრა ვიღაც ქალმა დედას და კარი გაიჯახუნა. ერთი სიტყვით, ზედოზირების გამო, ვიღაცამ "სასწრაფო" გამოიძახა. პოლიციაც მოვიდა და 11 ადამიანი აიყვანეს, მათ შორის მეც ვიყავი, ცოცხალ-მკვდარი...

ნარკოტიკების დიდი ოდენობით შენახვისა და მოხმარებისთვის 6 წელი და 8 თვე მომისაჯეს. დედა ციხეშიც მაკითხავდა, ვთხოვე, ბავშვი არ მომიყვანო, ამ მდგომარეობაში არ მინდა მნახოს-მეთქი. ბავშვის სკოლის ამბებს მიყვებოდა. ჩემი ქმარი არც ერთხელ არ უხსენებია. სხვებისგან გავიგე, რომ რუსეთში გადაიხვეწა და დაიკარგა. ციხეში იმაზე თავისუფლად იშოვებოდა ნარკოტიკი, ვიდრე გარეთ. ზოგი ჩინურ ფსიქოსტიმულატორს მიეძალა და ნერვული შეტევები, პარანოია დაეწყო. მივხვდი, თუ გავაგრძელებდი, დავიღუპებოდი...

C ჰეპატიტი და კიდევ რამდენიმე ვირუსული დაავადება აღმომაჩნდა. დავიწყე მკურნალობა, პარალელურად, ხელსაქმე, ხატვა, წერა, ძალიან ბევრს ვკითხულობდი... დედას ვთხოვდი, ხშირად მოსულიყო, ის ერთგვარი სინდისის მათრახი იყო ჩემთვის. ცოტა აზრზე რომ მოვედი, გამიმხილა, რომ მამას რუსეთში ებრაელი ქალი შეურთავს ცოლად და შვილებიც გაუჩენიათ.

ისეთი ძლიერი შეტევები მქონდა, ტრანკვილიზატორებს ვიღებდი. ზოგჯერ ვითიშებოდი კიდეც. პირველად ყველაზე ხანგრძლივმა რემისიამ, ანუ სიფხიზლის პერიოდმა, 8 თვეს გასტანა... დედაჩემისა და ჩემი შვილის არსებობას ჩავებღაუჭე და გადავრჩი. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა, მაგრამ დღემდე მახსენებს თავს, შეიძლება 40 გრადუს სიცხეში ძვლებამდე შემცივდეს.

ჩემი შვილი დედაჩემის დამსახურებით კარგი ადამიანი დადგა. ვცდილობ, ნაადრევად დაბერებულ დედასთან ძველი ცოდვები გამოვისყიდო. პატარ-პატარა სამუშაო მაქვს და თითქოს არ გვიჭირს, მაგრამ ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები ნარკოტიკმა შეიწირა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ახალგაზრდობის მეგობრებიდან რამდენიმე გამომეხმაურა, მე კი მათთან ურთიერთობის გასაწყვეტად საცხოვრებელი ადგილი შევიცვალე.