"მხოლოდ სიტყვა "დედა" ახსოვდა და გამუდმებით მეძახდა"
"მხოლოდ სიტყვა "დედა" ახსოვდა და გამუდმებით მეძახდა"
"ეს დაავადება წითელაზე აუცრელ ბავშვებს ემართებათ, გიორგის აცრა ცოტა დავუგვიანე, შვიდი თვისა ავცერი, წითელა კი ექვსი თვისას შეხვდა და ბაქტერია დაუტოვა, რომელიც 16 წლამდე ასაკში იღვიძებს და ტვინს ჭამს!"

არსებობს ტკივილი, რომლის სიტყვებით გადმოცემა უძნელესია. სამი შვილის დედის, ირინა ქობულაძის ტკივილიც ეს არის - ენით აღუწერელი: როდესაც სამი წლის წინ მითხრა, ჩემს 12 წლის გიორგის პანენცეფალიტი დაემართა, ეს დაავადება ტვინს თიშავს, დამეხმარეთ, ასე არ მოხდესო, ამის შემდეგ კარგა ხანს იჯდა
გაფითრებული და უმეტყველო. ბოლოს ისევ მე ვკითხე, ეს რა დაავადებაა-მეთქი და მიპასუხა, წითელაზე აუცრელ ბავშვებს ემართებათ, გიორგის აცრა ცოტა დავუგვიანე, შვიდი თვისა ავცერი, წითელა კი ექვსი თვისას შეხვდა და ბაქტერია დაუტოვა, რომელიც 16 წლამდე ასაკში იღვიძებს და ტვინს ჭამსო! თავიდან მეც ვერ მივხვდი, ეს რა
იყო, გიორგიმ თავად მითხრა, დედა, მე ვიცი პანენცეფალიტი რაც არის, სიკვდილიაო!

დამეთანხმებით, ამის მოსმენა ადვილი არ იყო, მით უფრო, დაწერა. მაგრამ უნდა დამეწერა - ადამიანებს ამან სიკეთის გაკეთების საშუალება მისცა, განადგურებულ დედას კი გულის მოოხების, რომ შვილის გადასარჩენად ყველაფერი გაეკეთებინა, რაც დედამ უნდა გააკეთოს. თუმცა კი ამაოდ. გიორგი სამი წელიწადია კომაშია, დედამისი კი ისევ იმაზე ფიქრობს, რომ მისი გიორგის სუნთქვა არ შეწყდეს.

- ის დღეები რომ მახსენდება, როცა გიორგი ნელ-ნელა ეცემოდა, ამ ქვეყნიდან გაქრობა მინდა, მაგრამ ასე როდი ყოფილა. როცა ამბობენ, უფალი ადამიანს იმაზე მეტ განსაცდელს არ მისცემს, რისი გაძლებაც არ შეუძლიაო, მართალი ყოფილა, ახლა ყველაფერს გაქვავებული ვაკეთებ. ყველაზე ძნელი წუთები ის იყო, როცა ვხედავდი, როგორ უძლურდებოდა ჩემი ჭკვიანი და ლამაზი ბიჭი, როგორ უსუსტდებოდა მუხლები, როგორ მიათრევდა ფეხებს, როგორ დაეჭიმა და გაუშეშდა ხელები, ფეხები და ყველა ნაკვთი, ახლა კი მხოლოდ უნდა ვაცოცხლო და კიდეც ვაცოცხლებ.

- გიორგი ხვდებოდა მის თავს რა იყო?
- უკვე ვეღარ. ნელ-ნელა ყველა და ყველაფერი დაავიწყდა, ოჯახის წევრების და ჩემი სახელიც კი. მხოლოდ სიტყვა "დედა" ახსოვდა და გამუდმებით მეძახდა. სულ ჩემ გვერდით ყოფნა უნდოდა, რომ გულში ჩამეკრა იმ პატარა ჩვილი გიორგივით, რომელიც ოდესღაც მყავდა. ერთ საშინელ დღეს ყბებიც შეეკრა, რომ ვეღარ გავუხსენით, იაშვილის საავადმყოფოში წავიყვანეთ და ამით დამთავრდა ყველაფერი. საავადმყოფოში მხოლოდ ის შეძლეს, რომ გიორგისთვის ზონდით საჭმლის მიცემა მასწავლეს.

- მას შემდეგ მისთვის სიცოცხლის ნიშან-წყალი არ შეგიმჩნევიათ?
- პირველ თვეებში ვამჩნევდი, როცა ჩავიხუტებდი და ვკოცნიდი, მტრედივით აღუღუნდებოდა, ახლა ესეც გაქრა.

- რა დარჩა?
- ჩემი შვილი სუნთქავს. როდესაც ღამღამობით მის გვერდით ვწევარ, მისი სუნთქვა მესმის. მეშინია, რომ დავიძინო, ვეღარ გავიგებ, ამიტომ სამი წელიწადია, არ მძინავს. ხანდახან გიორგის კბილების ხმაც მესმის, პირს ვერ ვუღებთ, ყბები იმდენად დაჭიმული აქვს, მაგრამ კბილებს ერთმანეთზე მაინც ძლიერად აჭერს. იმდენად ძლიერად, რომ მთქნარების რეფლექსი აქვს შენარჩუნებული და მაშინ ვხედავ, რომ კბილები სულ ჩალეწილი აქვს. იცით, გიორგი იზრდება, ზრდისთვის მნიშვნელობა არა აქვს კომას. რომ იზრდებოდა, პირველად მაშინ მივხვდი, როცა ძველი შარვალი აღარ ეტეოდა.

- გიორგიზე უმცროსი ტყუპიც გყავთ და მათ როგორ სწვდება დედის მზრუნველობა?
- ისინი გიორგის ჩემზე მეტად ეფერებიან. როდესაც მაღაზიაში გავდივარ, შინ შემოსვლისას სულ მესმის, პატარა ბავშვივით რომ უჩლექენ ენას.

- როგორ აუდიხართ ამდენს, გიორგის ხომ რამდენიმე წამალი და საკვებიც სჭირდება?
- არაფერს ვაკლებ. ჩემი მეუღლე დღისით სახელმწიფო სამსახურში მუშაობს, ღამით კი ტაქსაობს და როგორღაც ვართ, თანაც სრულიად უცნობ ადამიანებს ვახსოვარ და მეხმარებიან. გიორგის სპეციალური საწოლიც უცნობმა გოგონამ მიყიდა. რა ვთქვა... ვერასოდეს ვერავინ გადამარწმუნებს, რომ სიკეთე სიკეთის მკეთებელს უკან არ უბრუნდება, მაგრამ ახლა ისეთი რამ დამჭირდა, რომ მეშინია, ვეღარ ვიყიდი, რადგან ძალიან ძვირია. გიორგის ჟანგბადის ელექტროაპარატი სჭირდება, რომელიც 2000 ლარი ღირს.

- ამის ნუ გეშინიათ, დამხმარე უსათუოდ გამოჩნდება, მაგრამ თქვენც მეფიქრებით, ძნელია თქვენი ტვირთის ზიდვა.
- იცით, ჩემი შვილი სიზმარში მესიზმრება და ის მახარებს. ჩემი გიორგი ულამაზესი იყო, მაგრამ მე ისეთი კი არ მესიზმრება, როგორიც იყო, არამედ ისეთი, როგორიც ახლა არის, ოღონდ ფეხზე წამომდგარი, მეუბნება, დედა, ნუ გეშინია, კარგად ვარო, თან ლოყებზე მჩქმეტს და მკოცნის, როგორც იცოდა ხოლმე.

თიბისი ბანკი. ანგარიში:

GE95TB7679145061100041. მიმღები ირინე ქობულაძე;

ლიბერთი ბანკი. ანგარიში:

GE79LB0711196350689000. მიმღები გაგა მოდებაძე;

საკონტაქტო ნომერი: 557233233
მირზა
12 თებერვალი 2019 13:40
დამეწვა გული, უფალმა გაგაძლებინოს და გამოგიჯანმრთელოს შვილი!
რა ცოდვა გვაქვს ქართველებს ასეთი?
მოვკვდი და აღარ დავრჩი!
MAGNOLIA
12 თებერვალი 2019 12:49
იქნებ 6 თვის ბავშვს სურდო აქვს და 7 თვისა ავცერი, ან თუ შეხვდა რაღად უნდა აცრა, ვერ გავიგე. ღმერთმა გაძლება მოგცეთ
...
12 თებერვალი 2019 03:38
ექვსი თვის ბავშვმა მოიხადა წითელა და ერთ თვეში კვლავ ხელოვნურად შეუყვანეს წითელას ვირუსი, თან კაცმა არ იცის რა ხარისხის ვაქცინა. დედის ადგილას მე ვუჩივლებდი ექიმს და მოვითხოვდი ზიანის ანაზღაურებას. და საინტერესოა ვინც წერს ,რომ თურმე აუცრელი ბავშვები არიან საზოგადოებისთვის საშიშნი, საერთოდ წარმოდგენა თუ აქვთ რა სისულელეს ამბობენ? საშიშია აცრილი ბავშვი, რომელიც ხელოვნურად ვირუსმატერებელია და გარკვეული პერიოდი უნდა მოარიდონ ჯანმრთელ ბავშვებს!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საატესტატო გამოცდების გაუქმების ფაქტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საატესტატო გამოცდების გაუქმების ფაქტს?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები