"უძრავი ქონებით მოვაჭრეს მეძახიან ხუმრობით..." - კვირის პალიტრა

"უძრავი ქონებით მოვაჭრეს მეძახიან ხუმრობით..."

ცნობილი მომღერალი ოთო ნემსაძე ამჟამად მუსიკალური კონკურსის, "საქართველოს ვარსკვლავის" მონაწილედ მოგვევლინა. როგორც ამბობს, მისთვის მთავარი გამარჯვებაა, რის შემდეგაც ევროვიზიის საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს სახელით სიმღერის პატივი ერგება. საკუთარი ცხოვრების დეტალებით ოთო ნემსაძე "კვირის პალიტრას" ესაუბრა:

- გორელი ვარ, რაღაც სხვანაირი ატმოსფეროა იქ, სხვანაირი ხალხი ცხოვრობს, პატარაა, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი სიყვარულია. სამწუხაროდ, გორში აგვისტოს ომის დროს არაერთი ტრაგედია დატრიალდა. ბებია ოსი მყავს და დიდი დრო მაქვს გატარებული ცხინვალშიც, ახლომახლო სოფლებშიც, ნათესავებთან, რომელთაც დღეს ტელეფონით ვეკონტაქტები. მჯერა, შორს არ არის ის დღე, როცა ჩვენი ტერიტორიები დაბრუნდება.

- როგორი ბავშვი იყავი? - ისეთი, როგორიც ყველა - ცელქი, მოუსვენარი.

მამა ეკონომისტი მყავს, დედა ინჟინერი. დედის დამსახურებაა, რომ მე და ჩემს ძმას მუსიკა შეგვიყვარდა.

- რა პროფესიაზე ოცნებობდი? - პატარა რომ ვიყავი, თურმე სულ გავიძახოდი, პროკურორი უნდა გამოვიდე-მეთქი. კიდევ კარგი, მაგხელა პასუხისმგებლობა არ ავიკიდე, თუმცა საბოლოოდ არანაკლებ საპასუხისმგებლო პროფესიას დავეუფლე - მამაჩემის არ იყოს, მეც ეკონომისტი ვარ. რამდენიმე წელი ვიმუშავე ამ პროფესიით, 2009 წლამდე, ფინანსთა სამინისტროშიც, მერე კი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა მუსიკალური კონკურსი "ჯეოსტარი", რომელშიც გავიმარჯვე.

- მას შემდეგ რამდენ კონკურსში მონაწილეობდი? - პატარა პროექტებს არ დავასახელებ... 5 დიდი მეგაპროექტი იყო ჩემს კარიერაში: "ჯეოსტარი", უკრაინის "ახალი ხმა", "ბრავო", "ერთი ერთში", "10+10" და "საქართველოს ვარსკვლავი". მთავარი პრიზი დავიმსახურე უკრაინაში, "ბრავოში", "ჯეოსტარში"... "ერთი ერთში", პრიზი ავიღე მეორე ადგილის გამო. მე ხომ უძრავი ქონებით მოვაჭრეს მეძახიან ხუმრობით, ხან მანქანას ვიგებ, ხან ბინას, ხან კიდევ რა ვიცი, რას...

- კონკურსებში მონაწილეობის მიზანი რა იყო? - პროფესიული ზრდა. ჩემდა ბედად, ყოველთვის საუკეთესო მუსიკოსების ხელში ვხვდებოდი, ისინი დღეს უკვე ჩემი კოლეგები და მეგობრები არიან.

სცენაზე გასვლის წინ ყველაფერს კულისებში ვტოვებ და მუსიკასთან პირისპირ ვრჩები. ჩემთვის მუსიკა უპირველესია.

- ამჟამად "საქართველოს ვარსკვლავში" მონაწილეობ. ამ შემთხვევაში რა გაქვს მიზნად? -"ევროვიზიაზე წასვლა. ყველაზე მასშტაბური მეგაპროექტი მსოფლიოში ევროვიზიაა.

- ქართველი მომღერლებისთვის ევროვიზია არც ისე იღბლიანი კონკურსია. ფინალის შემდეგ ქართველი მონაწილეები ყოველთვის თავს იმართლებენ ხოლმე, პოლიტიკური კონკურსია და მარტო მუსიკალური მონაცემებით შორს ვერ წავიდოდითო. - მცდარია აზრი, თითქოს ევროვიზიას რაღაც ფორმატები აქვს. ჩემთვის სადაც მუსიკაა, იქ გადამწყვეტი არც პოლიტიკაა, არც სხვა რამ. ევროვიზიის ბევრი გამარჯვებული ვიცი, რომელთაც დამსახურებულად, მუსიკალური შესაძლებლობების გამო დაიმსახურეს აღიარება. არ ვამბობ, რომ აუცილებლად გავიმარჯვებ, მაგრამ თუ მომეცა იქ გამოსვლის შანსი, გპირდებით, გულგრილს არავის დავტოვებ. კონკურსების მოგება მთავარი არ არის, შეიძლება მე "ჯეოსტარი" წამეგო, მაგრამ აქამდე მაინც მოვიდოდი.

- "საქართველოს ვარსკვლავში" ერთ-ერთი კონკურენტი შენი ძმაც იყო. რას გრძნობდით, როდესაც ოჯახის ორი წევრი ერთად იბრძოდით გამარჯვებისთვის? - რთული იყო არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩვენი მშობლებისთვისაც.

- ერთ-ერთ ინტერვიუში ხუმრობდი, ჩვენი ცოლები ჩვენს გულშემატკივრობაში ხოცავენ ერთმანეთსო. - ახლა ყველა ოთო ნემსაძეზეა მობილიზებული. ძნელია ჩემი აუტსაიდერებში დაყენება. მეექვსე კონკურსია, აუტსაიდერებში არ ვმდგარვარ.

- ყველაზე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი შეფასება ვისგან მიგიღია? - ხალხისგან... ქუჩაში მხვდებიან და მეუბნებიან, გვიყვარხარო. დიდი მადლობა თითოეულს, უთქვენოდ ოთო ნემსაძე აქამდე ვერ მოვიდოდა.