ნუგზარ შატაიძის "გაღმა ნაპირის" სევდა - კვირის პალიტრა

ნუგზარ შატაიძის "გაღმა ნაპირის" სევდა

ნუგზარ შატაიძის შემოქმედებას ეთმობა "ქართული პროზის საგანძურის" 31-ე ტომი. ,,გაღმა ნაპირი" - ასე ჰქვია "საგანძურის" ამ კრებულს, რომელშიც, ძირითადად, მწერლის ძველი მოთხრობებია შესული.

საბჭოთა პერიოდში კრიტიკოსები მის შემოქმედებას სოფლურ და ქალაქურ პროზად ყოფდნენ, რასაც ავტორი განიცდიდა და არ მოსწონდა. ამიტომ ჩვენ, უბრალოდ, ასე ვიტყვით: "გაღმა ნაპირში" შესული მოთხრობების ძირითადი თემა სოფელია. მიუხედავად იმისა, რომ ნუგზარ შატაიძე თბილისში დაიბადა და გაიზარდა, სოფელი ძალიან უყვარდა; უყვარდა ბუნება, ცხოველები, ფრინველები და ჩიტის ჭიკჭიკის მიხედვით შეეძლო, ამოეცნო მისი "ვინაობა"...

რომანებს არ წერდა, თუმცა, მწერლის სიდიდე ნაწარმოების გვერდების რაოდენობით არ განისაზღვრება. ერთხელ მართლაც გადაუწყვეტია რომანის დაწერა, მაგრამ მერე ნაწერი გაცხრილა და ერთი დიდი მოთხრობა გამოვიდა - "პური". ნუგზარს არ უყვარდა ზედმეტი სიტყვები, ნაწერს მაქსიმალურად "წურავდა" და ტოვებდა ყველაზე მთავარს; რუსთველის პრინციპით მოქმედებდა - "გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის"...

მისი პირველი მოთხრობა - "თეთრი ყვავილები" ჟურნალ "ცისკარში" 1968 წელს დაიბეჭდა, ხოლო მოთხრობების პირველი კრებული 1979 წელს გამოიცა.

სოლოლაკში პატარა, საკუთარ სახლში ერთი ოთახი მოიწყო, ზამთარში ძირითადად იქ წერდა, გაზაფხულის დადგომიდან გვიან შემოდგომამდე კი ეზოში, დიდი მწვანე ქოლგის ქვეშ შეფარებული იჯდა, მაგიდაზე ფურცლებს გაშლიდა... ქუჩაში მოთამაშე ბავშვების ჟივილ-ხივილი წერაში ხელს არ უშლიდა. მუშაობის თავისი გრაფიკი ჰქონდა:

დილით ადრე დგებოდა, ბაღს მორწყავდა, საუზმეს გაიმზადებდა (საერთოდ, კარგი კულინარი ყოფილა) და წერას იწყებდა. ხშირად, შუადღეს იძინებდა, მერე ისევ მაგიდას მიუჯდებოდა და გვიან ღამემდე მუშაობდა. ბილიარდი, რაგბი და ჩოგბურთი უყვარდა; მაგრამ ჭიდაობა განსაკუთრებით ხიბლავდა, თავადაც ჭიდაობდა და სპორტის ამ სახეობაზე წლების განმავლობაში "ლელოში" წერდა.

მის ყველა მოთხრობაში გარკვეული ტრაგიზმი შეიმჩნევა. თავადაც ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ცხოვრებისადმი. მის ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ ნაცნობ-მეგობრები, რომლებსაც საკუთარი ხელით დაწურული ღვინით უმასპინძლდებოდა და ბუხარში მწვადს უწვავდა. სუფრაზე, უკვე შეზარხოშებულ და გამხიარულებულ თანამეინახეებთან სწორედ მაშინ ამბობდა ისეთ მწარე და მტკივნეულ სადღეგრძელოებს, რომელთა მიმართ გულგრილი ვერავინ რჩებოდა. ცხადია, ბევრი რამ აწუხებდა და თავს უფლებას არ აძლევდა, ბოლომდე ბედნიერი ყოფილიყო მაშინ, როცა ვიღაც ცუდად იყო; არ შეეძლო წუთისოფელს გამოთხოვებული მეგობრები არ გაეხსენებინა...

არაერთხელ გაჩერებულა მოთხრობისა თუ ნოველის წერისას, მიუტოვებია ნაწერი და წლების შემდეგ მიბრუნებია. წერა შუაღამესაც რომ დაემთავრებინა, მოთხრობას შვილებს და მეუღლეს უკითხავდა. სწრაფად, დიდი განცდით კითხულობდა. მეუღლე ელისაბედ (დოდო) ყვავილაშვილი ეტყოდა ხოლმე, მე თვითონ წავიკითხავო, მაგრამ არ  ანებებდა. ზოგიერთი მოთხრობის მოსმენის შემდეგ ქალს ძილი აღარ ეკარებოდა, კაცი კი ემოციურად დაცლილი და შრომით დაღლილი მაშინვე იძინებდა.

საკუთარი მოთხრობებიდან ბევრი უყვარდა, ბევრიც - არა; განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა რამდენიმე და მათ შორის - "პურის მოთხრობის" მიმართ. ავტორმა ის მეორე ინფარქტის გადატანის შემდეგ დაწერა. მძიმე ავადმყოფმა ოპერაციამდე მისთვის უჩვეულო სისწრაფით იმუშავა თურმე. ეტყობა, ეშინოდა, რომ ვერ მოასწრებდა. მაშინ კი გამოკეთდა, მაგრამ მერე მაინც უღალატა გულმა...

რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ფილმი "გაღმა ნაპირი", რომელიც ნუგზარ შატაიძის ნოველის "მოგზაურობა აფრიკაში" მიხედვით შეიქმნა, გერმანიაში ჰქონდათ წაღებული. ფილმის ჩვენების დღეს, ისე, რომ ჯერ ჟიურის შეფასებები არ იცოდა, სცენარის ავტორი გარდაიცვალა. "გაღმა ნაპირმა" იმ დღეს და შემდეგაც არაერთ  კინოფესტივალზე მიაღწია წარმატებას და სხვადასხვა პრიზიც მიიღო, თუმცა ნუგზარ შატაიძე ამ სასიხარულო ამბებს აღარ მოსწრებია...

ანა კალანდაძე