" ხელს გვიშლიან... უწინაც ასე იყო და მომავალშიც შეგვიშლიან" - კვირის პალიტრა

" ხელს გვიშლიან... უწინაც ასე იყო და მომავალშიც შეგვიშლიან"

ექსკლუზიური ინტერვიუ რუსეთში მოღვაწე ქართველ "გულის ჯადოქართან"

მართალია, საქართველოში არ ცხოვრობს, მაგრამ ლეო ბოკერია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველია.

პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო კარდიოქირურგი, აკადემიკოსი ლეო ბოკერია 1994 წლიდან ხელმძღვანელობს ა. ნ. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო ცენტრს.

ის მოსკოვში ცხოვრობს და  ამაყად ამბობს, რომ ქართველია. როგორი იყო ფოთში გაზრდილი ბიჭისთვის გზა აკადემიკოსობამდე, ლეო ბოკერიამ "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურ ინტერვიუში მოუთხრო:

- ფოთში, ჩვენს ქუჩაზე, 31 სახლი იდგა. ბევრ ოჯახში მამები ომიდან არ დაბრუნებულან, მაგრამ თითქმის ყველა ოჯახში ბიჭი იზრდებოდა. ძირითადად, ქუჩაში ვიყავით. კარგი მეგობრები მყავდა.

ვინც ცოცხალი დავრჩით, ახლაც ძმებივით ვართ. ფეხბურთსა და ჭადრაკს ვთამაშობდით. კალათბურთიც მიყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლე არ მყოფნიდა და არც სხვა მონაცემები მიწყობდა ხელს, მაინც ვთამაშობდი. ყოველდღე ზღვაზე დავდიოდით. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის საბანაო სეზონი ადრე გაზაფხულზე იწყებოდა.

რადგან რუსული სკოლა დავამთავრე, ასარჩევად ბევრი ქალაქი მქონდა. მოსკოვში წავედი და პირველ სამედიცინო ინსტიტუტში ჩავაბარე. საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი.

- ბატონო ლეო, საქართველოდან მოსკოვში  ჩასულმა ახალგაზრდამ დიდ წარმატებას მიაღწიეთ. წარმატების გზაზე რა იყო გადამწყვეტი, შრომისმოყვარეობა, ნიჭი თუ კეთილი ადამიანების თანადგომა?

- ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ბავშვობაში ჭადრაკის სიყვარული რომ შემატყო დედამ, ჭადრაკის სახელმძღვანელო მიყიდა. ვიჯექი და ვსწავლობდი პარტიებს. კარგი თანრიგიც მქონდა. სამედიცინო ინსტიტუტის მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე მივედი. ორ წელიწადში დავამთავრე და მაშინ შემომთავაზეს, სამედიცინო ინსტიტუტის ნაცვლად ინგლისური ენის  სწავლა გამეგრძელებინა. არ დავთანხმდი.

ინგლისური ენის ცოდნა ძალიან გამომადგა, როდესაც სამეცნიერო მუშაობა დავიწყე. თემამ, რომელზეც მსოფლიოში სულ ორი ნაშრომი იყო გამოქვეყნებული, ძალიან  დამაინტერესა, ბიბლიოთეკაში  წავიკითხე ინგლისურად.  ჯერ საკანდიდატო გავაკეთე, მერე სადოქტორო, მოგვიანებით კი ლენინური პრემია მივიღე. ეს არის ე.წ. ჰიპერბარიული ოქსიგენაციის (ძალიან მაღალი წნევის ჟანგბადით მოქმედება ბავშვებზე, რომელთაც აქვთ ე.წ. ლურჯი, თანდაყოლილი მანკი) მეთოდით ოპერაციის ჩატარება.  ოპერაციის დროს ბაროკამერაში ჟანგბადის დონე მატულობდა, ბავშვებს სილურჯე გასდიოდათ და ოპერაციას წარმატებით ვატარებდით.

მერე არითმიამ დამაინტერესა. ჩვენმა ჯგუფმა (იმ ჯგუფში ჩემი ასპირანტი ამირან რევიშვილი და ორი კაუნასელი ექიმი იყვნენ) სახელმწიფო პრემია მიიღო. ამას იმიტომ გიყვებით, რომ გითხრათ, - თუ ადამიანს რამის მიღწევა უნდა, მთავარია შრომა, შრომა და შრომა.

- მაგრამ საბჭოეთის დროს "ჩაწყობა" და ნაცნობობა იყო გადამწყვეტი. თქვენ კი მოსკოველი არ იყავით...

- არ მინდა ამ კითხვაზე გიპასუხოთ, სხვადასხვანაირ ინტერპეტაციას მოაყოლებენ. მაგრამ გეტყვით, რომ ბევრი გადავიტანე, რომ ჩემ წინ აღმართული ბარიერებისთვის შემომევლო. ცხოვრებამ დამანახა, თუ კარგ წიგნს დაწერ ან ოპერაციას კარგად გააკეთებ, არ დაიკარგება.

- საქართველოში რა გენატრებათ?

-  ძმაკაცებთან ყოფნა. ფოთში რომ ჩავდივარ, უსათუოდ უნდა მოვიარო ის ქუჩები, სადაც გავიზარდე. ზღვაშიც სწორედ იმ ადგილას უნდა ვიბანაო, სადაც ბავშვობისას. პალიასტომზეც დავდივარ ხოლმე სათევზაოდ.

ჩემს უფროს დას მალარია სჭირდა და მშობლებს ურჩიეს, აფხაზეთში გადადითო. ისინიც ოჩამჩირეში დასახლდნენ. სამი წლის ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა და ოჩამჩირეში დაასაფლავეს. დედა ბავშვებით (ორი უფროსი და მყავს) დაბრუნდა ფოთში. დედაჩემი რომ გარდაიცვალა, ფოთიდან ოჩამჩირეში გადავასვენე და მამის გვერდით დავასაფლავე.

იქვე ზღვის პირას  პატარა სახლი ავაშენე. ახლო ურთიერთობა მქონდა აფხაზეთის ასსრ-ის პირველ მდივან ბორის ადლეიბასთან, რომელიც ჩემი პაციენტიც იყო. ის კაცი რომ დარჩენილიყო თანამდებობაზე, ქართველებსა და აფხაზებს შორის ცუდი არაფერი მოხდებოდა. მოსკოვში ლენინის პროსპექტზე ვცხოვრობ. ოთხი საათი მჭირდებოდა ბაბუშერაში  ჩასასვლელად.

პარასკევს ოჩამჩირეში ჩავდიოდი და კვირა საღამოს მოსკოვში ვბრუნდებოდი. 1992 წლის შემდეგ აღარ ჩავსულვარ. მშობლების საფლავზე მისვლა მენატრებოდა. ამიტომაც ორი წელია, რაც მშობლები ოჩამჩირიდან მოსკოვში გადმოვასვენე. რადგანაც ოჩამჩირეში ვეღარ ჩავდიოდი,   ფოთში ავაშენე სახლი.

- ერთგან ინტერვიუში ამბობთ, ნამდვილი ქართველი ვარო. ნამდვილი ქართველის თვისებათაგან რომელს გამოარჩევთ?

-  ნიჭიერებას. ჩვენ გვყავდა სტალინი, შოთა რუსთაველი და კიდევ რამდენიმე ისეთი პიროვნება, რომელთა მსგავსი მსოფლიოში არ არსებობს.

- მაგრამ ნიჭიერმა ქართველებმა ვერ ავაშენეთ ისეთი ქვეყანა, როგორიც გვინდა.

- ხელს გვიშლიან... უწინაც ასე იყო, ყოველთვის ხელს გვიშლიდნენ და მომავალშიც შეგვიშლიან. ამიტომ ისეთი ფორმულა უნდა მოვნახოთ, რომ ყველას მოუნდეს საქართველოს გაძლიერება. ისეთი ხალხი ვართ, ცუდი არავისთვის გვინდა. ეს უნდა გაიგოს ყველამ. საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, ბევრს უნდოდა საქართველოში ბიზნესსაქმიანობა.  მაშინდელმა ხელისუფლებამ დრო დაკარგა. ახლა ძნელია უცებ ყველაფრის მოგვარება, მაგრამ  საქართველო სწრაფად უნდა განვითარდეს და აფხაზებიც მოისურვებენ ასეთ ქვეყანაში ცხოვრებას.

-  თქვენი პაციენტები პოლიტიკოსებიც იქნებიან.

- რა თქმა უნდა... ჩემი პაციენტები - მინისტრები არიან, უფრო მაღალი რანგის პოლიტიკოსები - არა. ახლა ახალგაზრდა ხალხია მთავრობაში და საექიმო რა სჭირთ? სულ სხვა იყო ადრე, საბჭოთა ეპოქაში, როდესაც ასაკოვანი ხალხი იყო ხელისუფლებაში.

- ყველაზე ხშირად რით ავადმყოფობენ პოლიტიკოსები?

- გულით და სისხლძარღვებით. სხვათა შორის, სტალინი, ჩერჩილი და რუზველტი - სამივე სისხლძარღვის გასკდომის გამო გარდაიცვალნენ. რუსეთში გულისა და სისხლძარღვების დაავადებით მოსახლეობის 96,4% კვდება.  პოლიტიკოსებს ყველაზე ხშირად აქვთ ემოციური დატვირთვა. ამის გამო უწევთ წნევა და ხშირად ავადდებიან გულით.

- ქართული სუფრა მიყვარსო, თქვით.

- მიყვარს, აბა, რა! თბილისში ერთი ახლობელი მყავს და სულ მითვლიდა, ჩამოდი, ჩამოდიო. ჩამოვედი. მითხრა, აქა და აქ გვეპატიჟებიან და წავიდეთო. ძალიან დაღლილი ვიყავი და ვუთხარი, მაშინ მალე დავბრუნდეთ სასტუმროში-მეთქი. სამ საათში დავბრუნდებითო. სამის ნაცვლად რვა საათი ვისხედით სუფრასთან. მეორე დღეს მეუბნება, გუშინ გადავაჭარბეთ, მეც დავიღალე და დღეს ცოტა ხნით წავიდეთ ახლობლებთანო. წავედით და 11 საათი გაგრძელდა ქეიფი. ასეა, ქართველებს ქეიფი გვიყვარს და მე გამონაკლისი არა ვარ.

- ქართული ღვინო მოგწონთ?

- ქართული ღვინო ისევ არ შემოდის რუსეთში. კვირაში ხუთ დღეს ვაკეთებ ოპერაციას, ამიტომ კვირიდან პარასკევამდე არ ვსვამ. პარასკევ საღამოსა და შაბათს კი სუფრასთან შევექცევი წითელ ფრანგულ ღვინოს.

- ადამიანისთვის რა არის მთავარი - კარიერა, ოჯახი თუ...?

- მთავარი ოჯახია. ორი ქალიშვილი მყავს და ოთხი შვილიშვილი - ორი ბიჭი და ორი გოგო. უკვე შვილთაშვილებიც მყავს.

- თქვენმა შვილებმა იციან ქართული ენა?

- ვერ მოვახერხე მათთვის ქართული მესწავლებინა. მეუღლე რუსია (ჩვენ ერთად ვსწავლობდით ინსტიტუტში და სწავლის დასრულების შემდეგ დავქორწინდით), შინ რუსულად ვლაპარაკობთ და ამიტომ... ჩემი უმცროსი ქალიშვილი 29 წლისა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გახდა და ეს მეამაყება. მე 33 წლის ვიყავი, ეს ხარისხი რომ მივიღე. ერთი უნდა ნახოთ, რა ხდება, ჩვენთან რომ მოდიან წიწილები (შვილები და შვილიშვილები).

ძალიან თბილი ოჯახი მაქვს. ჩემი უმცროსი ქალიშვილი ჩემთან მუშაობს, ინსტიტუტში. რომ დავინახავ, უსათუოდ უნდა ვაკოცო და მოვეფერო. ერთხელ "დიდი  ხალხი" იყო მოსული ინსტიტუტში და გაუკვირდათ, ასე რომ მოვეფერე შვილს. ასეა, გოგოები ძალიან გვიყვარს მამებს.

- პრეზიდენტმა სააკაშვილმა უცხოეთში მცხოვრები წარმატებული ქართველები საქართველოში მოიწვია, მუშაობისთვის საუკეთესო პირობებს შეგიქმნითო.

- ბაკულევის ინსტიტუტი მსოფლიოში ყველაზე დიდია. წელიწადში ცხრა ათას ოპერაციას ვაკეთებთ. 1985 წელს ბურაკოვსკიმ შექმნა პროგრამა გულის ქირურგიის განვითარებისთვის. თბილისში დავიწყეთ ოპერაციების გაკეთება. შევარდნაძემ შეხვედრაზე მკითხა, საქართველოში ჩამოსვლას როდის აპირებთო. ძალიან შემრცხვა. ახალგაზრდა კაცი ვიყავი, ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და ყველა პრემიის ლაურეატი... არ ვაპირებდი ჩამოსვლას და შევარდნაძეს ვუპასუხე, მე მოსკოველი ვარ, ჩემი ოჯახის წევრებიც მოსკოველები არიან და როგორ მოვიქცეთ-მეთქი.

მითხრა, მოსკოვში უფრო მეტს აკეთებთ, ვიდრე აქ ჩამოსვლით გააკეთებდითო. გავიხედე და ერთ თვეში თვითონ არ წამოვიდა მოსკოვში? წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, მაშინ რომ დავბრუნებულიყავი თბილისში, არავითარი დახმარება არ მექნებოდა და ვერ ვიმუშავებდი. უკვე ასაკოვანი ვარ, ამხელა სამეცნიერო ცენტრს ვხელმძღვანელობ და სისულელე იქნება ამ ყველაფრის მიტოვება. ვიცი, არიან თბილისში ახალგაზრდები,  რომლებიც ძალიან კარგად მუშაობენ და მათი იმედი მაქვს. ჩვენთანაც  ძალიან ბევრი ქართველი მუშაობს.

- ამის თაობაზე ითქვა კიდეც, ლეო ბოკერიამ ქართველები შემოიკრიბა თავის ინსტიტუტშიო.

-  ყველა, ვისაც უნდა ჩვენს ინსტიტუტში მუშაობა, მოვიდეს და თუ ივარგებს, იმუშაოს. მართლა ბევრია ქართველი, მაგრამ ბევრია ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ყირგიზეთიდანაც... ჩვენს ინსტიტუტში რომ შემოხვიდეთ, იფიქრებთ, რომ ისევ საბჭოთა ეპოქაა.

- თქვენი ყველაზე დიდი სურვილი...

- მაქვს ძალიან დიდი გეგმები და მინდა ხორცი შევასხა, ჯერჯერობით კი მთელი ჩემი ფიქრები ოჯახს უკავშირდება.

ჩემი დიდი სურვილია, საქართველო გამთლიანდეს. ეს ბატონ პრეზიდენტსაც ვუთხარი (აგვისტოს ომამდე), როდესაც ჩვენს ინსტიტუტში სტუმრად იყო. 2008 წლის აგვისტოს ომი კი, ჩემი აზრით, ძალიან დიდი შეცდომა იყო.

- რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს, რომ გულმა არ შეაწუხოს?

- გენეტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ რეჟიმის დაცვაც აუცილებელია. ადამიანი დროულად უნდა დაწვეს და ნაკლები ჭამოს. ფრანგები რომ ამბობენ, სუფრიდან ადგომისას ოდნავ მშიერი უნდა იყოო, სწორია. ეს ჯანმრთელობის რეცეპტია. ადამიანი წლების განმავლობაში რომ ერთ წონას ინარჩუნებს, ეს ძალიან სასიკეთოდ მოქმედებს ჯანმრთელობაზე.

KvirisPalitra.Ge"ეს ომი არ უნდა მომხდარიყო"

რუსეთის ექიმთა გაერთიანების "ჯანდაცვის ლიგის" ხელმძღვანელმა ლეო ბოკერიამ 2006 წლის 12 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის წინაშე განაცხადა: "მე რუსეთის მოქალაქე ვარ, მაგრამ ამავე დროს ვარ ქართველი. იმას, რომ რუსეთი ჩემს სამშობლოს ბომბავს, ვერ დავეთანხმები და ვერც მხარს დავუჭერ".

ლეო ბოკერიას ამ სიტყვებზე დუმის ეროვნებათაშორის ურთიერთობათა და ეთნოკულტურათა განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელმა ვალერი ტიშოვმა პრესკონფერენცია ჩაატარა და განაცხადა, - ლეო ბოკერია 100%ი-იანი რუსეთის მოქალაქეა და ამავე დროს 100%-იანი ქართველი, მაგრამ სახელმწიფოს ლოიალურობა ბევრად მაღლა დგას, ვიდრე ეთნიკური წარმომავლობაო.