"აქედან აღარ მინდა წასვლა" - უკრაინელი ლტოლვილის ცხოვრება საქართველოში და მუსიკის უფასო გაკვეთილები რიყის პარკში - კვირის პალიტრა

"აქედან აღარ მინდა წასვლა" - უკრაინელი ლტოლვილის ცხოვრება საქართველოში და მუსიკის უფასო გაკვეთილები რიყის პარკში

მიგრანტების თემა მსოფლიოში საკმაოდ აქტუალურია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, როგორ ინტეგრირდებიან ლტოლვილები საქართველოში. ამის მაგალითი 45 წლის უკრაინელი ალექსანდრე ხარხადინოვია. 2014 წელს უკრაინაში განვითარებული მოვლენების დროს მან საქართველოს მოაშურა. ამბობს, რომ აქაურობა მენტალიტეტის სიახლოვის გამო აირჩია. ალექსანდრე მუსიკოსია და აქ ჩამოსვლიდან მალევე წამოიწყო უფასო პროექტი "მუსიკის გაკვეთილები ღია ცის ქვეშ", რომლის ფარგლებშიც ის რიყის პარკში მსურველებს მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას შეასწავლის. ის საკუთარ თავგადასავალსა და საქმიანობაზე გვესაუბრება.

- ქალაქ არტიომოვსკში (ახლანდელი სახელი: ქ. ბახმუტი, - ავტ.) ვცხოვრობდი. მუსიკალური სკოლა მაქვს დამთავრებული დონეცკში. ჯგუფი გვქონდა, რომელიც მე ჩამოვაყალიბე. ძირითადად პიანინოზე ვუკრავდი, ისე ყველა ინსტრუმენტს ვფლობ. უკრაინაში კომპიუტერული მაღაზია და ფოტოსალონი მქონდა, მაგრამ ომი დაიწყო და ყველაფერი დასრულდა. ბიზნესი დავკარგე...

- ყველაფერი ერთბაშად დაკარგეთ?

- დაბომბვები როგორც კი დაიწყო, ყველაფერი დაიხურა. ხალხს ფული არ ჰქონდა. ამიტომ ბიზნესი კაპიკებში მოვიშორეთ. არტიომოვსკი რამდენიმე თვე "დეენერის" - ე.წ. დონეცკის სახალხო რეხპუბლიკის ფარგლებში იყო. მერე თითქოს გაგვათავისუფლეს, მაგრამ მაინც, უკეთესობა არ ჩანდა. ჩემს რეგიონში ერთ-ერთ პარტიულ ორგანიზაციას დავთანხმდი, სათავეში ჩავდგომოდი, მაგრამ მალევე ნაცნობმა მილიციელებმა მითხრეს - 24 საათში აქედან სადმე შორს უნდა წახვიდე, შენთვის უკვე წყლის შეყენება დაიწყეს, უსაფრთხოების სამსახური შენზე რაღაცებს აგროვებსო... წამოვედი, რამდენიმე ქალაქის გავლის შემდეგ თბილისში ჩამოვედი.

- რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც საქართველო?

- რუსეთში ხალხი თავისებური აზრის შეუსაბამო რეალობაში ცხოვრობს... ყველაზე საწყენი ისაა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთი და ამერიკა თავიანთ ურთიერთობებს არჩევენ, ხოლო უკრაინელები განტევების ვაცები გამოდიან...

- ქვეყნის არჩევანი მხოლოდ რუსეთსა და საქართველოს შორის გქონდათ?

- ადამიანებთან ურთიერთობის მოყვარული ვარ, ჩემთვის ახლო მენტლიტეტი მჭირდება... იქ მერჩივნა, სადაც უფრო ახლო მენტალიტეტი შემხვდებოდა და სადაც შეიძლება ადამიანებთან ურთიერთობა, მეგობრების შეძენა. საქართველო ასეთი ქვეყანაა...

- და მანამდე საქართველოს, ქართულ წეს-ჩვეულებებს იცნობდით?

- კი, ჩვენთანაც ცხოვრობდნენ ქართველები. თანაც მათ ჩვენში, ყველა სხვა კავკასიელ ხალხს შორის, პატივს გამორჩეულად სცემენ.

- აქ რა სიძნელეები გქონდათ და როგორ მოახერხეთ ადაპტაცია? - კომუნიკაბელური ვარ, ადვილად ვახერხებ შეგუებას ახალ გარემოსთან და მგონი, აქ უკვე უკრაინაზე მეტი მეგობარი მყავს. დავუმეგობრდი თქვენს მუსიკოსებს- რეზო კიკნაძეს, მანანა ალფაიძეს კომპოზიტორთა კავშირიდან. ნახევარ წელიწადში გავიცანი მაკა ჩიჩუა, ის ლტოლვილთა მობილიზაციის ცენტრის, "ღია სახლის" დირექტორი იყო და ლტოლვილთა სამინისტროსთან ერთად მოქმედებდა. შემომთავაზეს, მათ ოფისში მესწავლა ქართული ენა.

- სტატუსი უკვე გაქვთ? - ჰუმანიტარული ლტოლვილის სტატუსზე განაცხადი ჩამოსვლისთანავე შევიტანე და 6-7 თვეში მივიღე.

- მალე დაიწყეთ მუშაობა? - ინტერნეტით მაქვს ბიზნესი და ამით გამქონდა თავი. ცენტრში, სადაც ქართულსა და ინგლისურს ვსწავლობდი, ბავშვებისთვის დაკვრის სწავლება დავიწყე, ასევე წყნეთში, ინგლისურ სკოლაში, "ბაქსვუდში" ბავშვებს ვასწავლიდი მუსიკას. მერე წამოვიწყე რიყის პარკში მუსიკალური პროექტი, რადგან სკოლაში არდადეგები იყო. ვიყიდე დრამები, ელექტროპიანინო. პარკში მერიამ მომცა სწავლების ნებართვა და ადგილი გამომიყო. ყოველ საღამოს ცენტრალურ ხეივანში პირველი წელი აკუმულატორებით ვმუშაობდით, ჩემი მოსწავლეები მოდიოდნენ, ტურისტები, სტუდენტები და ა.შ. ბავშვები ძალიან ნიჭიერები არიან, მაგრამ ნოტები არ იცოდნენ, მე კი ყველაფერს ნულიდან ვასწავლიდი. ისინი ერთ თვეში პიანინოზე უკვე ორივე ხელით უკრავდნენ. ბევრი ქართველი მუსიკოსი მოდიოდა და მასტერ-კლასებს ატარებდნენ. მინდა, ეს სულ უფასო იყოს. გაკვეთილების ჩატარება 2016 წელს დავიწყე.

- ადრე მეტი იყო დაინტერესება და ახლა ჩაქრა თუ პირიქით? - ინტერესი იმატებს. სამ საკრავზე ვასწავლი: დასარტყამი ინსტრუმენტები, კლავიშებიანი და გიტარა. ჩემი მეთოდებით მალე ითვისებენ - რამდენიმე ინსტრუმენტი ერთმანეთს ავსებს. როცა რამდენიმე ინსტრუმენტს ითვისებ, ყველა ნიუანსს უკეთ აფიქსირებ. თითოეული ინსტრუმენტის ბაზა სხვების სასწავლად ძალიან საჭიროა.

- პარკსი ინსტრუმენტებს სად ინახავდით? - მეეზოვეები სადაც ინახავდნენ ხელსაწყოებს, იქ მქონდა ინსტრუმენტები. მერე იქ კაფე გააკეთეს და ჩვენც და ისინიც გამოგვაგდეს. ახლა პროექტი გვაქვს - მერიას მივმართეთ თხოვნით, პარკის ტერიტორიაზე გამოგვიყონ მუდმივი ადგილი შენობის ასაშენებლად. ასე გაკვეთილების ჩატარებას ყველა სეზონზე შევძლებთ და არა მხოლოდ თბილ ამინდში. გვაქვს რეზო კიკნაძის, მანანა ალფაიძის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და ლტოლვილთა სამინისტროს რეკომენდაციები. ეს პაკეტი ჩავაბარეთ მერიაში და კულტურის სამსახურიც დაგვპირდა რეკომენდაციის დაწერას მიწათსარგებლობის სამსახურში, სადაც საკითხი უნდა გადაწყდეს. შემდეგ სპონსორების საძებნელად ორგანიზაციებში წავალთ - ბევრი ფული ამას არ დასჭირდება. კარგი პროექტია, გარეთაც პოპულარიზაციას გაუწევს საქართველოს, როგორც კულტურულ ქვეყანას.

- როგორც ვიცი, "გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი" განსაკუთრებით დაგეხმარათ...

- ისინი მორალურად და ფინანსურად ძალიან გვეხმარებოდნენ. საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც ბევრს გვატარებდნენ - მღვიმეებშიც ვყავდით წაყვანილი. ასევე, მუზეუმებში დავდიოდით, გამოფენებზე, თვითონაც ვაწყობდით გამოფენებს. უნდა აღვნიშნო, რომ ისინი პროექტით: "დახმარება ლტოლვილებს" - დამეხმარნენ ინსტრუმენტებით: გიტარები, აკუსტიკა, მიკროფონები, პულტი. გამოდის, ნახევარი ჩემია, ნახევარი - მათი მოცემული.

- შეგიძლიათ, გამოჰყოთ სხვაობა და მსგავსება საქართველოსა და უკრაინას შორის?

- უკრაინელებსა და ქართველებს ძალიან მსგავსი მენტალიტეტი გვაქვს, მაგრამ აქედან იმიტომ აღარ მინდა სადმე წასვლა, რომ აქ უფრო რბილი, კეთილგანწყობილი ადამიანები არიან. უკრაინაში შედარებით მშრალი ხალხია. ეს ბევრი პრობლემის გამოა ასე, თუმცა თქვენ ბევრად მეტი პრობლემა გქონდათ 90-იან წლებში, ვიდრე ჩვენ, თუნდაც ახლა. უკრაინაში ხალხი მეტადაა საკუთარ თავზე ორიენტირებული, აქაურები კი უფრო გახსნილები, გულითადები არიან და ადვილია ურთიერთობა. აქ მძღოლებიც კი, ყოველთვის ერთმანეთს თვალებში უყურებენ. თბილისში მთავარ და მეორეხარისხოვან გზას ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ უფრო საიმედო სიტუაცია და ნაკლები ავარიაა. და კიდევ, რა მომწონს: ორი მანქანა გაჩერდა და მძღოლები ერთმანეთს ელაპარაკებიან. აქეთ 10 მანქანა, იქით 10 - არავინ ასიგნალებს. უბრალოდ, ისაუბრეს და მორჩა. ამას არაერთხელ შევსწრებივარ. ჩვენთან ასე ვინ გაგაჩერებს?!

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? - პრიორიტეტული ჩემთვის რიყის პარკში მუსიკალური გაკვეთილებია. მეორეა ის, რომ მინდა, საქართველოში დავრჩე. მსურს, პროექტის ფარგლებში გაკვეთილების ჩატარების გარდა იმართებდეს თემატური საღამოებიც, ჯაზის, ბლუზის და ა.შ. მოვიწვევთ ბენდებს, მოვაწყობთ რომელიმე მუსიკოსის საღამოს, მიმოვყრით რბილ პუფებს, ვისწავლით და ვისაუბრებთ...

ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის)