ვინ არის ქართველი მეღვინე გოგო, რომელიც Forbes-ის "2019 წლის მსოფლიოს ყველაზე წარმატებული 30 წლამდე ახალგაზრდების" სიაში მოხვდა - კვირის პალიტრა

ვინ არის ქართველი მეღვინე გოგო, რომელიც Forbes-ის "2019 წლის მსოფლიოს ყველაზე წარმატებული 30 წლამდე ახალგაზრდების" სიაში მოხვდა

25 წლის მეღვინე ბაია აბულაძე Forbes-ის "2019 წლის მსოფლიოს ყველაზე წარმატებული 30 წლამდე ახალგაზრდების" სიაში მოხვდა.

ამ სიას გამოცემა ყოველწლიურად ადგენს. ბაია აბულაძე კი ევროპის მასშტაბით საუკეთესოებს შორის შეირჩა.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს მცირე შემოკლებით:

"სოფელ ობჩაში, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარეობს, არის შვიდი აკრი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი, სადაც ვენახია გაშენებული და ყურძნის მოსავალს ყოველგვარი პესტიციდებისა და სასუქების გარეშე იღებენ. შემდეგ მას წურავენ და წვენს უზარმაზარ თიხის ჭურჭლებში - ქვევრებში ინახავენ... რამდენიმე თვის შემდეგ ყურძნის წვენი უკვე არომატულ სასმელად - ღვინოდ იქცევა.

დღეს "ბაიას ღვინოები" საქართველოში უკვე საკმაოდ ცნობილი კომპანიაა, რომელსაც 25 წლის ბაია აბულაძე ხელმძღვანელობს - მეოთხე თაობის მეღვინე, რომელმაც ღვინის დაყენება ჯერ ოჯახში ისწავლა, შემდეგ თბილისის კოლეჯში გაიღრმავა, ოთხი წლის წინ კი საკუთარი წარმოების ღვინო ჩამოასხა. სამშაბათს, 12 თებერვალს, Forbes-მა 25 წლის მეღვინე ბაია აბულაძე 2019 წლის მსოფლიოს ყველაზე წარმატებული 30 წლამდე ახალგაზრდების (30 Under 30) სიაში მოაქცია.

"ღვინის დაყენების ძველ და ტრადიციულ მეთოდს ვიყენებ. ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ ეს საქმე და ესმოდათ, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მიწას", - ამბობს ბაია აბულაძე, რომელსაც ვაზის გასხვლა და ღვინის დაყენება ბაბუამ ასწავლა, მთვარის ციკლის მიხედვით (დღეს ამ მეთოდს ბიოდინამიკურს უწოდებენ), - "ძალიან მნიშვნელოვანია მთვარის ციკლისადმი ყურადღება, რადგან ჩვენ ყველაფერს ბუნებრივად ვაკეთებთ, რაიმე სპეციალური დანადგარებისა და ქიმიური დანამატების გარეშე".

ბაია აბულაძე ოთხი მარკის ღვინოს აწარმოებს და ყიდის - იმ ვაზის ჯიშებისაგან, რომლებიც საქართველოს იმერეთის რეგიონშია გაშენებული. იმერეთი უფრო თბილია და ტენიანი, ვიდრე საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის უმთავრესი რეგიონი კახეთი. ბაია აბულაძის ჩამოსხმული ღვინოებია თეთრი "ციცქა" და "რქაწითელი", აგრეთვე წითელი ფერის "ოჩხანური" საფერეს ჯიშის ვაზისგან. მაგრამ კომპანია უფრო მეტად ცნობილია "კრახუნით", რომელიც 15 დღის შემდეგ ფორთოხლის სასიამოვნო ფერს იღებს. გაგრძელება

იხილეთ ასევე: მეღვინე გოგონა ვენახს "აქიმობს"