"ბაღლინჯოები გვჭამენ" - გლდანის ციხეს მკბენარი შეესია? - კვირის პალიტრა

"ბაღლინჯოები გვჭამენ" - გლდანის ციხეს მკბენარი შეესია?

13 თებერვალს, გლდანის მერვე დაწესებულებაში მყოფი პატიმრის მეუღლე, მანანა ხოზიაშვილი დაგვიკავშირდა და დახმარება გვთხოვა, მისი მტკიცებით, გლდანის ციხეში ანტისანიტარიაა და პატიმრები ბაღლინჯოებმა შეაწუხა. პატიმრის მეუღლე სასჯელაღსრულებას და ადმინისტრაციას სასწრაფოდ პრობლემის მოგვარებას სთხოვს.

მანანა ხოზიაშვილი, 28 წლის: - 3 მცირეწლოვანი შვილის დედა ვარ, ჩემი მეუღლე ალექსანდრე ჯაბანაშვილი სასჯელს ქურდობისთვის იხდის. მეუღლეს პრობაციაში იყო და ამიტომ წინა სასჯელი 5 წელი გაუცოცხლეს და 5 წელი მიუსაჯეს. ადრეც ქურდობისთვის იყო ნასამართლევი. მართალია მისჯილი აქვს, მაგრამ არ გადაიყვანეს სხვა დაწესებულებაში და ისევ გლდანის ციხეში რჩება. არადა, დიდი ხანია გადასაყვანია. თუ პატრონი არ გყავს, მაშინ ასე გტოვებენ იქ. ჩემს ქმარს პატრონი არავინ ჰყავს, გუშინ დამიკავშირდა და მითხრა, სასჯელარსრულების დეპარტამენტში დაწერე განცხადება, რომ გადამიყვანონ ზონაში, თორემ ცუდად ვარ მეტი არ შემიძლია, აქ ბაღლინჯოებმა შემჭამაო.

ამ პრობლემაზე ტელევიზიით კი ისაუბრეს ციხიდან გამოსულმა პატიმრებმა და უფრო მეტად რომ ჩავეძიე, მითხრა, მეტი რა გითხრა, ბაღლინჯოები გვჭამენ, თავის ტკივილებიც დამეწყო და ყურადღებას არავინ გვაქცევსო. შველას ითხოვს. სისუფთავე რომ იყოს საკანში, იქ ბაღლინჯოები არ იქნებიან, აშკარაა, ჰიგიენა არ არის დაცული. პატიმრებსაც სჭირდება სისუფთავე და ნორმალური პირობები, ასე როგორ შეიძლება. მიხედონ ამ პრობლემას. ისედაც უმძიმეს პირობებში ვარ მეუღლის დაკავების შემდეგ, მესამე შვილზე ორსულად ვიყავი ის რომ დააკავეს, ახლა ჩემი პატარა 7 თვის არის და სამი მცირეწლოვნით ქუჩაში ვარ დარჩენილი, რადგან ბინის ქირის ფულიც კი არ გვაქვს. ამიტომ იძულებული ვიყავი ჩემს მშობლებთან წავსულიყავი.

11-სულიან ოჯახს დავემატეთ მე და ჩემი სამი შვილი. ამ ფონზე ახლა ისიც დამემატა სადარდებლად, რომ ჩემი ქმარი ასეთ უმძიმეს პირობებშია.

ბუნებრივია, ამ ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ სასჯელაღსრულებაში, საიდანაც ასეთი პასუხი მივიღეთ: "მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში რეგულარულად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. სადეზინფექციო სამსახური ყოველკვირეულად ახდენს საკნების სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავებას. დაწესებულების თანამშრომლების მიერ 24-საათიან რეჟიმში ხდება საკნების დასუფთავება და მაღალ ტემპერატურაზე რეცხვა. გარდა ამისა, საკნების დეზინფექციისა და გაწმენდისთვის თვითონ მსჯავრდებულებსაც გადაეცემათ სპეციალური უსაფრთხო საშუალებები, რითაც შეუძლიათ საკნების დამუშავება. რეგულარულად ხდება ლეიბების გამოცვლა და საკნების შეღებვა. სადეზინფექციო საშუალებების შეძენა შესაძლებელია დაწესებულების მაღაზიაშიც. აქვე აღვნიშნავთ, რომ საკნებში ჰიგიენის დაცვა მხოლოდ ადმინისტრაციისა და პატიმრების ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი".