"ბაბუამ დანა ჯერ ჩემს კოლეგას მოუქნია, მერე ფეხში ჩაირტყა, არადა, ბავშვი რომ არ წამოგვეყვანა, შეიძლება დღეს ცოცხალი არ ყოფილიყო"
"ბაბუამ დანა ჯერ ჩემს კოლეგას მოუქნია, მერე ფეხში ჩაირტყა, არადა, ბავშვი რომ არ წამოგვეყვანა, შეიძლება დღეს ცოცხალი არ ყოფილიყო"
ფოტო:ნინო კობაიძე, რომელიც სოცმუშაკს მეტროში დაესხა თავს და კობაიძეების სახლი
რატომ არ იცავს სახელმწიფო სოციალურ მუშაკებს?

გასულ თვეში სანზონაში მომხდარი ტრაგედიისას, როდესაც 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალებისთვის დედა დააკავეს, ჩვენში ძალიან ბევრი საყვედური გამოითქვა საოციალური სამსახურისა და მისი თანამშრომლების მიმართ. რიგ შემთხვევაში პატარას გარდაცვალებაში მათ დაუდევრობასაც აბრალრბდნენ, თუმცა საკითხავია რა პირობებში უწევთ მუშაობა სოცმუშაკებს?

უკვე რამდენიმე კვირაა ისინი აქციებს მართავენ და ნორმალური სამუშაო პირობების შექმნას ითხოვენ. ისინი სისტემური პრობლემების მოგვარებას სახელმწიფოს სთხოვენ, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ პროგრამა გაწერილია და
ნელ-ნელა მოხდება ცვლილებები. თავად სოციალური მუშაკების კანონი კი 2021 წელს ამოქმედდება.

სოციალური მუშაკების თქმით კი, დრო არ ითმენს. ის, რომ მათ ურთულეს მდგომარეობაში უწევთ ყოფნა, ამის დასტურია 12 თებერვალს მომხდარი ფაქტი. ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკი ნანი მახათაძე ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. მას მეტროში
იმ ბავშვის დედა დაესხა თავს, რომლის შვილი რამდენიმე დღით ადრე, უმძიმესი პირობების გამო მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს.
21 წლის ნინო კობაიძე მეტროში ჩვილით ხელში თითქმის ერთი წელია დადის და მოწყალებას ითხოვს. ის არაერთხელ იყო გაფრთხილებული, რომ ბავშვი ქუჩაში არ გაეყვანა, მაგრამ დედა ამ გზით საკმაო თანხას შოულობდა ყოველდღიურად და ამაზე უარი არ თქვა. უმძიმეს პირობებში ცხოვრობს პატარა და ამიტომ სოციალურმა მუშაკებმა ქსენია ნაჭყებიამ და ნანი მახათაძემ ინციდენტამდე 4 დღით ადრე ბავშვი პოლიციის თანხლებით გადაიყვანეს სახლიდან მინდობით ოჯახში. როგორც ჩანს, შვილის გარეშე დედა მეტროში მათხოვრობას ისევ აგრძელებდა და სწორედ მეტროში ნახა სააგენტოს თანამშრომელი ნანი მახათაძე და ხალხის თვალწინ მას ფიზიკურად გაუსწორდა.

ნანი მახათაძე:
- ნინო კობაიძე წლებია მათხოვრობს და ეს საქმე მას პროფესიად აქვს ქცეული. ბავშვის დაბადების შემდეგ უკვე პატარასთან ერთად მათხოვრობდა და ამ ფულით, ფაქტობრივად, ორ ოჯახს არჩენდა - თავისი ქმრის და მშობლების. ბავშვის სახლიდან გამოყვანამდე ორი დღით ადრე მან დიდუბის პოლიციაში განაცხადა, რომ მამამისმა შვილი გასტაცა, რომ ვერ პოულობდა ბავშვს და დახმარებას ითხოვდა - არ ვიცი, სად არის ბავშვიო და უჩიოდა საკუთარ მამას. დარეკა საპატრულო პოლიციამ და გვითხრეს, რომ ბავშვი ჩვენს ტერიტორიაზე იყო.
იმ ადგილს, სადაც კობაიძები ცხოვრობენ, არ შეიძლება საცხოვრებელი დაარქვა, ეზოში პატარა ფიცრული დგას
პირველ რიგში მისი მშობლების სახლში გადავწყვიტეთ წასვლა. ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე უკიდურესად მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრობენ, ვიცოდით ამ დროს პოლიციას ბავშვის ბაბუა განყოფილებაში დასაკითხად რომ ჰყავდა მიყვანილი და ამიტომ ჯერ პოლიციაში მივედით, ეს ხდება პარასკევს საღამოს. ისანი სამგორის მეხუთე განყოფილების უფროსს ავუხსენით, რომ ბავშვი იყო გამოსაყვანი და დაცულები რომ ვყოფილიყავით თავდასხმისგან დახმარება ვთხოვეთ, მისგან უარი მივიღეთ, - ვერ დაგიცავთ, ვერ გამოგყვებით, თქვენ მიდით და თუ დახმარება დაგჭირდათ, პატრული გამოიძახეთო.

საღამო იყო, ბებიას ხელში ეჭირა ბავშვი, რომელიც გაუჩერებლად ტიროდა. ირგვლივ საშინელი ანტისანიტარია იყო. რომ ვუთხარით, რომ ბავშვი უნდა წაგვეყვანა, ატეხა კივილი და ბავშვიანად მეზობელთან გაიქცა. ის მეზობელი გამოგვენთო, ჭიშკრის აქით არ გადმოხვიდეთო.

პატრული გამოვიძახეთ, საგამოძიებო სამსახურიც და ამ დროს სახლში ბავშვის ბაბუა დაბრუნდა. ახლა ის გადმოვიდა შეტევაზე, ჯერ ჩვენ გვემუქრებოდა მოკვლით, მერე იძახდა, თავს მოვიკლავ ბავშვს თუ წაიყვანთო. ხელში დანა ეჭირა, ჯერ ჩემს კოლეგას - ქსენია ნაჭყებიას მოუქნია, არ იყო გამორიცხული, ასეთ გააფთრებულს მართლაც ჩაერტყა, ქსენიამ შეძლო გაქცევა, ამის შემდეგ ჯერ მუცელზე დაიდო დანა, მერე კისერზე და ბოლოს ფეხში მართლა ჩაირჭო... სასწრაფო გამოვიძახეთ, მაგრამ მსუბუქი ჭრილობა იყო და გადაყვანა არ დასჭირვებია. პატრულის თანამშრომელი და გამომძიებელი შეწუხდნენ ძალიან, ამან ახლა თავი რომ მოიკლას ჩვენ დაგვბრალდება, იტყვიან, ბავშვი წაართვეს და ამიტომ მოიკლა თავიო. შეშინდნენ, მაგრამ იმასაც ხვდებოდნენ, რომ იქ ბავშვის დატოვება არ შეიძლებოდა.

- ამ წიოკის ფონზე გამოიყვანეთ ბავშვი? დედა სახლში არ იყო?
- დედას მეუღლე ბოშა ყავს და გვითხრეს ლოტკინზე ცხოვრობსო. ღამის 4 საათამდე ეძებდა დედას პოლიცია და 4 საათზე მოიყვანეს.

- თქვენ მის მოსვლამდე იქ იყავით?
- დილის 7 საათამდე იქ ვიყავით. სახლთან ველოდებოდით, რომ  ბავშვი მალულად არ გაეყვანათ. 12 საათი ვდარაჯობდით ბავშვი რომ არ გაეპარებინათ. პატრულს ამ ხნის განმავლობაში არ მივუტოვებივართ, სახლიდან გამოგვყარეს, საშინელ სიტყვებს გვეძახდნენ, მაგრამ მოთმინებით ვიტანდით ამას.
სასწრაფოს ექიმები რომ მოვიდნენ, ვთხოვეთ ბავშვიც გაესინჯათ, რადგან ძალიან ახველებდა. ბავშვს სიცხე ჰქონდა 38,5 გრადუსი - ბრონქების მწვავე ანთება დაუდგინდა. ამ ფონზე როგორ უნდა დაგვეტოვებინა იმ გაუსაძლის პირობებში, დილის 4 საათზე დედა რომ მოიყვანეს, მოკიდა ბავშვს ხელი და გამოგვიცხადა, რომ არ გამოგვატანდა, - ბებია ხვალ წაიყვანს ექიმთანო.  თან ყვრიოდა, - ორი დღეა საჭმელი არ მიჭამიაო... ისტერიკები მოაწყო...

ამ დროს პოლიციელმა როგორღაც გამოართვა ბავშვი, ამის მერე უარეს დღეში ჩავარდა. გამომძიებელმა ხელში მომაჩეჩა ეს ბავშვი და მითხრა, შენ წინ წადი, მე უკან მოგყვები და ამათ მე მივხედავო. მანქანაში ჩავჯექით. მანქანას მუშტებს და ფეხების ურტყამდნენ. ორი დღეც რომ დაგვეტოვებინა ბავშვი, არ ვიცი, რა დაემართებოდა, შეიძლება მომკვდარიყო კიდეც სიცხიანი, გაუსაძლის პირობებში, ექიმმა სიცხის დამწევი დაალევინა და გადავიყვანეთ მიმღებ ოჯახში, სოცმუშაკმა ქსენიამ და მიმღებმა ქალბატონმა აბანავეს, ერთი წლის ბავშვი საშინლად იყო დასვრილი, თან პატარა სულ ტილიანი იყო, თავი სასწრაფოდ გადახოტრეს. ასეთი რამე პირველად ვნახე, გადახოტრილი თავიც სავსე იყო ტილებით, კანში იყო ჩამჯდარი ტილები და პატარას სისხლს სწოვდნენ. აბანავეს, აჭამეს, სიცხემაც დაუწია და ჩაეძინა სითბოში პატარას. აწი, მის ჯანმრთელობაზე ის ოჯახი იზრუნებს.

- თქვენ როგორ დაგესხათ თავს ბავშვის დედა?

- ის მეტროში დადის და მათხოვრობს. ასე ცხოვრობს წლებია. როცა ბავშვი ხელში ჰყავს უფრო კომფორტულია, რადგან უფრო მეტ ფულს შოულობს და ამისთვის სჭირდება ეს ბავშვი. მეტროთი ვმგზავრობდი, ავლაბარში შემოვიდა და მოწყალებას ითხოვდა, სკამზე ვიჯექი, ჯერ ისე მოიქცა ვითომ ვერ მიცნო, ხელში ეკავა ბატიბუტის პარკი. მომვარდა, სად წაიყვანე ჩემი შვილი, რომელ ბავშვთა სახლში გყავს, როგორ გამტაცეო და ატეხა ყვირილი, თან ხალხის რეაქციას აკვირდებოდა, მერე ჩემს გვერდით მყოფს მიაჩეჩა ბატიბუტის პარკი და თქვა ამას ახლა ან მოვკლავ, ან მაგრად ვცემო, მწვდა ყელში და მახრჩობდა... გაოგნებული ვარ, ამდენი ხალხი მიყურებდა შორიდან და არავინ დამიცვა, ვიგერიებდი, რომ არ გავეგუდე, ასეთი გულგრილობა არასოდეს მინახავს. ერთადერთი ადამიანი გამომესარჩლა, ახალგაზრდა მამაკაცი წამოხტა, რას აკეთებო და დაიჭირა, მერე მეც შევძელი წამოდგომა, ახლა წიხლი მომიქნია, ფეხში მომარტყა და თმებში მწვდა.

ორთაბრძოლას ხომ არ გავმართავდი, გაიწიე-მეთქი. ისევ მომქაჩა, სად არის ჩემი შვილიო. წარმოიდგინეთ, იმის ნაცვლად მოძალადისგან დავეცავი ვინმეს, ერთი მამაკაცი მომიბრუნდა და მითხრა, რატომ წაართვი შვილი და სად გყავსო. იმ კაცის ეს სიტყვები რომ მოისმინა, უფრო მიეცა გული და გადმოვიდა შეტევაზე. ასე ისნის მეტრომდე მოვედით, შეურაცხყოფილი და დამცირებული ვიყავი, ამას შენ არ გაპატიებ მეთქი და ჩამოვათრიე ვაგონიდან. გამოვიძახე მეტროს პოლიცია და დააკავეს. ძნელია ამდენი დამცირება ხალხის თვალწინ აიტანო. საშინელი სიტყვებით მომმართავდა, ხალხმა არ იცოდა ვინ ვიყავი. ამ დროს არავინ გიცავს, არც ერთი ადამიანი...

- დააკავეს?
- კი, მეტროშივე დააკავეს, პოლიციამ სასამართლოში წაიყვანა და ადმინისტრაციული წესით მისი დაჯარიმება ითხოვა, ასევე ვითხოვდი შემაკავებელი ორდერის გამოცემას. როგორც გავიგე, მოსამართლე გაფრთხილებით შემოიფარგლა და ყველაფრის გარეშე დარბაზიდან გაუშვა. ფიზიკურ ძალადობაზე კი გამოძიება მიდის, რომც დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი დარწმუნებული ვარ, მას, აწი, პოლიცია ვერ იპოვის, დაიმალება. შემაკავებელი ორდერი მაინც გამოეცათ, ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს. ვინ დამიცავს მე სოციალურ მუშაკს?

17 წელია ამ სისტემაში ვართ მე და ქსენია ნაჭყებია, ბევრი შეურაცხყოფა, სიტყვიერი ლანძღვა, გინება აგვიტანია, მაგრამ ასეთი თავდასხმა სხვა დროს ჩემზე არ მომხდარა. ვთვლი, რომ სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, რომ ეს სხვებმა არ გაბედონ. ვინ დაიცავს სოცმუშაკს? ისედაც სტრესში გვიწევს მუშაობა და უამრავ დაბრკოლებას ვაწყდებით, როცა ასეთ ოჯახებთან ვმუშაობთ. რამდენი დაგვმუქრებია დანით, მოგკლავ ყელს გამოგჭრიო, მაგრამ 21 წლის გოგო რომ თავს გესხმის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეს უკვე მეტისმეტია. ბავშვი რომ არ გადაგვეყვანა, ის შეიძლება დღეს ცოცხალი არ ყოფილიყო.

ბავშვის ბაბუა, ჯემალ კობაიძე და მისი მეუღლე ბავშვის უკან დაბრუნებას ითხოვენ.
"ბავშვი უკანონოდ ორჯერ გამომტაცეს ხელიდან, თავის მოკვლა ვცადე და ფეხში ჩავირტყი დანა. სახლი და კარი რომ მქონდეს სხვის ქოხში ვიქნები? მაშინ მომცენ კარგი ბინა და იქ ვიცხოვრებთ და გავზრდით ბავშვს", -ამბობს ბაბუა ჯემალ კობაიძე.

კობაიძეები უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს იქ არსებული მდგომარეობა. იმ ადგილს, სადაც ისინი ცხოვრობენ, არ შეიძლება საცხოვრებელი დაარქვა, ეზოში პატარა ფიცრული დგას, ორი პატარა ოთახით, აქედან ერთში, 7 კვადრატულში ერთი საწოლი დგას, იქვეა შეშის ღუმელი, რომლითაც ოთახს ათბობენ, დგას პატარა მაგიდა, ორი სკამი და კუთხეში სალოცავი კუთხეც აქვთ გაკეთებული. ამ ფიცრულს მეორე ოთახიც აქვს, მაგრამ ის საცხოვრებლად გამოუსადეგარია, სხვადასხვა ნივთებით არის სავსე. ენით აუღწერელია მათი მდგომარეობა. ნინო 12 წლიდან ითხოვს მოწყალებას. ორსული 30- 40-50 ლარს დღეში შოულობდა და არჩენდა როგორც ქმარს, ასევე მშობლებს.

საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლითაა დაწყებული. დანაშაული ერთიდან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა დადგება თუ არა ნინო კობაიძის პასუხისმგებლობის საკითხი, რთული სათქმელია.

(სპეციალურად საიტისთვის)
eeex
15 თებერვალი 2019 11:34
italia10-ს იქნებ სტატია წაიკითხოთ ბოლომდე. ორსული დღეში 30-40-50 ლარამდე შოულობდაო. ეს თვეში 1000-დან 1500 ლარამდეა(მე თვეში 700 ლარიც არ მაქვს ხელფასი, ბევრს კიდევ უფრო ნაკლები) და სახელმწიფოს მიცემულ 400 ლარს დასჯერდებიან? ან დარწმუნებული ხართ ნორმალური საცხოვრებელი რომ მოუწყონ ბავშვს სამათხოვროდ აღარ გაიყვანენ და ნორმალურად მიხედავენ? ეს კომპლექსური პრობლემაა და მხოლოდ სახელმწიფოსკენ ხელის გაშვერა არ შეიძლება.
იო
14 თებერვალი 2019 20:12
უნდა აიკრძალოს მათხოვრობა მეტროში გაუსაძლისია იმდენი მათხოვარი შე მოდის ვაგონში პატარა ბავშვიდან დაწყებული ჯანღონით სავსე ქალებით დამთავრებული
!!!
14 თებერვალი 2019 15:45
საქართველპში სიღარიბე განაჩენია და არა არჩევანი.!
და ტილები აი ძაან მოდნი შიკიმიკი ოჯახისშვილებსაც შეიძლება შეხვდეთ!მე უფრო ის მადარდებს რო. ჩვილი ბავშვით მათხოვრობენ .ანტისანიტარიაში ცხოვრობენ სკოლაში არ დაყავთ თო
რემ ღარიბი ყოველი მეორეა
ასე რომ არ მოხდეს განათლებაზე უნდა იზრუნოს მთავრობამ..
ბოშებიც ალბათ მიჩვეული არიან როგორც უნდათ ისე ცხოვრებას
კანონი ყველასთვის უნდა იყოს კანონი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა