"გოგოს გამოც გვიჩხუბია..." - კვირის პალიტრა

"გოგოს გამოც გვიჩხუბია..."

რით ჰგვანან ერთმანეთს ოთო და ბესო ნემსაძეები

ძმებს შორის ორწელიწად-ნახევარია სხვაობა, უფროსი ოთოა. ბესომ ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა პროფესიით არასდროს უმუშავია. ჰყავს მეუღლე, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ბარბარა ხორნაული და ერთი წლის გოგონა - ბაია. როგორც ძმები იხსნებენ, პატარაობაში ორივე ძალიან ცელქი ყოფილა.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

ოთო:

- როგორც ბიჭების უმეტესობა, ჩვენც ძალიან ცელქები ვიყავით, თუმცა ბესო უფრო ჩუმჩუმელა იყო (იცინის), მე კი - პირდაპირი.

- ანუ ის აშავებდა და შენ გაბრალებდა? - არა, მე არ მაბრალებდა, უბრალოდ, ხომ იცით, პატარები მაინც განებივრებულები არიან. ბესო ძალიან სამართლიანი იყო ბავშვობიდანვე. შეეძლო, მარტოს ეჩხუბა და თავისი სიმართლე მაინც დაემტკიცებინა. ეს თვისება განსაკუთრებულად მომწონს მასში..."

ბესო:

- "კერასინკაზე" გაზრდილი ბავშვები ვართ და იმ პერიოდიდან რა ტკბილი მოგონებები უნდა გვქონდეს? თბილ გარემოში გავიზარდეთ, ერთი ეს იყო. ოთომ რომ "ჯეოსტარში" გაიმარჯვა და წარმატებას მიაღწია, მაშინ ვიყავი ყველაზე გახარებული..."

ოთო:

- ყველაზე ტკბილად მისგან გადარჩენილი შოკოლადები მახსენდება. თუ რამეს ნახავს ტკბილეულს, ყველაფერს ჭამს. ბალიშის ქვეშ შოკოლადის ქაღალდები უყრია, ისე უყვარს. ბესოს წყალობით, ახალ წელს შოკოლადი არ მქონდა..."

ბესო:

- საოცრად თბილი და მოსიყვარულეა. ბაიას ხელში აიყვანს და ეფერება. ამ ჩემს პატარა ქალბატონსაც უყვარს, თან ბიძებით განებივრებულია - ჩემს მეუღლესაც 2 ძმა ჰყავს და ყველა ზედ ევლება..."

ოთო:

- ხშირად ფიქრობენ, რომ ძმების ურთიერთობა "ფუჭდება" დაოჯახების შემდეგ. მიხარია, რომ ჩვენს ცოლებს ერთმანეთთანაც კარგი ურთიერთობა აქვთ და დედამთილთანაც. არ მესმის, რატომ ჰგონია ხალხს, რომ მაზლისცოლები ან რძალი და დედამთილი ერთმანეთს უნდა ხოცავდნენ? მოგონილია ეგ ყველაფერი..."

ნინო ჯავახიშვილი