"გადავწყვიტე სხვებს დავხმარებოდი" - რას ჰყვება ლელა წურწუმიას და, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა - კვირის პალიტრა

"გადავწყვიტე სხვებს დავხმარებოდი" - რას ჰყვება ლელა წურწუმიას და, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა

ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ მომღერალ ლელა წურწუმიას ორი და ჰყავს. მისი უფროსი და - ხათუნა ექიმია, ხოლო უმცროსი ეკა პედაგოგი. რამდენიმე წლის წინ, წურწუმიების ოჯახი დიდი განსაცდელის წინაშე დადგა, მომღერლის ორივე დას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ დებმა ვერაგი დაავადება დაამარცხეს. ჟურნალ "გზის" რესპონდენტი მომღერლის უფროსი და ხათუნაა, რომელიც საკუთარი ბიზნესით არის დაკავებული და ორ ბიჭს ზრდის. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"ექიმი ვარ, მაგრამ ვიცი, პაციენტი კლინიკაში თუ თავს ისე იგრძნობს, როგორც საკუთარ სახლში, ეს მისთვის უკეთესია. აქამდე სხვადასხვა ტიპის ბიზნესი მქონდა, მაგრამ ჩემი მთავარი მისია დედობა გახლდათ, ორი ბიჭი მყავდა გასაზრდელი; ახლა, როცა ისინი უკვე დიდები არიან, გადავწყვიტე, მეც დამეწყო ჩემი საქმე..."

"ადამიანებმა კეთილი საქმეები ჩუმად უნდა აკეთონ და ეს შეგნება ასაკთან ერთად მოდის. მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა, გადავწყვიტე სხვებს დავხმარებოდი. შევიძინე მაღალკვალიფიციური აპარატი და ვისაც არა აქვს შესაძლებლობა, რომ ძვირად ღირებული გამოკვლევები ჩაიტაროს, საშუალებას ვაძლევ, პროფესიონალი ექოსკოპისტების დახმარებით, მიზერულ თანხად, თითქმის უფასოდ ჩაიტაროს გამოკვლევები..."

"არ უნდა ვიფიქროთ, რომ დიაგნოზით ყველაფერი მთავრდება. კიბო განაჩენი ნამდვილად არ არის. ამ დროს აუცილებელია ფსიქოლოგის დახმარება. მართალია, ჩემი გოგოები დღე და ღამე ჩემთან ისხდნენ, შვებულებაც აიღეს, მაგრამ ამ დროს ფსიქოლოგის თანადგომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უსაშველო არაფერი ხდება, სწორი და კვალიფიციური სპეციალისტებია საჭირო, რომ განიკურნო. როცა ამ სიტუაციას თავს დააღწევ, ხვდები, რომ ასმაგად გიყვარს სიცოცხლე, სულ სხვა ინსტინქტები და პასუხისმგებლობა გიჩნდება. გინდა ყველას დაეხმარო, სამაგალითო გახდე და უთხრა, რომ ცხოვრება მშვენიერია და შეუფასებელი..."

"ლიდერი ლელა იყო. ერთ სკოლაში ვსწავლობდით სამივე და და მახსოვს, ფანჯრიდან რომ გავიხედავდი, ეზოში ლელა იდგა და ბევრი ბიჭი. სულ ჩამოყალიბებული პიროვნება იყო. ხშირად ვჩხუბობდით და ახლა ვეუბნები, რა ვიცოდი, მაშინ ჩემს პატრონს თუ ვურტყამდი-მეთქი (იცინის). იმდენად საოცარი გოგოა, ხანდახან თქვენობით ველაპარაკები..." იხილეთ სრულად