"წინა ხანძრის შემდეგ არანაირი დახმარება არ გაუწევიათ, არავინაა ჩვენი პატრონი, ამხელა ზარალს ახლა როგორ გადავიხდით?" - კვირის პალიტრა

"წინა ხანძრის შემდეგ არანაირი დახმარება არ გაუწევიათ, არავინაა ჩვენი პატრონი, ამხელა ზარალს ახლა როგორ გადავიხდით?"

დიდუბის რაიონის გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, სადგურის მოედანზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ზავრადაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დამწვარია 150 კვ.მ. ფართი, სადაც მეორადი ტანსაცმელებისა და სარეცხი საშუალებების საწყობი იყო. მისივე თქმით, დიდუბის რაიონის გამგეობა დაზარალებულებს კანონის შესაბამისად დაეხმარება.

"ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე, რა თქმა უნდა, ჯერ ადრეა ლაპარაკი. რაც შეეხება მდგომარეობას, დამწვარია საწყობი, რომელიც კაპიტალურად იყო გაკეთებული. დაზიანებულია მეორადი ტანსაცმლის ნაწილი და სარეცხი საშუალებები. სანამ გამოძიება ინფორმაციას არ დადებს, მიზეზებზე საუბარი ნაადრევია. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, ცეცხლი არ არის, თუმცა დაკვამლიანება შეინიშნება. მსხვერპლი არ არის. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ, აქ არიან მეპატრონეებიც, "თელასისა" და "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენლები.

ჯერჯერობით არ ვიცით, რამდენი პირია დაზარალებული. ამ ბაზრობის ხელმძღვანელობას მსგავსი ინცინდენტი ერთი წლის წინაც ჰქონდა და ბევრი გაუკეთეს თავის მოვაჭრეებს. ჯერ უნდა გაირკვეს, ვინ არის დაზარალებული და რა ზარალზეა ლაპარაკი. მერე ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ,თუმცა, ზარალის ანაზღაურებაზე ლაპარაკი ზედმეტია, რადგან ბაზრობა კერძო საკუთრებაა და როგორც აქამდე ვეხმარებოდით კანონის ფარგლებში, ასევე დავეხმარებით მეპატრონესთან ერთად. სხვა ფართზე ხანძრის გადასვლის საშიშროება ამ წუთებში აღარ არის, ცეცხლი ლოკალიზებულია", - განაცხადა ზავრადაშვილმა.

თევდორე მღვდლის ქუჩაზე, მეორადი ტანსაცმლის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული ერთ-ერთი მოვაჭრე აცხადებს, რომ წინა ხანძრის დროს თბილისის მერისგან დაპირება მიიღეს, თუმცა, არავინ დახმარებიათ.

"ხანძრებმა უნდა წამართვას ყველაფერი? წინა ხანძრის შემდეგ არანაირი დახმარება არ გაუწევიათ, არავინაა ჩვენი პატრონი. კალაძეც მოვიდა მაშინ და დაგვპირდა დახმარებას, თუმცა არაფერი გაუკეთებიათ. ამხელა ზარალს როგორ გადავიხდით? განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

შეგახსენებთ, რომ თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დამწვარია 200-250 კვადრატული მეტრი ფართი. ხანძრის მიზეზი უცნობია.

ცეცხლი მეორადი ტანსაცმლის საწყობში გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ადგილზე 16 სახანძრო ბრიგადა ჯერ კიდევ რჩება.

"ინტერპრესნიუსი"