"მე თუ კაცი ვარ, დედაჩემის ძეგლს აუცილებლად გადავაგდებ!" - კვირის პალიტრა

"მე თუ კაცი ვარ, დედაჩემის ძეგლს აუცილებლად გადავაგდებ!"

2017 წელს თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის წინ, ლეგენდარული ქართველი მსახიობის, ყველა დროის ულამაზესი ქალბატონის ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნა, რომლის მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძეა... ქანდაკება საზეიმოდ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თავის მოადგილესთან გიგა ნიკოლეიშვილთან, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან - გიორგი ალიბეგაშვილთან და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან - მიხეილ გიორგაძესთან ერთად გახსნა. ძეგლის გახსნას იმჟამად სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა, რადგან ბევრი მიჩნევდა, რომ ნატო ვაჩნაძეს არ ჰგავდა და ზედმეტად სექსუალურად გამოიყურებოდა.. მაშინ მსახიობის ვაჟმა გიორგი შენგელაიამ შეფასებისგან თავი შეიკავა და განაცხადა: "სამწუხაროდ, შეუძლოდ ვარ და ძეგლის გახსნას ვერ დავესწარი. ყველაფერი ჩემმა ძმამ - ელდარ შენგელაიამ ითავა, მოქანდაკეც მან შეარჩია... აზრს ჯერ ვერ გამოვთქვამ, რადგან არ მინახავს. წინასწარ ფოტოები კი მაჩვენეს, მაგრამ რადგან ელდარი უფროსი ძმაა, მას ჰქონდა ყველაფერი მინდობილი. ძეგლს, როდესაც ვნახავ. მაშინ შევაფასებ", -  გვითხრა რეჟისორმა ორი წლის წინ...

დღეს კი გიორგი შენგელაია აცხადებს, რომ ამ ძეგლით უკიდურესად აღშფოთებულია. - ჩემმა ძმის, ელდარ შენგელაიას თაოსნობით დაიდგა ეს საშინელი ძეგლი! ელდარს ვეღარაფერს მოთხოვ, ავად არის, ისე მიდით და ჰკითხეთ ერთი, რატომ დადგა ასეთი საშინელება!

- ვკითხეთ და თვითონ მოსწონს...

- რაღას იზამს! მე კიდევ მომწონს კი არა, მეზიზღება! თავის დროზე გავაკეთე დედაჩემის მუზეუმი გურჯაანში, ნებისმიერი ჩავიდეს და ნახოს როგორია! იქ ყველაფერი ჩემი ხელით არის გაკეთებული! ამ ძეგლთან  საერთო არაფერი მაქვს...

- თავს დროზე რატომ არ ჩაერიეთ ძეგლის დადგმის პროცესში?

- მოვა დრო და ჩავერევი, მაგ ძეგლის აღებას მოვითხოვ! ვიცი, რომ ძალიან ბევრს არ მოეწონა და სწორიც არიან! - ხმა ღვთისა, ხმა ერისა - ხომ გაგიგონიათ! ხალხი რასაც ამბობს, ყველაფერი სიბრძნეა! ამიტომაც დავარქვი ჩემს პოლიტიკურ მოძრაობას "ხალხის ნება!" მე თუ კაცი ვარ, მაგ ძეგლს აუცილებლად გადავაგდებ!

- თავის დროზე არ გკითხათ აზრი ძეგლთან დაკავშირებით ბატონმა ელდარმა? - არ ვართ მე და ჩემი ძმა იმ დონის ძმები, ერთმანეთს ჩვენი სანუკვარი რაღაცები გავუზიაროთ! ეგ არის კომედიოგრაფი - ჰი-ჰი-ჰი, ჰა-ჰა-ჰა... მე ვარ ტრაგიკოსი, რომელმაც "ფიროსმანი" გადავიღე! ოჯახურად ვაგრძელებთ ურთიერთობას, მაგრამ ხელოვნებაზე ერთმანეთთან არ ვსაუბრობთ. ნატო ვაჩნაძის ძეგლზე ჩემთვის აზრი აუცილებლად უნდა ეკითხა და თუ რატომ არ ჩათვალა ეს საჭიროდ, პასუხი მას მოსთხოვეთ!

იხილეთ ასევე: "ვიღაცას ისიც კი დაუწერია ძეგლი ზედმეტად სექსუალურიაო, რა სისულელეა" - ხმაური ნატო ვაჩნაძის ძეგლის ირგვლივ და შვილების პირველი კომენტარი

(სპეციალურად საიტისთვის)