გაჭედილში "გაჭედილი" დინოზავრი - კვირის პალიტრა

გაჭედილში "გაჭედილი" დინოზავრი

ახალი აღმოჩენა - მარტვილში დინოზავრების კვალს მიაგნეს

რამდენიმე დღეა, მარტვილში ხუმრობენ, ამიერიდან არა მარტო ქუთათური, მარტვილელი დინოზავრების სადღეგრძელოც უნდა დაილიოსო. ხუმრობას საფუძვლად უდევს სენსაციური აღმოჩენა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ტერიტორია ოდესღაც უზარმაზარი ქვეწარმავლების სამკვიდრებელი იყო.

თუმცა, მეცნიერთა ვარაუდით, მარტვილელი დინოზავრები ტანად "ქუთათურებზე" ბევრად მომცრონი უნდა ყოფილიყვნენ. მათი ჩონჩხების, ნაფეხურებისა და თავის ქალების მიხედვით, ყველაზე პატარა დინოზავრი დიდ ინდაურს არ აღემატებოდა, ყველაზე დიდი კი, სავარაუდოდ, ჯიშიან ხარზე ცოტა მეტს იწონიდა.

ახალი აღმოჩენის შესახებ გვესაუბრა ილიას სახელობის უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის საექსპედიციო ჯგუფის ხელმძღვანელი ვასილ გაბუნია:

"აბაშისწყლის ხეობაში, სოფელი გაჭედილი, სადაც უძველესი ქვეწარმავლების კვალი აღმოვაჩინეთ,  ისტორიული ადგილია. რამდენიმე თვის წინ ხეობაში პირველად წავაწყდი ორ ნაკვალევს;

KvirisPalitra.Geამის შემდეგ დავუკავშირდი ცნობილ პალეონტოლოგს, პროფესორ ვიაჩესლავ ჩხიკვაძეს, სპელეოლოგ ამირან ჯამრიშვილს და ილიას უნივერსიტეტის რექტორის, გიგი თევზაძის მხარდაჭერით მოვაწყვეთ სადაზვერვო ექსპედიცია აგვისტოს შუა რიცხვებში. ვიპოვეთ რამდენიმე ნატერფალი და 75 მილიონი წლის წინ მცხოვრები უძველესი ქვეწარმავლების გაქვავებული ძვლებიც.

მეორე ექსპედიციის დროს ნატერფალების და ძვლების რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა. როგორც ჩანს, აქ იყო ზღვის სანაპირო;  ალბათ ცხოველების ნაწილი ამ ადგილას იღუპებოდა, ნაშთების ნაწილი, სავარაუდოდ,  ზღვას გამოჰქონდა და ასე ხვდებოდა ბუნებრივ სამარხებში.

ვიპოვეთ თავის ქალაც, რომელიც, შესაძლოა, დინოზავრის ან სხვა ქვეწარმავლის იყოს; ფაქტია, რომ ძალიან ძველია და შრეებში საკმაოდ კარგად ჩანს.  ვადგენთ, არსებობს თუ არა სპეციალური  ტექნიკა, რომლითაც ძვლის დაუზიანებლად ამოღებას შევძლებთ; კარგად ჩანს ეშვების ნაწილი და თვალბუდის სატვინე კოლოფი.

საქართველოში  სხვაგან ჩონჩხი აღმოჩენილი არ არის, ერთადერთი მალაა ნაპოვნი მდინარე გუმისთაზე, ასეთი სამარხები ბევრგან იქნება კავკასიისა და საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ იმის გამო, რომ რელიეფი ტყიანია და დედოქანი ნიადაგით არის დაფარული, "საბადოებიც" არ ჩანს."

მეცნიერთა განმარტებით,  ეს აღმოჩენა ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მასობრივად ბინადრობდნენ დინოზავრები, რომლებიც 65 მილიონი წლის წინ ისევე ემსხვერპლნენ ბუნებრივ კატასტროფას, როგორც მათი ნათესავები მთელ მსოფლიოში. იოლი შესაძლებელია, რომ დეტალური კვლევის შემდეგ საქმე გვქონდეს მეცნიერებისთვის ახალ სახეობებთან.

ახალი აღმოჩენა ბედნიერ შემთხვევად უნდა ჩაითვალოს, რადგან შეიძლებოდა ეს ნაშთები ისე წაშლილიყო, ვერაფერი გაგვეგო. ნაკვალევის გადარჩენასა და გამოჩენას დიდი დრო სჭირდება: ცხოველმა ან ქვეწარმავალმა სველ, თიხნარ ზედაპირზე უნდა გაიაროს, რომ კვალი დარჩეს, შემდეგ ეს ნატერფალი მზეზე უნდა გაშრეს, გამაგრდეს და ახალი ფენით დაიფაროს; ეს ფენაც უნდა გამაგრდეს და კვლავ ახლით დაიფაროს.

ასე გრძელდება მრავალი მილიონი წლის განმავლობაში; ბოლოს ეს ფენები უნდა ჩამოიშალოს, რომ ნაკვალევი გამოჩნდეს.  აღმოჩენიდან 200-300 წლის მანძილზე თუ ვერ დაფიქსირდა,  მზისა და წყლის ზემოქმედებით იშლება.

ვასილ გაბუნია: "ხეობის გაყოლებაზე, დაახლოებით 400-500 მეტრის მანძილზე, გამოჩნდა მილიონი წლების განმავლობაში დაფარული საიდუმლო. ზოგან ზედაპირზე დევს სანახაობა, ზოგანაც კედლებშია და  ჩაჭედილ ძვლებს მოძებნა სჭირდება. მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, კიდევ ბევრი ბუნებრივი სამარხი გამოჩნდეს."

ვასილ გაბუნიას განმარტებით, სანამ ახალი აღმოჩენის ასაკი არ დადგინდება, ძნელია იმის თქმა, რა კავშირი უნდა ჰქონოდათ მარტვილელ დინოზავრებს სათაფლიელებთან. ერთი რამ ცხადია:

მაშინდელი კავკასიის ტერიტორია ზღვით იყო დაფარული და არც კავკასიის ქედი არსებობდა. ზღვაში ბინადრობდნენ, ზღვის ზღარბები, ვარსკვლავები, ამონიტები,  მტაცებელი თვზები და ქვეწარმავლები, ხმელეთზე კი ცხოვრობდნენ დინოზავრები - ბალახისმჭამელებიც და მტაცებლებიც. სავარაუდოდ, ისინი დედამიწაზე 65 მილიონი წლის წინ მომხდარ კატასტროფას ემსხვერპლნენ.

ამჯერად ახალი ექსპედიციის წევრები ემზადებიან, მსოფლიოს გააცნონ ახალი აღმოჩენა. იმედი აქვთ, რომ ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვება და უცხოელი კოლეგები ტექნიკური აღჭურვილობითაც დაგვეხმარებიან, რადგან  ქართველ მეცნიერებს უფრო მასშტაბური კვლევების ჩატარების საშუალება არა აქვთ.

ლაპარაკია იმაზეც, რომ აღმოჩენის ადგილი გამოცხადდეს დაცულ ტერიტორიად, მოეწყოს მუზეუმი ღია ცის ქვეშ. უდავოა, აქ მოსულ დამთვალიერებელს თვალწინ საინტერესო სანახაობა გადაეშლება.