"თავდამსხმელს წინააღმდეგობა გავუწიე და თავადაც ნაცემია - ხელები მიხატული კი არ მაქვს" - კვირის პალიტრა

"თავდამსხმელს წინააღმდეგობა გავუწიე და თავადაც ნაცემია - ხელები მიხატული კი არ მაქვს"

იქნება ნაცემი, ხელები მიხატული კი არ მაქვს, - ასე გამოეხმაურა "ინტერპრესნიუსთან" ციხის კადრების ავტორი, ლადო ბედუკაძე მასსა და თენგიზ ნაზღაიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას.

აღნიშნული პირიც ალადაშვილის კლინიკაში ტრავმებით გადაიყვანეს და მას საავადმყოფოდან რამდენიმე საათში გაწერენ.

როგორც ბედუკაძე განმარტავს, მასზე ძალადობა წინასწარ დაგეგმილი იყო და ის ამაში "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს.

"ნაცმოძრაობაზე" მეტი მტერი პოლიტიკურ პროცესებში მე არ მყავს. ეს ადამიანი ფაქტებს ვერ ალაგებს, ვერ ასახელებს ვინ, სად, როდის მოკლეს. ეს არის თითიდან გამოწოვილი სისულელე, აბსურდი. ის ან კარგად დაარიგეს და ვერ დაიმახსოვრა, ან ასეთი მსგავსი რაღაც, წინასწარ დაგეგმილი სცენარი ჰქონდა, ეს განახორციელა, ატეხა ხმაური, ხმაურისთვის სჭირდებოდათ ეს", - აცხადებს ბედუკაძე.

როგორც ის განმარტავს, პირს, რომელიც მას დაუპირისპირდა, არ იცნობს და დღეს პირველად ნახა.

"ქაშვეთის ეკლესიაში ვიყავი, ეს პირიც ეკლესიაში იყო, მითვალთვალებდა და უკან გამომყვა. ამ ადამიანს არ ვიცნობ, დღეს ის პირველად ვნახე. მითხრა, რომ მე ვარ მკვლელი, ვიღაც მოვკალი, ვარ მწვალებელი, მთელი "ქართული ოცნება" არის მწვალებელი, ილანძღებოდა ბიძინა ივანიშვილის, "ოცნების" მისამართით.

რაც შეეხება იმას, რომ ის მეც ვცემე, იქნება ნაცემი, ხელები მიხატული კი არ მაქვს. ჩემი საპასუხო რეაქცია იყო, რადგან მისგან ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას ველოდი, ამიტომ თავის დაზღვევის მიზნით წინააღმდეგობა გავუწიე. გაგვაშველეს, შემდეგ ის მანქანით გაიქცა, ნომერი დავიმახსოვრე", - განაცხადა ბედუკაძემ.

მან ახლახანს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დატოვა, სადაც დაზიანებების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა.

"ინტერპრესნიუსი"