ორი სიცოცხლე, ანუ განუსაზღვრელი დრო - კვირის პალიტრა

ორი სიცოცხლე, ანუ განუსაზღვრელი დრო

ლელა კაციაშვილი ჩვენს დროში ცხოვრობს, ერთი კონკრეტული ასაკი აქვს, მაგრამ ფლობს ორ წლოვანებას, ორ ცხოვრებას და ორ სხვადასხვა დროს ერთ ეპოქაში.

ის დროს ხელოვნებასთან აზავებს. მისი დრო თავისუფალია...

ლექსებს წერდა მხოლოდ 11 წლამდე. სამი წლისამ გარითმული ნაფიქრი პირველად გამოიტანა სამზეოზე.

მამა, თავადაც პოეტი, ზაზა კაციაშვილი, გოგონას სტროფებს ინიშნავდა, რუდუნებით აგროვებდა და ინახავდა. მისი ლექსები არ ჰგავდა ბავშვურს, ემოცია გაცილებით მძაფრი იყო,  აზრები - დაფიქრებულ-დამაფიქრებელი.

11 წლისამ ათონის მღვიმე მოინახულა. შთაბეჭდილებამ დაატყვევა და დაამუნჯა. რამდენიმე დღის შემდეგ განცდილი ლექსად აქცია. ეს იყო უკანასკნელი. მას შემდეგ აღარც დაუწერია. არადა, ლელას ლექსები იბეჭდებოდა, მასზე ამბობდნენ, კიდევ ერთი ანა კალანდაძე მოგვევლინებაო, თუმცა...

მომდევნო ოცდაოთხი წლის განმავლობაში საკუთარ სამყაროს ჩამოშორდა... ისწავლა, მერე ოჯახს ემსახურა, შვილი აღზარდა, იმუშავა კიდეც - სხვადასხვა ტელევიზიასა და გამომცემლობაში კულტურას მიმოიხილავდა. ყველა საქმეს სიყვარულით და პასუხისმგებლობით ეკიდებოდა, მაგრამ ერთ დღეს მიხვდა, რომ ამ ყველაფერს დიდ დროს უთმობდა, ამიტომ, შეეშვა... ახლა თავის კუთვნილ სამყაროში უნდა "გადაბარგებულიყო".

KvirisPalitra.Geასეც მოიქცა. 11 წლის ასაკში შეწყვეტილი ცხოვრება განაგრძო. მას შემდეგ ათი წელი გავიდა. ასე რომ, ხელოვნებასთან "ჯვარდაწერილი" ლელა კაციაშვილი 21 წლის არის. 24-წლიანი პერიოდი კი, რომელიც ამ "ბედნიერებას" აშორებს, უკვე განვლილია. ორივე ერთად 45-ია - ლელა კაციაშვილი ორი ასაკით ერთ ცხოვრებაში...

რა გავაკეთო? საპასუხო ფიქრები თავში ერთმანეთს ენაცვლებოდა. მოიფიქრა - წიწაკის გამხმარი თესლები და კიდევ სხვა,  "გამოუსადეგარი" ნივთები აიღო და... სუვენირი დაამზადა. ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე. ნივთები სუპერმარკეტში მიიტანა, გასაყიდად დადო და... შემოსავალიც გაჩნდა.

მერე დაფიქრდა, კიდევ ერთხელ - სუვენირებს დიდ დროს ხომ არ ვუთმობ? და საერთოდაც, დრო... დრო...

საათებში მომწყვდეული დრო გაათავისუფლა, ფანტაზია გააფართოვა, შესაძლებლობები გაშალა და...

უკვე ორი ათასზე მეტი საათი აქვს გაკეთებული.

სახელოსნოს ერეკლეს ქუჩაზე "თავისუფალი დრო" ჰქვია - აქ იქმნება და აქედან იფანტება მსოფლიოში ლელა კაციაშვილის ხელოვნებაში ჩაკარგული დრო.

ერთი საათი ავტოპორტრეტია, ლელას კუთვნილ დროს ითვლის. მისი შექმნის ისტორია 2002 წლიდან იწყება, ჯერ არ დასრულებულა, დროდადრო იცვლება...

ლელას დამოკიდებულება დროსთან განსაკუთრებულია.  უფლისგან ნაბოძები გვაქვს თავისუფალი დრო - თავის გასამჟღავნებლად და დასამკვიდრებლად. ამ პერიოდს ნიჭიერად იყენებს. აქვს პრინციპი - არ დაკარგოს უფალი, თავი და დრო.

რეალურად კი დრო მისთვის არ არსებობს!

KvirisPalitra.Geის, რაც წამის წინ იქცა წარსულად, წამით აწმყოა, წამის შემდეგ კი მომავალი გახდება. დროის ამ პრინციპით განაწილება ლელა კაციაშვილს არ შეუძლია. დრო მისთვის ერთი მთლიანია. მთავარია, ჰქონდეს ჰაერი, რომ ისუნთქოს და მუსიკა, რომ შთააგონოს. მუსიკა მნიშვნელოვანია. ჯაზს მუშაობისას უსმენს, როკს - გართობისას.

ერთ დროს წიგნების ფანატიკოსმა საერთოდ შეწყვიტა კითხვა. აღარავის ნაწერ-ნაფიქრი აინტერესებს მას შემდეგ, რაც წაიკითხა და შეიმეცნა სახარება. ამაზე დიდი სიბრძნე ხომ არ არსებობს?! უფრო ახალს, საინტერესოს და ღირებულს სხვა ვეღარ დაწერს.

საერთოდაც, რთულია შექმნა რაღაც ახალი. რასაც ის აკეთებს, მხოლოდ უფლის მიერ შექმნილის გამეორებაა, გაფილტრული და საკუთარ თავში გამოტარებული.

ხატავს. მხოლოდ მინაზე!

მინა ობიექტივია, ყველაფერს ირეკლავს. სუფთა მინას აიღებს, ირგვლივ მოატარებს, კადრს დაიჭერს და აღქმულს აფერადებს...

ლელა კაციაშვილის ყოველი ნამუშევარი ერთადერთია და განუმეორებელი, არც ერთი ნახატი, არც ერთი საათი მეორეს არ ჰგავს. მუშაობის პროცესშივე გრძნობს, რომ ეს შეგრძნება არ შეიძლება, მეორედაც განიცადოს, შეგრძნებები კი უხვია, მუდამ განსხვავებული, განუმეორებელი.

ლელას ნამუშევრებს უნდა დააკვირდე, რომ მათში საათი აღმოაჩინო, დრო იპოვო. ხელოვანმა დროს უკან  დაახევინა. ჩვენ ხომ დროის სისწრაფეში ჩაკარგული ადამიანები ვართ, თუნდაც ამიტომ არ სურს, ხელოვნებაც დროს დაუმორჩილოს. ლელა კაციაშვილმა შეძლო და ხელოვნებაში ჩაკარგა, მიმალა და გააჩერა დრო, რომელიც გამუდმებით ითვლის წამებს...  წუთებს... საათებს... ეპოქას.

ერთხელ ლელას "თავისუფალ დროს" ტურისტი ქალბატონი ესტუმრა. ჯერ გაოცდა, მერე მოიხიბლა, ნამუშევრებიც  მოეწონა, შემქმნელიც  და... თავისთან მიიპატიჟა, თან - შვეიცარიაში, საათების სამყაროში. ოცნება თუ ხდება, ასეც უნდა ახდეს! ამ ქალბატონმა ლელას ერთი ათვალწუნებული ოთახის მოხატვა სთხოვა - იქნებ შემიყვარდეს იქ შესვლაო.

შეიყვარა კი არა, იმდენად მოიხიბლა, იქ შესახლდა!  სანაცვლოდ მან ქართველ "მესაათეს" საათების სამშობლოში სამი არაჩვეულებრივი გამოფენა მოუწყო. ოცნება უკვე ახდა. თუმცა, მაინც ოცნებობს. არა, ეს უფრო მიზანს ჰგავს. არც იცის, უნდა მითხრას ხმამაღლა,  თუ - არა! მიზანი ერთადერთია - სამოთხე...

"რაც არა გწადდეს, იგი ჰქმენ, ნუ სდევ სურვილთა ვნებასა", - როდესაც ამას შეძლებ, თავისუფალი ხარო, - ამბობს.

თავისუფალია...

მისი დროც თავისუფალია...

სახელოსნოსაც, სადაც ასობით საათის ერთდროული წიკწიკი ჯაზს ბადებს, სწორედ ასე ჰქვია - "თავისუფალი დრო".