"თავიდან როლი არ მომწონდა, მე ხომ არასოდეს ვყოფილვარ "დედიკოს ბიჭი" - კვირის პალიტრა

"თავიდან როლი არ მომწონდა, მე ხომ არასოდეს ვყოფილვარ "დედიკოს ბიჭი"

"რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი", - ხომ გახსოვთ ეს ფრაზა ყველასთვის საყვარელი ფილმიდან „თოჯინები იცინიან", რომელსაც სათამაშოების ფაბრიკის დირექტორი სევერიან წივწივაძე არაერთხელ ამბობს და თვითონვე პასუხობს - იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა სათამაშო...  მის როლს ფილმში ლეგენდარული ეროსი მანჯგალაძე ასრულებს.

ფილმის ფაბულის თანახმად, ახალგაზრდა ყმაწვილი რეზიკო, რომელსაც ოჯახის წევრები დიდ მუსიკალურ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, კონსერვატორიის გამოცდებს ვერ აბარებს, თუმცა დედას და ბებიას ამას ვერ უმხელს და მამასთან ერთად საიდუმლო გეგმას ადგენს, რომლის თანახმადაც სათამაშოების ფაბრიკაში იწყებს მუშაობას და ამ საქმეში დიდ ნიჭსაც გამოიჩენს. ნიკოლოზ სანიშვილის ფილმი გამორჩეულია იმითაც, რომ მასში ყველა დროის ქართული კინოს მსახიობების საუკეთესო თანავარსკვლავედია შეკრებილი - სესილია თაყაიშვილი, მარინა თბილელი, იპოლიტე ხვიჩია, სანდრო ჟორჟოლიანი, ეროსი მანჯგალაძე და სხვანი...

მოგეხსენებათ, რეზიკოს როლს ფილმში იმჟამად სრულიად ახალგაზრდა მერაბ თავაძე ასრულებს, რომელიც დღეს ცნობილი რეჟისორია. ის გვიყვება თუ როგორ მოხვდა ფილმში:

"თოჯინები იცინიან"

- ფილმი ხალხს დღემდე ძალიან უყვარს. იცით, რა ბიჭები მოვიდნენ გადაღებაზე გასასინჯად? მე კი ჩვეულებრივი ბიჭი გახლდით და არასოდეს მიფიქრია, რომ სხვებზე უკეთესი ვიყავი. პლეხანოველებს სხვანაირი მენტალიტეტი გვქონდა. ვიოლინოზე სიარულს თავი მარტო იმიტომ დავანებე, რომ ფუტლარი არ მეტარებინა... თავიდან როლი არ მომწონდა, მე ხომ არასოდეს ვყოფილვარ "დედიკოს ბიჭი". სურათი ეკრანებზე გამოვიდა თუ არა, უხერხულობაც ნელ-ნელა გაქრა. წლების მერე მივხვდი, რამხელა ბედნიერება იყო ფილმში დიდ მსახიობებთან ერთად მონაწილეობა. კადრი ფილმიდან

იპოლიტეს უსაზღვრო იუმორი ჰქონდა. ნებისმიერი ფრაზა, რასაც ის წარმოთქვამდა, უკვე სასაცილო იყო. ის დამტკიცებული გახლდათ როლზე. მისი შვილის როლზე კი 15 ადამიანს გვსინჯავდნენ. შევხედავდი იპოლიტეს და მეცინებოდა. რეჟისორი ნიკოლოზ სანიშვილი მიყვიროდა: მოგხსნი როლიდანო! ვეხვეწებოდი: გააჩერეთ ეს კაცი და აღარ გავიცინებ-მეთქი. თამაში მხოლოდ იპოლიტეს გარეშე მოვახერხე. სულ მეგონა, რომ სანდრო ჟორჟოლიანი და სესილია თაყაიშვილი ერთი ოჯახი იყო. მეცინება, რომ ვიხსენებ... იმ თაობის არტისტებს უზომოდ უყვარდათ ერთმანეთი. სანდრო ჟორჟოლიანი შინაგანად რაინდი იყო. უყვარდა ქალები, ყველასთვის შეეძლო ქათინაურის თქმა. ჩემს თავს ვეკითხებოდი: მის ასაკში შევინარჩუნებ ამ თვისებებს თუ არა-მეთქი?

P.S. რაც შეხება სათამაშოებს, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ფილმის გმირი სევერიან წივწივაძე სრულიად მართალია, როდესაც ბავშვის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად სათამაშოს ასახელებს. ყველა მშობელმა კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ბავშვისთვის თამაში მხოლოდ გართობა არ არის და სწორედ თამაშისას ხდება ბავშვის გონებრივი, ასევე მოტორული განვითარება და სამყაროს შეცნობა, ამიტომაც უმნიშვნელოვანესია მშობელმა კარგად იცოდეს, როგორ შეურჩიოს შვილს სათამაშო.

შეიძინეთ თქვენი პატარებისთვის სათამაშოები ონლაინ