"ვცდი­ლობ გა­ვარ­კვიო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბი" - ორგანიზაციამ, რომელიც ქალთა უფლებებზე მუშაობს, ორსული თანამშრომელი გაათავისუფლა - კვირის პალიტრა

"ვცდი­ლობ გა­ვარ­კვიო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბი" - ორგანიზაციამ, რომელიც ქალთა უფლებებზე მუშაობს, ორსული თანამშრომელი გაათავისუფლა

სამი თვის ორსული და მცირეწლოვანი ბავშვის დედა ლიკა კასრაძე არასამთავრობო ორგანიზაციამ "სამოქალაქო განვითარების სააგენტო"(სიდა) სამსახურიდან გაათავისუფლა, ამის შესახებ "ფეისბუკზე" თავად კასრაძე წერს.

მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილება აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო. კასრაძე პარადოქსულად მიიჩნევს, რომ ორგანიზაცია აქტიურად საქმიანობს ქალთა გაძლიერების კუთხით და მისი ძირითადი სტრატეგიული მიმართულებებია, მათ შორის: გენდერული თანასწორობა, ქალთა გაძლიერება და ადამიანის უფლებები.

"დაახლოებით ერთი თვეა ვცდილობ, ორგანიზაციაში გავარკვიო სამსახურიდან ჩემი გათავისუფლების რეალური (ნამდვილი) მიზეზები, რადგან ვთვლი, რომ საქმე მაქვს ორმაგ სტანდარტთან და ჩემ მიმართ უსამართლო მოპყრობასთან, მაგრამ უშედეგოდ. მიმაჩნია, რომ უხეშად დაირღვა ჩემი შრომითი და არა მხოლოდ შრომითი უფლებები.

აღსანიშნავია ასევე, რომ ჩემი საკითხის კვლევისა და უფლებების დაცვის პროცესში ორგანიზაცია სიდაში რამდენიმე დღის წინ წავაწყდი ისეთ სავარაუდო დარღვევებს, რომლებზედაც იქ მუშაობის 3 წლის განმავლობაში წარმოდგენა არ მქონდა. მაგალითად: 1) აღმოვაჩინე, რომ ორგანიზაციის საქაღალდეებში ინახებოდა ჩემი სახელით დადებული შრომითი ხელშეკრულებების მთელი რიგი, საიდანაც მე მხოლოდ ერთ ხელშეკრულებაზე მაქვს ხელი მოწერილი, დანარჩენ შრომით ხელშეკრულებებზე კი სხვა პირის ხელმოწერებია; 2) შემოსავლების სამსახურში ფიქსირდება, რომ ორგანიზაცია სიდას ჩემთვის შრომის ანაზღაურების სახით თითქოს გადახდილი აქვს თანხა, რომელიც დაახლოებით 35 000 ლარით მეტია, ვიდრე ის თანხა, რომელიც მე სიდაში მუშაობისას რეალურად ხელფასის სახით მივიღე; ამას ადასტურებს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი და შესაბამისი ამონაწერი იმ ბანკიდან, სადაც ხელფასი მერიცხება.

აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე სიდას აღმასრულებელ დირექტორს და მმართველობის ორგანოს − გამგეობის წევრებს. ამის შესახებ იციან ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებმაც.

ამ პროცესების მიმდინარეობისას ინფორმაცია მოიძია და თავისი საკითხის თაობაზე სავარაუდო დარღვევა აღმოაჩინა ჩემმა თანამშრომელმა, ნაზი ბურდულაძემაც; კერძოდ, 2018 წლის ივნისიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით ნაზი ბურდულაძის სახელით დადებულია და სიდას დონორისთვის მიწოდებულია შრომითი ხელშეკრულება, რომელზედაც ნაზი ბურდულიძის ხელმოწერის ნაცვლად ხელი აქვს მოწერილი სხვა ადამიანს. პროტესტის ნიშნად ორგანიზაცია სიდა თავისი სურვილით დატოვეს ნაზი ბურდულაძემ და სხვა ხუთმა თანამშრომელმა.

ორგანიზაციაში შეიქმნა მწვავე კრიზისი. ჩემთვის არადამაკმაყოფილებელია ის პასუხები, რომლებსაც ამ დროის განმავლობაში ზემოაღნიშნულ საკითხებზე სიდას აღმასრულებელი დირექტორისგან ვიღებ და მის, როგორც ორგანიზაცის ხელმძღვანელის, მიმართ მაქვს სრული და საფუძვლიანი უნდობლობა. აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სიდას ერთ-ერთმა დონორმა სიდასთან უკვე შეწყვიტა პროექტი.

აქვე ისიც უნდა დაემატოს, რომ აღმასრულებელმა დირექტორმა ზემოხსენებული სავარაუდო დარღვევების შესახებ ინფორმაცია შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს მიაწოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა და ეს სიდას გამგეობის წევრებმა და სხვა თანამშრომლებმა მოითხოვეს.

ახლახანს სიდას აღმასრულებელმა დირექტორმა ელ-ფოსტით გვაცნობა, რომ სიდას რუსთავის ოფისში არსებული ორიგინალი დოკუმენტები გატანილია ოფისიდან და ელექტრონული ფაილების ნაწილი წაშლილია. ჩვენი აზრით, არის იმის საფრთხე, რომ სხვა საჭირო დოკუმენტაციაც დაიკარგოს. ამიტომ, ვასაჯაროებთ ამ ინფორმაციას. ამ საქმის გახმაურება ახლა უკვე უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩემი ყოფილი თანამშრომლისათვის, ნაზი ბურდულაძისათვის," - წერს კასრაძე. (წყარო)