"რუსეთიდან მოვიდა ბრძანება, რომ ანაკლიის პროექტი არ უნდა შედგეს, ჰოდა.." - ვინ რას ფიქრობს "თიბისი ბანკის" გარშემო შექმნილ ვითარებაზე? - კვირის პალიტრა

"რუსეთიდან მოვიდა ბრძანება, რომ ანაკლიის პროექტი არ უნდა შედგეს, ჰოდა.." - ვინ რას ფიქრობს "თიბისი ბანკის" გარშემო შექმნილ ვითარებაზე?

"თიბისი ბანკის" გარშემო სკანდალი არ წყდება. პროკურატურის მიერ 11-წლის წინანდელი ტრანზაქციის შესწავლის დაწყების კვალდაკვალ ეროვნული ბანკი "თიბისი ბანკისგან" მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის, მამუკა ხაზარაძის და თავჯდომარის მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს... მამუკა ხაზარაძემ მომხდარზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ არ დათმობს თავის საქმეს, თავისუფლებას, არ შეეგუება უსამართლობას და ყველა მხარდამჭერს მადლობას უხდის... მამუკა ხაზარაძის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თავიანთი მოსაზრება საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა გაგვიზიარეს.

ჯემალ ჭკუასელი, ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელი:

- ძალიან ცუდია ეს ყველაფერი, რაც ხდება... საერთოდ ნებისმიერი ქართველის განსაცდელი მწყინს, მითუმეტეს მამუკა ხაზარაძის... რა თქმა უნდა, მას ქვეყნისთვის ძალიან ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული, თუნდაც ფოლკლორის მიმართულებით. ამიტომ არ არის არავისთვის სასიამოვნო ეს ყველაფერი!

- თქვენ მას დიდი ხანია პირადად იცნობთ და აპირებთ მის მხარდაჭერას? - წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ერთი რამ აუცილებლად ვიცი, მხარში სიმართლეს დავუდგები! ვის მხარესაც სიმართლე გამოჩნდება, მეც იქ ვიქნები!

ბუბა კიკაბიძე, მომღერალი: - მამუკა ხაზარაძეს ამ ცოტა ხნის წინ ქორწილში შევხვდი, ვკითხე, - რას გერჩიან-მეთქი, - არავინ არაფერს მერჩისო, - დამამშვიდა... შეწუხებული ვარ მის თავს რაც ხდება, როგორ არ ერჩიან, კაცო?! უკვე დადგა დრო ყველაფერს თავიდან ბოლომდე წერტილი დაესვას! მე მას ჩემი მხრიდან ასპროცენტიან მხარდაჭერას ვუცხადებ! პირადად ვიცნობ დიდი ხანია, დიდ პატივს ვცემ და საერთოდ ყველა ჭკვიანი კაცი მიყვარს! ისე ჩემი მხრიდან გადაეცით, ვიდრე ტელევიზიით არ გამოვა და თავის სათქმელს კარგად არ იტყვის, მანამდე იმდენად ბევრი ხალხი ვერ დაუჭერს მხარს, რამდენიც საჭიროა... თქვენ მაინც გააგებინეთ, რომ რაღაც თქვას, ხალხმა რომ გავიგოთ, რაც ხდება! აღარ შეიძლება ამდენი სიჩუმე! ათასნაირი საუბრები მიდის და დააბნიეს საზოგადოება! დარწმუნებული ვარ, მართალი იქნება ის ხმები, რომ ამ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.

ნანი ბრეგვაძე, მომღერალი: - გუშინ ჩამოვედი, საერთოდ აზრზე არ ვარ რა ხდება... თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი სიმპათიით ვიყავი ყოველთვის და ვარ განწყობილი მამუკა ხაზარაძის მიმართ! სიკეთის გარდა, მას ჩემთვის არაფერი გაუკეთებია. ჩემი კონცერტების დროს სულ ვგრძნობდი მისგან მხარდაჭერას, ჩემი პირველი სოლო-კონცერტი მან დააფინანსა... მე ფულის დათვლაც კი არ ვიცი და არ ვერევი მაგ საკითხებში, ვუყურებ იმას ვინ როგორი ადამიანია, მოქალაქეა! ამიტომ ჩემი შეფასებით მამუკა ხაზარაძე ძალიან კარგი და ღირსეული პიროვნებაა!

ისე, რა უბედურებაა მუდმივად ეს ბრძოლები?! რა ჩემი საქმეა პოლიტიკა და რა გამეგება, მაგრამ მსურს ვიყო წესიერი და კეთილშობილი ადამიანების ირგვლივ და ასეთი ერთ-ერთი ნამდვილად არის მამუკა ხაზარაძე! ნონა გაფრინდაშვილი

ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში:

- წესით, აზრს ამ საქმის პროფესიონალებს უნდა ეკითხებოდეთ და არა - მე! რაც შეეხება ბრალდებას, თითქოს ბიძინა ივანიშვილიდან იყოს შურისძიება, ამის მთქმელს ვურჩევდი, ჯერ საკითხი ძალიან ღრმად შეისწავლოს და ხმამაღლა მერე ისაუბროს! რაც არ უნდა მოხდეს, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ! მაშინ დაასაბუთონ! ამხელა სერიოზულ რამეზე არგუმენტების გარეშე საუბარი არ შეიძლება! ასე ხდებოდა, როდესაც ჩვენ ამ ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდით! რუსეთის ხალხიაო, - ჩვენზე იძახდდნენ და ამ დროს თვითონ იყვნენ იმ ყველაფრის გამკეთებლები, რასაც ჩვენზე ამბობდნენ! მათ ხმა არ აქვთ ამოსაღები, დამნაშავეები არიან და კოჰაბიტაციის წყალობით რომ არ დაისაჯენ, ეს არის ყველაზე ცუდი! საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ცილისწამება და სრულიად მესმის ახლა ბიძინა ივანიშვილის მიმართ რომ ხელს ყველაფერზე უაზროდ იშვერენ!

საკითხს სოციალურ ქსელში მწვავედ ეხმაურება მწერალი რატი ამაღლობელი:

"რუსეთიდან მოვიდა ბრძანება რომ ანაკლიის პროექტი არ უნდა შედგეს, ჰოდა, ასრულებენ ამ ბრძანებას საქართველოს პროკურატურა და ეროვნული ბანკი". (წყარო) (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ასევე: "წინასწარმეტყველება", რომელიც ხაზარაძეს აუხდა, ანუ რატომ "გახსნა ცეცხლი" ეროვნულმა ბანკმა