"როდესაც სიყვარულია, იქ დაბრკოლებები არ არსებობს. გიყვარს? - უნდა მოიყვანო ცოლად" - ლაშა ტალახაძის სიყვარულის ისტორია - კვირის პალიტრა

"როდესაც სიყვარულია, იქ დაბრკოლებები არ არსებობს. გიყვარს? - უნდა მოიყვანო ცოლად" - ლაშა ტალახაძის სიყვარულის ისტორია

"ყოველთვის მადლობას ვუხდი უფალს, რომ დავიბადე საქართველოში, რომელიც ძალიან მიყვარს და მის გამო, თუ საჭირო გახდება, ბევრ რამეს გავაკეთებ"

ლაშა ტალახაძე და ანა დემურია პირველი შვილის მოლოდინში არიან. ლაშას, რა თქმა უნდა, მივულოცეთ "2018 წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად" დასახელება. ალბათ თავის გულშემატკივარს ამ წელსაც გაანებივრებს წარმატებებით, მანამდე კი წყვილი გულახდილად გვესაუბრა იმის შესახებ, თუ რით მოხიბლეს ერთმანეთი, როგორი ხასიათი აქვს ქართველ ძალოსანს და რისი ეშინია მას.

- ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ვინ ან რა გაძლევს ყველაზე მეტ სტიმულს?

ლაშა:

- რა თქმა უნდა, გულშემატკივრები და ჩემი ოჯახის წევრები მაძლევენ სტიმულს გამარჯვებისთვის; მოდუნების საშუალებას არ მაძლევენ ჩემი მწვრთნელები, რომლებიც მართლა 24 საათი ზრუნავენ იმაზე, რომ გარკვეულ შედეგებს მივაღწიო და მაქსიმუმი ვაჩვენო. ასე იკვრება ერთი დიდი წრე, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ სპორტსმენისთვის გულშემატკივარი მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია.

- პატარაობისას როგორი იყავი? რა მისწრაფებები გქონდა, რა ოცნებები? - სიმართლე გითხრათ, შრომისმოყვარე ვიყავი და მიყვარდა, მშობლებს რომ ვეხმარებოდი. სპორტის რამდენიმე სახეობაში მოვსინჯე ძალები, მაგრამ საბოლოოდ ძალოსნობით დავინტერესდი. ვფიქრობდი, რომ ოდესმე მეც გავხდებოდი დიდი სპორტსმენი, რატომღაც თავიდანვე მჯეროდა წარმატების. 15 წლამდე რაიონში ვიზრდებოდი, საჩხერეში. ისე მიყვარდა იქაურობა, თბილისისკენ გამოხედვაც არ მინდოდა, მაგრამ მერე ნაკრებში რომ გამომიძახეს, იძულებული გავხდი წამოვსულიყავი. იქაურობა დღემდე განსაკუთრებულია ჩემთვის. ახლაც ხშირად ვფიქრობ იმ წლებზე, მენატრება იქ გატარებული თითოეული წუთი და ვამბობ ხოლმე, რომ ჩვენი ბავშვობა იყო ნამდვილი და საუკეთესო.

- შენი სისუსტე რა არის? - დამთმობი ვარ, რაც უნდა გასაკვირი იყოს ჩემი გარეგნობიდან გამომდინარე (იცინის).

ანა:

- არა, ასე არ არის...

ლაშა:

- გაბრაზება ვიცი, მაგრამ ადვილად გადამივლის ხოლმე.

- რამის გეშინია? - არაფრის, თუ არ ჩავთვლით ჩემი საყვარელი ადამიანების დაკარგვის შიშს; ვერ წარმომიდგენია სიცოცხლე მათ გარეშე.

- წონასწორობიდან ადვილად გამოდიხარ თუ - ვინ გაბედავს ამას? - (იცინის) გაბედვას თავი დაანებეთ, კიდევ კარგი, მალევე "ვლაგდები" და ვწყნარდები ხოლმე. არ ვიცი, ცუდია თუ კარგი, მაგრამ სიბრაზის მომენტში, რასაც ვფიქრობ და რაც აზრად მომდის, ყველაფერს ვამბობ და ვაკეთებ. როგორც გითხარით, წყენა მალე მავიწყდება, ბრაზის გულში ჩადება არ მიყვარს.

- იმერული რა გაქვს ხასიათში? ანა:

- ალბათ ის, რომ ცოცხალი, ხალასი ბუნება აქვს და მკვირცხლია. ისიც უნდა ვთქვა, რომ ძალიან უყვარს იმერული სამზარეულო. ძირითადად, მეგრული კერძების მომზადება ვიცი, მაგრამ ლაშას ხათრით ნელ-ნელა ვსწავლობ. ახასიათებს იმერული ენაკვიმატობაც, თუმცა ხალხში ნაკლებად ამჟღავნებს.

- რით მოგხიბლა ლაშამ? - მისი თავმდაბლობით მოვიხიბლე. წარმატება თავში არ ჰქონდა ავარდნილი. თავიდან არც ვიცოდი, თუ ოლიმპიური ჩემპიონი იყო. სპორტით არ ვიყავი დაინტერესებული. გარდა თავმდაბლობისა, ბევრი მამაკაცური თვისება აღმოაჩნდა, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ქართული სულისკვეთებით არის გაზრდილი, მეც ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე და ბევრი რამ აღმოგვაჩნდა საერთო.

- ეს იყო პირველი შობა-ახალი წელი, რომელიც ერთად გაატარეთ. - ძალიან ვემზადებოდით საახალწლოდ. საჩხერეში წასვლა და ოჯახთან - ლაშას მშობლებთან, ძმასა და დასთან ერთად შეხვედრა დავგეგმეთ.

ლაშა:

- ანასთვის უფრო რთული პერიოდი იყო, რადგან პირველად გაატარა ახალი წელი თავისი მშობლების გარეშე. ვირუსმა ხელი შეგვიშალა ტრადიციულად მოლხენაში, რადგან საწოლში შევხვდი ახალ წელს. მაგარი კი ყოფილა ახალი წლის გატარება საწოლში. ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგად დამთავრდა.

- ოჯახური თანაცხოვრების სირთულე რა ყოფილა? - გულახდილად გითხრათ, არანაირი სირთულე არ მიგრძნია, პირიქით, უფრო მეტი თანადგომა და დახმარება მაქვს, გვერდით მყავს ისეთი ადამიანი, რომელიც ხელს მიწყობს. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ოჯახს, ფაქტობრივად, მოწყვეტილი ვარ და მესმის, ეს ანასთვის რთულია - შეიძლება კვირაში ან თვეში ერთხელ მნახოს, მით უფრო რთულია, როდესაც ახალდაქორწინებულია წყვილი, თუმცა ანა ყველაფერს გაგებით ეკიდება.

ანა: - ბევრჯერ მსმენია, რომ "თანაცხოვრება რთულია" ან "ეს რომ მცოდნოდა, ოჯახს არ შევქმნიდი" და ა.შ. მიკვირს, ამას რატომ ამბობენ. მე არასდროს მიფიქრია მსგავსი რამ.

- ანა, გაგვეცანი, ვინ ხარ, შენ შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. - რატომღაც არ მიყვარს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა - მაქვს ოჯახი, მყავს მეგობრები, რომლებიც ხშირად არიან ჩემ გვერდით და ეს მაკმაყოფილებს. მენეჯმენტის ფაკულტეტი დავამთავრე. ამ ეტაპზე არ ვმუშაობ, თუმცა სამომავლოდ გვაქვს რაღაც გეგმები, რომლებსაც აუცილებლად ერთად განვახორციელებთ.

- ერთმანეთს სად შეხვდით? - 2016 წელს, ლაშა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებიდან რომ დაბრუნდა, 1-2 დღით ბათუმში გაპარულა ძმასა და მეგობართან ერთად. მეც იქ ვისვენებდი იმ პერიოდში. ფილმის კადრივით იყო - სრულიად შემთხვევით კარში შევეჩეხეთ ერთმანეთს. მაშინვე გავიცანით ერთმანეთი და მას შემდეგ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მანამდე სოციალური ქსელის საშუალებით მიწერ-მოწერა გვქონდა მხოლოდ.

- ადვილად დაიყოლიე ანა? ლაშა:

- როდესაც სიყვარულია, იქ დაბრკოლებები არ არსებობს, ხომ იცით. გიყვარს? - უნდა მოიყვანო ცოლად. ჩვენი ამბავი მოკლე ხანში გადაწყდა, ერთმანეთის ოჯახებიც მალევე გავიცანით. დაოჯახება ეტაპობრივად მოხდა - ჯერ ჯვარი დავიწერეთ, მერე თაფლობის თვე გვქონდა, მერე ჩამოვედით და ქორწილი გადავიხადეთ. მოკლედ, ჩემს სამუშაო რეჟიმს მოვერგეთ.

ანა:

- მართლა მალევე დავთანხმდი. მისი გრაფიკიდან გამომდინარე, სულ "ზბორებზეა" და რაკი თავისუფალი დრო გამოუჩნდა, აღარ გადავდეთ, მერე ერთი-ორი წლით ვეღარ მოიცლიდა დაოჯახებისთვის (იცინის).

- თუ გახსოვს პირველი საჩუქარი ლაშასგან? - პირველი საჩუქარიც მახსოვს და რამაც ძალიან გამახარა, ისიც. სენაკში ვიყავი, სიყვარულის დღეს ყვავილები და ტკბილეული რომ გამომიგზავნა. არ ველოდებოდი და ძალიან გამიხარდა. შარშან კი, ჩემს დაბადების დღეზე, 7 აგვისტოს მანქანა მაჩუქა. მეგობრებს, ყველას ერთად მოუყარა თავი და ისე ლამაზად მოაწყო ყველაფერი, რომ გამაოცა. მანამდე კი მეკითხებოდა, რომელი მოდელი მომწონდა, რაღაცას ეჭვით ვფიქრობდი, მაგრამ არ მეგონა, ასეთ ორგანიზებას თუ გაუკეთებდა.

ლაშა:

- თურმე ჩვენ, სპორტსმენებსაც შეგვიძლია რომანტიკა, არა?

- კარგი, ახლა ლაშამ მითხრას, არჩევანი რატომ გააკეთა შენზე? ლაშა:

- გადავწყვიტე ცხოვრების სხვა ეტაპზე გადავსულიყავი, თუ რა თქმა უნდა, გამოჩნდებოდა ადამიანი, ვის გვერდითაც ვინდომებდი ყოფნას. ანა ისეთ პერიოდში გავიცანი, როცა ბევრი რამით გადაღლილი ვიყავი. ვფიქრობ, დროული იყო ჩემი ეს გადაწყვეტილება, ბედნიერი ვარ. ადრე თუ მნიშვნელობა არ ჰქონდა სახლში რომელ საათზე შევიდოდი, ახლა ერთი სული მაქვს ყველაფერს მოვრჩე და შინ მალე დავბრუნდე, რადგან ვიცი, ანა მელოდება. სულ რაღაც ერთ თვეში ბავშვს ველოდებით და ეს კიდევ უფრო მეტი სტიმულის მომცემი იქნება ჩემთვის. უფრო მეტს მოვინდომებ და მეტს გავაკეთებ.

- ვის ელოდებით, უკვე იცით? ანა:

- ვიცით და ეს ამბავი რომ არ მოგიყვეთ, არ შემიძლია. როდესაც სქესი გავიგე და სახლში დავბრუნდი, მაგიდასთან ვისხედით, რომ მკითხა, - რა გითხრეს, ბიჭია, ხომ? - რა ვქნათ, შტანგისტი ვერ იქნება-მეთქი, - ვუპასუხე. - კარგი, აღარ მშიაო, - ასეთი იყო მისი რეაქცია. იმის შემდეგ ყოველი ექოს გაკეთებაზე მეკითხება, - იქნებ ცდება ეს ექოო?

ლაშა:

- არა, მთლად მასეც არ იყო საქმე (იცინის)... ვიცი, რომ გოგონებს მამები განსაკუთრებულად უყვართ და მიხარია ეს ამბავი.

- ლაშა ჰოროსკოპით სასწორია. სასწორების უმრავლესობა კომუნიკაბელური ხალხია, უყვართ კამათი, ახასიათებთ მერყეობა და შეხედულებების ცვლა, ბევრი ფიქრი. ლაშას შემთხვევაში მართლა ასეა? ანა:

- მართლა მერყევი ხასიათი აქვს. ვთქვათ, რაღაც ისეთი იყიდა, რომელიც მანამდე ძალიან მოსწონდა. ერთი კვირის შემდეგ უკვე ორჭოფობს, ხომ არ შევცვალო, სხვა ხომ არ ვიყიდოო? განსაკუთრებით მანქანებთან დაკავშირებით ორჭოფობს. დისკუსიებში შესვლაც უყვარს და მაშინაც კი, როცა თავისი არგუმენტი მცდარია, მაინც ბოლომდე უნდა, თავისი გაიტანოს. მერე, როცა მიხვდება, რომ შეცდა, გვიან იტყვის და აღიარებს ხოლმე ამას.

- საუბრის დასასრულს არ შემიძლია, არ აღვნიშნო ორიოდე წლის წინ შენი ნათქვამი სიტყვები: "მინდა იცოდეთ, რომ ვარ და ვიქნები ჩემი ქვეყნის ერთგული!" შენგან ყოველთვის იგრძნობა განსაკუთრებული დამოკიდებულება სამშობლოს მიმართ... - ყოველთვის მადლობას ვუხდი უფალს, რომ დავიბადე საქართველოში, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, რომელიც ძალიან მიყვარს და მის გამო, თუ საჭირო გახდება, ბევრ რამეს გავაკეთებ. რა თქმა უნდა, მქონდა შემოთავაზებები, დიდ თანხებზეც იყო საუბარი, მაგრამ არასდროს დამიშვია, რომ სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ ვიასპარეზებდი. ჩემებურად მიყვარს საქართველო და კიდევ ერთხელ ვამბობ, უფალს მადლობას ვწირავ ჩემი ქართველობისთვის!

ანა: - მისი ეს პატრიოტიზმი ძალიან მხიბლავს, სიამაყის მომენტი ამის გამო არაერთხელ მქონია და საერთოდაც, ყოველთვის, როდესაც მის მიმართ დიდ სიყვარულს გამოხატავენ, მეც ვივსები სიხარულით.

პ.ს. ეს ინტერვიუ თებერვალში ჩაიწერა, წყვილს ქალიშვილი მარტში შეეძინა, გოგონას მარიამი დაარქვეს.  ვულოცავთ ლაშას და ანას, პატარას ბედნიერებას ვუსურვებთ.

ნინო ჯავახიშვილი ჟურნალი "გზა"