"კონტაქტურია, მაგრამ მწვავედ გამოვლენილ სიმპტომებს ესაჭიროება ინტენსიური მეთვალყურეობა" - რას ამბობს ექიმი დეკანოზ მამალაძის მდგომარეობაზე? - კვირის პალიტრა

"კონტაქტურია, მაგრამ მწვავედ გამოვლენილ სიმპტომებს ესაჭიროება ინტენსიური მეთვალყურეობა" - რას ამბობს ექიმი დეკანოზ მამალაძის მდგომარეობაზე?

წინასწარი კვლევებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაუზუსტებელი იშემიური ფორმის სისხლის მიმოქცევის დარღვევა აღენიშნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ მარინა გელანტიამ განუცხადა.

"წუხელ, გვიან ღამით შემოყვანილ 34 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა დაბუჟებისა და სისუსტის შეგრძნება მარჯვენა ხელისა და ფეხის მიდამოში. ჩატარდა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები. ორგანული დაზიანება არ იქნა დაფიქსირებული. პაციენტი გადაყვანილია ინტენსიურ განყოფილებაში შემდგომი მონიტორინგისთვის. პაციენტის ცნობიერება ნათელია, ადეკვატურია, კონტაქტურია, მაგრამ ასე მწვავედ გამოვლენილ სიმპტომებს ესაჭიროება ინტენსიური მეთვალყურეობა, რაც ტარდება კიდევაც და დინამიკაში, მოვლენათა განვითარების შესახებ დამატებითი მოგახსენებთ", - განაცხადა გელანტიამ.

მისივე თქმით, კვლევები პერმანენტულად მიმდინარეობს. ჯერჯერობით გელანტიამ ვერ დააკონკრეტა, თუ როდის მოხდება პაციენტის კლინიკიდან გაწერა.

ღუდუშაურის კლინიკის დირექტორის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ პაციენტი საჭიროებს ინტენსიურ მეთვალყურეობას. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გუშინ, 21:35 საათზე გადაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"