"ადრიანა ლიმამ ჩემი კაბა აარჩია" - კვირის პალიტრა

"ადრიანა ლიმამ ჩემი კაბა აარჩია"

2005 წელს საქართველოდან სტამბოლისკენ ავტობუსი გაემართა. მგზავრებს შორის იყო სამი ქართველი ახალგაზრდა. მაშინ არც ერთმა მათგანმა არ იცოდა, რომ თურქეთში დიდხანს დარჩებოდნენ. ერთ-ერთი სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, ახლა ცნობილი დიზაინერი გიორგი ბაღათურია-იაგაში იყო. 15 წლის შემდეგ გიორგი ემიგრაციის პერიოდს სევდანარევი სიხარულით იხსენებს.

"უსახლკაროდ დარჩენილები ღამეს სახლის სახურავზე ვათევდით..."

- მაშინ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, სტამბოლში ჩავედით თუ არა, სასტუმროში დავბინავდით. ვერ ვიგრძენით, როგორ გაგვექცა დრო, შემოგვეხარჯა ფული და პასპორტს სამთვიანი ვიზაც გაუვიდა. ერთი ქართველი ქალი გავიცანი და როცა უფულოდ დავრჩით, ვთხოვე, იქნებ სამუშაო გამოგვიძებნო-მეთქი. ჩემთვის ვერაფერი ნახა, მაგრამ ჩემი მეგობრები მშენებლობაზე მოაწყო. სამწუხაროდ, მათ ვერ იმუშავეს და უსახლკაროდ დარჩენილები ღამეს ერთი სახლის სახურავზე ვათევდით...

ჩემი პირველი სამსახური ავეჯის საამქროში, მიწის ქვეშ იყო. როდის თენდებოდა და ღამდებოდა, ვერ ვიგებდი. შესვენებაზე ვხატავდი, შემდეგ ნახატს ვაგდებდი. ერთ დღეს უფროსმა გაშალა ჩემი დაჭმუჭნილი ქაღალდი და მოეწონა. შეგიძლია კარადები მოგვიხატოო? ასე დამაწინაურეს. ძალიან მიჭირდა, რადგან ენა არ ვიცოდი, მაგრამ ეს ბარიერი ხატვამ გადამალახვინა - ვხატავდი და ასე ვაგებინებდი, რაც მინდოდა... შემდეგ დამატებით ხალიჩების სამრეცხაოში დავიწყე მუშაობა. ერთ დღეს მეგობრის დედამ ჩამოგვაკითხა და რომ ნახა, რა დღეშიც ვიყავით, საქართველოში დაგვაბრუნა. ცოტა ხანში მე ისევ უკან დავბრუნდი.

"მოხეტიალე" დიზაინერი...

- მეორედ ჩამოსვლისას ქუჩა-ქუჩა დავდიოდი და სამუშაოს დავეძებდი. ერთ სალონში, სადაც ქალის პერანგებს კერავდნენ, ვიკითხე, დიზაინერი თუ გჭირდებათ-მეთქი? ძალიან ბევრი ესკიზი დავუხატე, თურმე ერთ ნახატში 100-200 დოლარს იხდიან, მე კი კვირაში 200 დოლარად შემითანხმდნენ, ეს ძალიან ცოტა იყო, მაგრამ დავთანხმდი... სტამბოლში ბევრი ფაბრიკაა. ერთ დღესაც კონსტრუქტორთან გამგზავნეს - მისთვის ესკიზები უნდა მეჩვენებინა და დეტალები ამეხსნა. მითხრა, კარგად ხატავ, მაგრამ სადაც მუშაობ, იქ წინსვლის საშუალება არ გექნებაო. ის დამეხმარა და ასე მოვხვდი ერთ მოწინავე კომპანია "დენჯერში". პირველი ხელფასი 1.000 დოლარი იყო. მალე ანთალიაში გამართეს დიდი გამოფენა, სადაც უკვე დიზაინერის რანგში გამგზავნეს. დღეში 15-20 ესკიზს ვხატავდი, გარდა ამისა, ფეხსაცმელზეც დავიწყე მუშაობა. დროთა განმავლობაში სახელი გავითქვი და ხელფასის გაზრდა მოვითხოვე, მაგრამ არ მომიმატეს. ამ დროს დამირეკეს ერთ-ერთი კომპანიიდან და 3.000 დოლარი შემომთავაზეს. გადავწყვიტე, ორ ფაბრიკაში ერთად მემუშავა - "დენჯერში" ყოველდღიური სამოსის შექმნაზე ვმუშაობდი, "დანია რომანოში" კი კლასიკური ხაზი იყო. "უკვე ვიცი, რომ შეიძლება უფულო ადამიანმაც აიხდინოს ოცნება"

- ამის მერე გადავედი კომპანია "მერვე ტრიკოტაჟში", საიდანაც ამერიკაში გზავნიდნენ პროდუქციას. მალე ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა და სამკურნალოდ საქართველოში ჩამოვედი, წყალი აღმომაჩნდა ფილტვებში. 8 თვე ვიმკურნალე და ისევ თურქეთში დავბრუნდი... სამსახურის პოვნა აღარ გამჭირვებია და მუშაობა მსხვილ კომპანიაში დავიწყე. ანთალიაში მოდის კვირეულზე "დოსი-დოსი" კოლექციის ჩვენება შემომთავაზეს. ჩამოიყვანეს ადრიანა ლიმა და მან ჩვენებაზე გამოსასვლელად 20 სხვადასხვა დიზაინერის კაბიდან ჩემი მოდელი აარჩია. სწორედ ლიმას წყალობით მოგვიანებით ასეთი მილიონ-ნახევარი კაბა გაიყიდა... ასე რომ, ლიმამ ძალიან დიდი რეკლამა გამიკეთა. პირველი ჩვენება იმდენად სასიხარულო იყო, რომ ქართული სუფრით დაგვირგვინდა...

15 წელი დამჭირდა წარმატების მისაღწევად. ახლა უმსხვილესი კომპანია "კიკი-რიკის" დიზაინერი ვარ. ამ ბრენდს მსოფლიოში იცნობენ და იმოსებიან ცნობილი სახეები, მათ შორის ქართველი ვარსკვლავებიც... მარტივად არაფერი მოდის. სამსახურიდან დაღლილი შინ რომ მივდივარ, იქაც სულ მოდელებზე ვფიქრობ, ქსოვილები არ ამომდის თავიდან, სულ მინდა, რაღაც ახალი შევქმნა. გადავწყვიტე, ტანსაცმლის საკუთარი ხაზიც მქონდეს.

ახლა უკვე ვიცი, რომ შეიძლება უფულო ადამიანმაც აიხდინოს ოცნება, თუმცა საჭიროა იღბალიც და თავდაუზოგავი შრომა.