სიღარიბის ანატომია - კვირის პალიტრა

სიღარიბის ანატომია

რატომ მიაჩნია საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს, რომ სოციალურ დახმარებას საჭიროებს

სიღარიბე ჩვენი ქვეყნის უდიდესი პრობლემაა. სტატისტიკის მიხედვით, ეკონომიკა ვითარდება, მაგრამ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამას ვერ გრძნობს. სწორად მოქმედებს თუ არა სახელმწიფო იმისათვის, რომ სიღარიბე დაიძლიოს? - ამ თემაზე ვესაუბრებით ეკონომიკის ექსპერტ ნოდარ კაპანაძეს.

- რა გზებს მიმართავს სახელმწიფო სიღარიბის მაჩვენებლის შესამცირებლად?

- სიღარიბის შემცირებისთვის ორი გზა არსებობს - დახმარებები და საწარმოო საშუალებები, ანუ თევზი და ანკესი. საკითხავია, რომელი უფრო ეფექტურია... არის სეგმენტი, ვისაც შეიძლება მხოლოდ დაეხმარო, რადგან არ შეუძლია, თვითონ დააღწიოს თავი სიღარიბეს. ამისთვის თავის დროზე შემუშავებული სოციალური დახმარების სისტემა ძალიან ეფექტური იყო, მაგრამ მხოლოდ ეს სისტემა არ არის საკმარისი. ამ სისტემის როლის ჰიპერტროფირებამ ქვეყანაში კატასტროფული შედეგები გამოიწვია. ეს შედეგები იმაზე გაცილებით კატასტროფულია, ვიდრე ჟურნალისტები ამბობენ ხოლმე, რომ ვიღაცას ფარდების ან ტელევიზორის გამო დახმარება არ დაუნიშნეს.

- უფრო კონკრეტულად რას გვეტყვით სისტემის ჰიპერტროფირების მიზეზებზე? - დაახლოებით 500 000 ოჯახზე მეტია მისამართული სოციალური დახმარების აპლიკანტი და მიაჩნიათ, რომ ღარიბები არიან, თუმცა დახმარება დაახლოებით 100 000 ოჯახზე გაიცემა. ანუ ერთ დახმარებაზე ხუთი კონკურენტია, ხუთი ოჯახი ერთმანეთს ეჯიბრება, ვინ უფრო ღარიბი გამოჩნდება.

- რა გამოდის, საქართველოში მცხოვრები ოჯახების ნახევარზე ცოტა მეტი სოციალურ დახმარებას საჭიროებს? თუ ნაწილი თვალთმაქცობს... ასეთ ფრაზებს თქვენც მოისმენდით: "ჩემი მანქანა გაიფორმე, თორემ მომიხსნიან დახმარებას", "ფული ანგარიშზე არ ჩამირიცხოთ, თორემ გამოჩნდება საბანკო მონაცემებში და დახმარებას დავკარგავ"... - ვინც ამას ამბობს, მას უკვე აღარ აქვს სურვილი, თავისით ამოვიდეს სიღარიბიდან. სიღარიბის საწინააღმდეგო ერთადერთი სისტემა არის სწორედ მისამართული სოციალური დახმარების სისტემა, მაგრამ არა ასეთი ფორმით.

ვიღაცა რაღაცას იტყუება თუ არა, ეს მეათეხარისხოვანია ფუნდამენტურ პრობლემებთან შედარებით. ფაქტია, ქვეყანა იმყოფება სისტემურ კრიზისში და დროებითი მაჩვენებელი, რომ მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მხოლოდ ეპიზოდია. კრიზისი არის 3 სახის: ეპიზოდური, სისტემურ-სტრუქტურული და სისტემური. ჩვენ უკვე დიდი ხანია სისტემურ კრიზისში ვიმყოფებით, ანუ ყველა მართალია, მაგრამ საქმე მაინც ძალიან ცუდადაა.

ამ მდგომარეობიდან გამოსავალი ის არის, რომ სახელმწიფო უნდა იყოს სამუშაო ადგილების მთავარი გენერატორი. მავანი იტყვის, რომ ამას ბიზნესი გააკეთებს, მაგრამ ბიზნესი თავისით არაფერს გააკეთებს. სახელმწიფო სტრატეგიისა და პოლიტიკის გარეშე ასეთი რაღაცები არ კეთდება.

- რომელი ქვეყნის მაგალითი მოგწონთ სიღარიბის დაძლევის მიმართულებით?

- ჩინეთი არის საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო იყოს განვითარების ლოკომოტივი... საინტერესოა ინდოეთის მაგალითიც. მართალია, იქ უთანაბრობის დონე არის ჯოჯოხეთური მასშტაბის, მაგრამ საზოგადოების კასტური დაყოფა ამ წინააღმდეგობებს ანეიტრალებს. ინდოეთში სოციალური აფეთქება რომ თითქმის გამორიცხულია, ეს სწორედ კასტური დაყოფის შედეგია და არა - ეფექტური სოციალური პოლიტიკის.

- დავუბრუნდეთ საქართველოს... - საქართველოში 2013-14 წლებში სიღარიბის დონე შემცირდა, როდესაც ამუშAავდა სოფლის დახმარებისა და სხვა პროექტები, მაგრამ ვიმეორებ - სიღარიბის მხოლოდ ერთი გამოვლინების შემცირება არ ნიშნავს კეთილდღეობის დონის ამაღლებას. პირველ რიგში სიღარიბის დეტალური პროფილია შესაქმნელი, რომელიც ზემოთ აღნიშნული 5 ძირითადი საფეხურის მიხედვით უნდა აიგოს. ადამიანი, რომელიც შიმშილის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იყო და ამ ზღვარს ზემოთ ავიდა, სულაც არ გრძნობს თავს ბედნიერად. ანუ გუშინ პური რომ არ ჰქონდა და დღეს აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ იმ პურთან ერთად ყველიც არ მოუნდება. ამიტომაც სიღარიბის შემცირების კომპლექსური გეგმა უნდა შემუშავდეს და ამის პარალელურად, უკმაყოფილებაც უნდა შემცირდეს...

თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ქვეყანაში არაფერი კეთდება, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, მიეწოდება თუ არა მოსახლეობას ინფორმაცია მიღწეული შედეგების შესახებ. ეს დიდი პრობლემაა.

საქართველოში დღეს სირცხვილია პოზიტიურ ცვლილებებზე ლაპარაკი. სააკაშვილის მმართველობის დროს კი უთო რომ ჩაგერთო, იქაც კი ამას გამოაცხადებდნენ. ჩემი აზრით, დღეს პრობლემის მთავარი მიზეზი ის არის, რომ მათ, ვინც შედეგების შესახებ უნდა ილაპარაკონ, არც შედეგები იციან და არც მონაცემების ანალიზისთვის საჭირო ცოდნა აქვთ.

- ყველას უხარია, რომ ქვეყანაში ვითარდება ტურიზმი, თუმცა ხშირად, როცა სიღარიბის დაძლევაზე ლაპარაკობენ, ეშინიათ - თუ ასე გაგრძელდა, გამორიცხული არ არის, მომსახურე ერად ვიქცეთო... - ტურიზმის განვითარება ცუდი არ არის, მაგრამ ტურიზმის განვითარება არ უნდა იყოს ერთადერთი რესურსი, რომელსაც სახელმწიფოს ეკონომიკური მდგომარეობა უნდა დაეფუძნოს, თორემ საბერძნეთისა და ტურიზმზე ორიენტირებული ბევრი სხვა ქვეყნის მაგალითი გვაქვს.

ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა არამყარია. პრობლემა მომსახურე ერად ქცევა არ არის, პრობლემა უფრო ღრმაა - მაგალითად, როდესაც ტურისტს საზღვარგარეთ ჩამოსხმული წვენითა და იმპორტირებული ხორცით მომზადებული ხინკლით უმასპინძლდები, ამით შენ სხვა ქვეყნის ეკონომიკის ზრდას უჭერ მხარს. აქ ტურისტს ქართული წარმოების პროდუქტების უმცირესი ნუსხა ხვდება. და ეს ფუნდამენტური პრობლემის მხოლოდ ერთი მხარეა. სწორედ ამიტომ, მთავარი ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებაა. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავრობის უმთავრესი ამოცანა.

სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სიღარიბის შემცირებაა. მიაქციეთ ყურადღება - შემცირება და არა დაძლევა. სიღარიბის დაძლევა გამორიცხულია, ვინაიდან ნებისმიერ საზოგადოებაში, ნებისმიერ დროს უთანაბრობა არსებობს, რომელიც რომელიმე სიღარიბედ ტრანსფორმირდება. აუცილებელია, განსაზღვრული სტრატეგია და შემუშავებული პროგრამა სადღეგრძელოზე ცოტა მეტი იყოს. ამისთვის აქტიურად უნდა გამოიყენონ მათემატიკური მოდელირების მეთოდები. სახელმწიფოს განვითარების დეტალური სტრატეგიის შემუშავების გარეშე, თვითდინებაზე მიშვებით ეფექტურ შედეგებს ვერ მივაღწევთ.

მხოლოდ ეკონომიკური ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა არ ნიშნავს სიღარიბის შემცირებას. მთავარია, არის თუ არა ჩართული მოსახლეობა ამ ეკონომიკური ზრდის პროცესში, თანაბრად და სიმეტრიულად ვითარდება თუ არა ქვეყანა გეოგრაფიული თვალსაზრისით...

ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ყველაფერი გათვალისწინებული უნდა იყოს სახელმწიფოს სტრატეგიაში. სტრატეგიის თითოეულ კომპონენტს უნდა ახლდეს მონიტორინგისა და შეფასების ზომვად ინდიკატორთა ბადე - მიზნები და ამოცანები, თუ როდის, რას და როგორ უნდა მივაღწიოთ. დღეს ეს სტრატეგია არც ერთი მიმართულებით არ არის შემუშავებული, ხოლო განხორციელებული ღონისძიებები უფრო სპონტანურია, ვიდრე - სისტემური.

სიღარიბის შემცირების ტენდენცია არ არის ხანგრძლივი და შეუქცევადი. ეს დაადასტურა იმან, რომ 2012-2014 წლების პროაქტიური პოლიტიკის შეჩერებისთანავე შეჩერდა სიღარიბის შემცირებაც და შესაძლებელია, სიღარიბე ისევ გაიზარდოს, როგორც მოხდა 2003-2011 წლებში, როდესაც ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, სიღარიბის დონე იზრდებოდა.

სიღარიბის 5 დონე

ნოდარ კაპანაძე: - სიღარიბე არის კეთილდღეობის ნაკლებობა. გამოვყოფ სიღარიბის ევოლუციის ხუთ დონეს: 1. ფიზიოლოგიური, ანუ ე.წ. შიმშილის სიღარიბე; 2. საშემოსავლო სიღარიბე; 3. არამონეტარული სიღარიბე (ხანგრძლივი მოხმარების ნივთები, ბაზისური კომუნალური ინფრასტრუქტურა, საცხოვრისი და ა.შ.); 4. სტრუქტურული სიღარიბე; 5. მენტალური სიღარიბე. სიღარიბის თითოეული გამოვლინება საზოგადოებაში ყოველთვის არსებობს და გარკვეული ფენები სხვადასხვა დონეზე არიან მოწყვლადი. როდესაც ადამიანი არის შიმშილის სიღარიბეში, მისთვის ყველა სხვა სიღარიბის დონე გადაფარულია. თუ დასძლია შიმშილის სიღარიბე, შემდეგ ახალი ორიენტირები ჩნდება. ქართულ ლიტერატურაში არის სიღარიბის დიაგნოსტიკა-ანალიზის ქრესტომათიული ნაწარმოები - ლავრენტი არდაზიანის "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი". სოლომონ ისაკიჩი შემოსავლების მიხედვით - არა, მაგრამ ცხოვრების წესით ღარიბი იყო. შემდგომ ის რაღაცას მიხვდა და სახლში საკვები გაგზავნა, ანუ პირველად დასძლია ფიზიოლოგიური სიღარიბე. ამის შემდეგ გააუმჯობესა კვების რაციონი, ჩაცმულობა...

მოკლედ, მეორე ეტაპზე დასძლია საშემოსავლო სიღარიბეც. ამის მერე სახლი გაარემონტა, კომუნალური მდგომარეობაც გაიუმჯობესა, ნივთიერი, არამონეტარული სიღარიბე დასძლია და სტრუქტურული სიღარიბის დაძლევაზე გადავიდა - ოპერაში წავიდა... მერე მიხვდა, რომ საზოგადოებაში გამოსვლაც უნდოდა და ალექსანდრე რაინდიძეზე თავისი შუშანიკას გათხოვება გადაწყვიტა, სულ ბოლოს კი გაახსენდა, რომ გვარში "ჯღანი" ერია, მაგრამ მენტალურ სიღარიბეს განიცდიდა და ამ "ჯღანს" ვერაფერი მოუხერხა. რომელიმე ეტაპზე სოლომონ ისაკიჩი იყო კმაყოფილი? ანუ ნებისმიერი სიღარიბის დაძლევის შემდეგ ახალი ორიენტირები ჩნდება. სიღარიბე არის საზოგადოებაში არსებული უთანაბრობის გამოვლინება ამა თუ იმ პარამეტრის მიხედვით. თუ ფიზიოლოგიური სიღარიბე მცირდება, ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობის უკმაყოფილებაც შემცირდება, პირიქით, ის შეიძლება გაიზარდოს. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივია, რომ სტატისტიკა აჩვენებს სიღარიბის შემცირებას, მოსახლეობა კი ამას ვერ აღიქვამს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ სიღარიბის შემცირება უკმაყოფილების შემცირებას არ ნიშნავს.

როგორ ითვლიან აბსოლუტურ სიღარიბეს

საქართველოში სიღარიბის დონის განსასაზღვრავად ოფიციალური სტატისტიკა გვთავაზობს ორ მიდგომას: 1. ფარდობით სიღარიბეს, როდესაც მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც მედიანური (მედიანა - კვლევაში მოცემული ზრდადობის ან კლებადობის მიხედვით დალაგებული სხვადასხვა მოხმარების (ხარჯის) რიცხობრივი მაჩვენებლების შუაში მოქცეული რიცხვი) მოხმარების 60%-იან ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, ღარიბად იწოდება; 2. აბსოლუტური სიღარიბის ზღვრად მიღებულია 1 კილოკალორია საკვები ენერგიის ფასი (ეს მაჩვენებელი კორექტირდება ინფლაციის მიხედვით). 2200 კილოკალორია მრავლდება 1 კილოკალორიის ფასზე და თუ სამომხმარებლო ხარჯი მიღებულზე ნაკლებია, ადამიანი ღარიბად ითვლება. ამ მიდგომის მიხედვით, სიღარიბე 2013-14-15 წლებში მცირდებოდა, 2016-17-18 წლებში კი შემცირების პროცესი შენელდა.