ახალი "ხარკი" მილიონი მძღოლისთვის - კვირის პალიტრა

ახალი "ხარკი" მილიონი მძღოლისთვის

რას გულისხმობს სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა

საქართველოს მთავრობას მზად აქვს კანონპროექტი, რომელიც მიმდინარე წლის ივლისიდან სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებას გულისხმობს. ახალი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე იქცა საყოველთაო განხილვის თემად, იმის მიუხედავად, რომ მძღოლების ნაწილმა ჯერ კიდევ არ იცის, რას გულისხმობს ახალი ვალდებულება, რა არის მესამე პირის დაზღვევა და რისთვის უნდა გადაიხადონ წელიწადში 100-150 ლარი. ორგანიზაციის "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი დარწმუნებულია, რომ ახალი სისტემა, რომელიც უკვე ნახევარი საუკუნეა მოქმედებს ევროპის ქვეყნების უმეტესობაში, საქართველოშიც ბევრ მძღოლს აარიდებს კონფლიქტურ სიტუაციას:

- 50 წელიწადზე მეტია, ასეთი სისტემა წარმატებით მუშაობს ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში და სარგებელი მოაქვს როგორც მძღოლების, ისე მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან გზებზე უსაფრთხოების ამაღლებას უწყობს ხელს. სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა გულისხმობს მესამე პირის ვალდებულების დაზღვევას. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძღოლი არის პირველი პირი, დაზღვევა - მეორე, ხოლო სხვა მძღოლი, პირი ან ქონება, ვინც/რაც დაზიანდა, მესამე პირი. საქართველოში ოფიციალურად რეგისტრირებულებზე გაცილებით მეტია ისეთი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლებიც არ გაფორმებულა და შემთხვევის მონაწილე მძღოლებმა ერთმანეთში"მოილაპარაკეს, სამართალდამცავი ორგანოებისა და სადაზღვევო კომპანიების ჩაურევლად. ასეთ დროს ხშირია მესამე პირზე პასუხისმგებლობის არიდება... დაზღვევის ახალი სისტემა კი გვაძლევს შესაძლებლობას, შევასრულოთ ვალდებულება.

- ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ავტოსაგზაო შემთხვევა ობიექტურად შეფასდება. - ჩვენთან პრობლემური საკითხია დაზარალებულის და დამზარალებლის გამოვლენა.

ავტოსაგზაო შემთხვევისას დამნაშავედ ყოველთვის მძღოლი სახელდება. არადა, თუ ავარიის გამომწვევი მიზეზი იყო გაუმართავი ინფრასტრუქტურა, არასწორი მონიშვნა ან ნიშანი, ამის გამო მძღოლიც ხომ ზარალდება? თუ შემთხვევა არაობიექტურად შეფასდება, ზარალი და უსამართლობის განცდა მხოლოდ მძღოლს დარჩება.

ამიტომაც უნდა არსებობდეს ავტოსაგზაო შემთხვევის ობიექტურად შეფასებისა და სიმართლის დამტკიცების ბერკეტი. როცა მუნიციპალიტეტიც ჩართულია სისტემაში და პასუხს აგებს ინფრასტრუქტურის გამართულობაზე, მეტი მოტივაცია უჩნდება მის გასაუმჯობესებლად.

- უნდა არსებობდეს, მაგრამ იქნება? - სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღება სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ის მილიონზე მეტ კაცს ეხება და პროექტის ცალკეული საკითხის განხილვა კანონის მიღებამდეა აუცილებელი. ცხადია, კერძო სექტორი მოგებაზე იქნება ორიენტირებული, მაგრამ უნდა შეიქმნას ისეთი სისტემა, სადაც მძღოლი არ დაზარალდება. გაურკვევლობა აგრესიას იწვევს იმ მძღოლებში, რომლებმაც არ იციან, რასთან აქვთ საქმე და რისთვის უნდა გადაიხადონ წელიწადში 100-150 ლარი. ამიტომ არის საჭირო საინფორმაციო კამპანია, აუცილებელია ყველა ჩართული მხარის შეკრება და მსჯელობა, თუმცა საკითხავია, მოესწრება თუ არა ეს ივლისამდე.

- მკითხველს განვუმარტოთ: ვისაც მანქანა დაზღვეული ჰყავს და უკვე სარგებლობენ მესამე პირის პასუხისმგებლობის პაკეტით, დამატებითი ვალდებულება აღარ ეკისრებათ. - თუ თქვენს სადაზღვევო პაკეტში მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევაც არის გათვალისწინებული, ბუნებრივია, დამატებითი პაკეტი აღარ გჭირდებათ. იმ შემთხვევაში კი, თუ მხოლოდ თქვენი ავტომანქანის დაზიანებაა დაზღვეული, მესამე პირის პასუხისმგებლობის დამატებაც (ან მხოლოდ ამ პაკეტის შეძენა) მოგიწევთ. სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ისეთივე სახელმწიფო პროექტია, როგორიც ავტომანქანების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება. ეს სისტემა სიახლეა როგორც მძღოლების, ისე სახელმწიფოსთვის, ამიტომაც არის აუცილებელი ყველა წვრილმანის წინასწარ გათვლა.

- ტექინსპექტირება ახსენეთ. რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდა ყველა ავტომანქანისთვის? როგორ მუშაობს სისტემა? - ფაქტობრივად, პროგრამა წელს დაიწყო. გარკვეული კატეგორიის ტრანსპორტისთვის ტექინსპექტირება 2018 წელსაც იყო სავალდებულო, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ამან კარგად იმუშავა, ავტომანქანები ისევ ბოლავენ ქუჩაში! ასე რომ, თუ გამონაბოლქვზე ვილაპარაკებთ, გასული წელი თავის მოტყუება იყო.

- ქუჩაში ისევ ვხედავთ სატვირთო ავტომობილებსა და მიკროავტობუსებს, რომლებიც გარემოს "აშავებენ"! - მართალი ხართ. რაც შეეხება წლევანდელ მაჩვენებელს, ნაცვლად იმისა, წინასწარ მოაწესრიგონ ავტომანქანა, მძღოლების უმეტესობა საქმეს ასე უდგება: მივალ და თუ გავიარე შემოწმება, ხომ კარგი, თუ არადა, ხარვეზს ერთი თვის ვადაში გამოვასწორებო!

პროცესი ნორმალურად მიდის, მაგრამ გამონაბოლქვის კიდევ უფრო მკაცრი კონტროლია საჭირო. გარდა ამისა, გასარკვევია, რატომ ბოლავენ ისევ ავტომანქანები, რა ბედი ელით დახარვეზებულ ავტომობილებს და ა.შ. წლის ბოლოს უფრო ნათლად გამოჩნდება, როგორ მუშაობს პროგრამა და როგორია უკვე"გაფილტრული ავტოპარკი.

2020 წლიდან კანონი ისევ გამკაცრდება. შესაძლოა დაემატოს კატალიზატორის მოთხოვნაც, რათა გამონაბოლქვი უფრო შემცირდეს. რაც მთავარია, ყველა ავტომფლობელმა უნდა გააცნობიეროს, რომ გამართული ავტომანქანა უპირველესად მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის არის აუცილებელი.

ამიტომაც ტექინსპექტირების ცენტრში მისვლის წინ კი არ მიმართონ მანიპულაციებს, ავტომანქანა მართლაც გამართონ!

- მართალია, რომ ავტომანქანის შესამოწმებლად მიყვანამდე, ზოგიერთი ავტომფლობელი ნათხოვარ-ნაქირავები ნაწილებითა და საბურავებით ცდილობს თავის და სახელმწიფოს მოტყუებას? ლაპარაკია სხვადასხვა მანიპულაციაზეც, რაც შემოწმების წინ გამონაბოლქვის შემცირების შესაძლებლობას იძლევა. - არის ასეთი ფაქტებიც... ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, ქუჩაშიც გაგრძელდეს გამონაბოლქვის კონტროლი და ე.წ."ჭკვიან კამერებს"პატრულის ხშირი ჩართულობაც დაემატოს.

მთავარია, არავინ მოდუნდეს და მოქალაქეებს, რომლებიც 60 ლარს იხდიან ავტოინსპექტირებაში, არ ჰქონდეთ განცდა, რომ "ხარკს" უხდიან სახელმწიფოს და არაფერს იღებენ ამით. სიახლის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობით (განსაკუთრებით, რეგიონებში) გამოწვეული აგრესია რომ შეამციროს, სახელმწიფო ვალდებულია, რეფორმამდე ექვსი თვით ადრე მასშტაბური საინფორმაციო კამპანია აწარმოოს.

- როცა თვალნათლივ ხედავს, რომ მის წინ მოძრავი ავტომანქანა მომწამვლელ გამონაბოლქვს ტოვებს, რა შეუძლია მოქალაქეს? - კარგი კითხვაა. 112-შიც ბევრი რეკავს და საპატრულო პოლიციაშიც, მაგრამ რამდენად ხდება რეაგირება, ეს სხვა საკითხია. გარდა ამისა, ზარის შემდეგ აუცილებელია ოქმზე ხელის მოსაწერად მისვლა, რაც მოქალაქეებს აქტიურობის სურვილს უკარგავს. ვფიქრობ, ეს წესი შესაცვლელია. პირიქით, ყველა უნდა ხედავდეს, რომ მათ განაცხადს შედეგი მოჰყვა და მძღოლებსაც ჰქონდეთ განცდა, რომ არა მხოლოდ პოლიციელი და ვიდეოკამერა, მოქალაქეც აკონტროლებს! გასული წლის ოქტომბრის ჩათვლით ხუთი მძღოლი დაჯარიმდა გამონაბოლქვის გამო, თუმცა ეს საკითხი კვლავ რჩება გამოწვევად, რადგან ქუჩა ვერ კონტროლდება.

- გამოდის, ისევ კანონის აღსრულების პრობლემამდე მივდივართ? - 2017 წელს კარგი სტატისტიკა გვქონდა: შემცირდა როგორც საგზაო შემთხვევების, ისე ავტოავარიების შედეგად გარდაცვალებისა და დაშავების მაჩვენებლები. როცა მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა დაინერგა და სახელმწიფოც აქტიურად იყო ჩართული სიახლის გაპიარება-აღსრულებაში, მძღოლებმა ქცევა შეიცვალეს. მაგრამ მერე ეს პროცესი შეფერხდა, ორი წლის წინ დაანონსებული ე.წ."ჭკვიანი კამერები ახლა მონტაჟდება, მძღოლებმა ნახეს, რომ ისინი ისე არ მუშაობს, როგორც საჭიროა, რომ 2017 წელს მხოლოდ 20 მძღოლს გაუნულდა ქულები და... სტატისტიკა გაუარესდა.

კამერები კარგია, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა, აუცილებელია მეტი სიმკაცრე, ქვეითებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ავტოპარკის გაახალგაზრდავება და ა.შ.