Bugatti ყველაზე ძვირი იქნება - კვირის პალიტრა

Bugatti ყველაზე ძვირი იქნება

Bugatti მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომანქანის წარდგენას გეგმავს. სიიაფით ამ ფრანგული კომპანიის ვერც ერთი მოდელი ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ჰიპერკარი, რომლის გამომზეურებაც მიმდინარე წლის მარტში ჟენევის ავტოსალონზე იგეგმება, ყველა მოლოდინს (და ფასს) გადააჭარბებს! არაოფიციალური ინფორმაციით, 16 მილიონ ევროდ შეფასებული Bugatti-ის, ამ ერთადერთი ეგზემპლარის მფლობელი შესაძლოა Volkswagen Group-ის ყოფილი თავკაცი - ფერდინანდ პიხი გახდეს. რაც შეეხება ყველაზე ძვირად ღირებული ავტომანქანის მახასიათებლებს, ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი. დაიწერა, რომ უნიკალური მოდელი კუპე Bugatti Chiron-ის ბაზაზე აიგება. როგორც ცნობილია, Chiron-ი აღჭურვილია 8.0 ლიტრი მოცულობის, 1500-ცხ.ძალიანი W16-ით, რომელსაც 100 კმ/სთ-ის განვითარება 2,5 წამში შეუძლია, 13,6 წამში კი 300 კმ/სთ-იან ნიშნულსაც უმკლავდება! სტანდარტული Bugatti Chiron-ის მაქსიმალური სისწრაფე 420 კმ/სთ-ია, ფასი კი 3,5 მილიონი ევროდან იწყება.

ამგვარად, მისი საიდუმლოებით მოცული "მემკვიდრის" ღირებულება ხუთჯერ მეტი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ ფრანგული ავტომწარმოებელი ჟენევაში მართლაც წარადგენს დაანონსებულ ჰიპერკარს, ახალი და უნიკალური Bugatti პლანეტის ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი გახდება. დღესდღეობით ამ"წოდებას"თავის კლასში ერთადერთი ღოლლს-ღოყცე შწეპტაილ-ი ინარჩუნებს, რომლის ფასიც 13 მილიონი ევროა.

Lexus-ი თეთრი საბურავებით

ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე კომპანია Lexus-მა კომპაქტური კროსოვერ UX-ის განსაკუთრებული სერია წარადგინა. პროექტზე, სახელად Sole of the UX, იმუშავა დიზაინერმა ჯონ ელიოტმა, რომელმაც ახალი კროსოვერის საბურავებისთვის დიზაინი Nike Air Force-ის სტილში შექმნა!

მსოფლიოში პირველი Lexus UX კონკრეტულად ქალაქისთვის დამზადდა. "გადავწყვიტეთ, ეს კონცეფცია კიდევ უფრო გაგვეშალა და ქალაქურ სტილს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ", - ამბობს იაპონური ავტომწარმოებლის ვიცე-პრეზიდენტი ლიზა მატერაცო. ეს რაც შეეხებოდა ყველაზე კომპაქტური კროსოვერის განსაკუთრებულ სერიას. საბაზო მოდელებიდან ყველაზე მძლავრია ჰიბრიდი Lexus UX 250ჰ - 2.0 ლიტრი მოცულობის ძრავა 80-ცხ.ძალიანი ელექტროძრავით არის გაძლიერებული და ელექტრომექანიკურ ვარიატორთან ერთად მუშაობს.

თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა მთავარი ვიზუალური ეფექტია, ტექნიკური მახასიათებლები კი მეორეხარისხოვანი.