"ნაოჭების მოშორების სურვილი მომავლისთვისაც არა მაქვს, რადგან მინდა ბუნებრივად დავბერდე და "გადაჭიმული" ბებია არ ვიყო" - კვირის პალიტრა

"ნაოჭების მოშორების სურვილი მომავლისთვისაც არა მაქვს, რადგან მინდა ბუნებრივად დავბერდე და "გადაჭიმული" ბებია არ ვიყო"

მსახიობი ლელა მებურიშვილი ამჯერად ერთ-ერთი მუსიკალური პროექტის წამყვანია. როგორ ახერხებს მსახიობი კარიერასა და ოჯახს წარმატებით გაართვას თავი, ამას ჩვენი ინტერვიუთი შეიტყობთ.

ფოტოგალერეა

- შენი სატელევიზიო კარიერა მუსიკალური გადაცემებით დაიწყო.

- კონსერვატორიასთან არსებულ ნიჭიერთა ათწლედში ვსწავლობდი, პროფესიონალურად არ ვმღერი, მაგრამ ზოგ სპექტაკლში მომიწია სიმღერამ.

- იმიჯიც შეიცვალე, ახალი ვარცხნილობით გამოჩნდი... - ყოველთვის მომწონდა გრძელი თმა, მაგრამ ბოლო დროს ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დროს ვერ მივყვებოდი... ცოტა შევიჭერი, მერე კიდევ ოდნავ დავიმოკლე, მერე - კარე... მგონი, მომიხდა. რაც მთავარია, მის მოწესრიგებას სალონებში სიარული არ სჭირდება. მიხარია, რომ მამსგავსებენ ჩემს შვილს - ალექსანდრესაც ასეთი ვარცხნილობა აქვს და ზუსტად ერთნაირები ხართო, მეუბნებიან.

- მგონი, ორივე შვილი შენ გგავს... - ადრე ალექსანდრე ძალიან ჰგავდა მამას, ახლა უფრო მე დამემსგავსა, ლილიკოს კი ახლაც ბევრი ამსგავსებს მამას. არადა, ბავშვობის სურათებს ვინც ნახულობს, ლილიკო გგავსო, მეუბნებიან.

- ლილიკოსა და ალექსანდრეს სახელები ვინ შეურჩია?

- ჩვენ, დედამ და მამამ. ეს სახელები ორივეს მოგვწონდა. ლილიკო ბაჩოს დიდი ბებიის პატივსაცემად დავარქვით, რომელიც ძალიან გვიყვარს. ძალიან თბილი გოგოა ლილიკო, სულ ამბობს: "აქ მაკოცე", "იქ ჩამეხუტე..." ის უფრო გამოხატავს მამის მიმართ სითბოს, ვიდრე სანდრო. სანდროს დედა და ბებიები რომ ეფერებიან, მოსწონს, ბიჭებსა და მამასთან კი ცოტა იშმუშნება, კაცობს.

- ანებივრებ ბავშვებს თუ მკაცრი დედა ხარ? - ვანებივრებ. მინდა, ბედნიერად გრძნობდნენ თავს, თუმცა იციან, რა შეიძლება და რა - არა. ტკბილეულს იშვიათად მიირთმევენ. გაზიანი სასმელი რა არის, არ იციან. თუ მთხოვენ, შავ შოკოლადს, ოღონდ არამწარეს ვაძლევ, ისიც იშვიათად. მათი ჯანმრთელობისთვის ასეა საჭირო. ჩაცმის საქმეც მოგვარებული გვაქვს. მიყვარს, როცა თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას.

- ბევრ მშობელს აწუხებს, ბავშვები დიდ დროს რომ უთმობენ კომპიუტერსა და ტელეფონს.

- რაც არ იციან, არც მოთხოვნილება აქვთ. საინტერესო თამაშებს ვიგონებ და იმით ვერთობით ხოლმე. დღეში ერთი საათი მულტფილმსაც ვუყურებთ, ოღონდ ტელევიზორში. არ ვიცი, მომავალში რა იქნება. ჩემს მეგობრებსაც უთქვამთ, ყოველთვის ვერ მოახერხებ ასე იზოლირებასო. ძიძა მყავს, თუმცა ბავშვების აღზრდაში ჩემი და ჩემი მეუღლის მშობლებიც მონაწილეობენ.

- ბევრია მოხიბლული შენი გარეგნობით. თავის მოვლის განსაკუთრებული მეთოდები გაქვს?

- თავის მოვლას დიდ დროს არ ვუთმობ. მხოლოდ კანისა და თმის მოვლის საშუალებებით ვინებივრებ თავს.

- პლასტიკური ქირურგია გამოგიყენებია? - არასდროს. ჩემთვის და ჩემი პროფესიისთვის ისეთი აუცილებელია ბუნებრიობა, რომ ვერ გავრისკე. შეიძლება პატარა დეტალმაც კი ხელოვნური იერი შეგძინოს. ისე, ნაოჭების მოშორების სურვილი მომავლისთვისაც არა მაქვს, რადგან მინდა ბუნებრივად დავბერდე და "გადაჭიმული" ბებია არ ვიყო.

- ხუთი წელია, გათხოვილი ხარ, კრიზისული პერიოდები თუ გქონიათ?

- 30 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. ეს ნაბიჯი გააზრებულად გადავდგი. მანამდე ვარდისფერი სათვალით დანახული დროთა განმავლობაში შეიძლება სხვანაირად დაინახო, მაგრამ მოთმინებაა საჭირო, რომ ყოველდღიურობა გაილამაზო და ურთიერთობას ახალი სიცოცხლე შესძინო.

- ზოგჯერ ქალებს გული გვწყდება, რომ მამაკაცს არ ახსოვს ჩვენი გაცნობის დღე, პირველი პაემანი... - ჩვენი პირველი პაემანი არც მე მახსოვს. არც 8 მარტი თუ 14 თებერვალი მაღელვებს. ადამიანი სითბოთი და სიყვარულით მეორე ნახევარს ყოველთვის უნდა აბედნიერებდეს და არა კონკრეტული დღეების დამახსოვრებით.

- გაბუტვა იცი თუ?.. - თუ რაღაც არ მომწონს, პირდაპირ ვამბობ და თუ არ ვამბობ, არც ვაგრძნობინებ. მე და ბაჩოს მოგზაურობა გვიყვარს. განსხვავებული გარემო, ხალხი რაღაც ახალს გმატებს და ურთიერთობასაც სხვაგვარ ხიბლს სძენს. ეს შეგრძნება ძალიან მომწონს.

- მესამე შვილზე ფიქრობთ? - ერთს რომ ვეუბნები, რა საყვარელი ხარ-მეთქი, მეორე მეკითხება: "მე?" მეორეს რომ ვეთამაშები, პირველი მეუბნება: "მე არ უნდა მეთამაშო?" ვერ გვიყოფენ... როცა ვფიქრობ, რომ დრო, რომელიც მესამეს დასჭირდება, ამ ორს უნდა წავართვა, ცოტა მიჭირს ამ გადაწყვეტილების მიღება.

- ბაჩო როგორი მამაა? - ყურადღებიანი, მოსიყვარულე და მეტისმეტად ემოციური... "ლელა, დააცემინა!" "ლელა, წაბორძიკდა!" "სიცხე ხომ არა აქვს?" ასე რომ, ძალიან კარგი მამაა.

იხილეთ ფოტოგალერეა