"ივანიშვილს არ ვუკარგავ სიკეთეს, რომ არა მისი ავტორიტეტი, იმ საშინელებას, რომელსაც ფსევდონაციონალური მოძრაობა ერქვა, ვერ მოვიშორებდით, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"ივანიშვილს არ ვუკარგავ სიკეთეს, რომ არა მისი ავტორიტეტი, იმ საშინელებას, რომელსაც ფსევდონაციონალური მოძრაობა ერქვა, ვერ მოვიშორებდით, მაგრამ..."

"ირანიდან და თურქეთიდან შემოტანილი ბოსტნეულით რატომ უნდა ვარსებობდეთ, შეედრება რამე ჩვენს პროდუქტს?"

ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და არსებული პრობლემები ნებისმიერი ქართველისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია. ამჯერად პოეტ ერეკლე საღლიანს ვესტუმრეთ და საუბარი სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემებით დავიწყეთ.

- უმთავრესია არა პიროვნებები, არამედ სისტემა, რომელიც შექმნილია სასამართლო სფეროში. ყველანი სათითაოდ რომ გადავაყენოთ - მურუსიძე, მიქაუტაძე, გვრიტიშვილი, ჩინჩალაძე თუ ნებისმიერი სხვა - და მათ ადგილზე ახალი პირები დანიშნონ, ყველაფერი მაინც ძველებურად გაგრძელდება. სისტემა მთლიანად არის შესაცვლელი. მე ამ შემთხვევაში არა ვარ კომპეტენტური, მაგრამ როგორც საზოგადოების რიგითი წევრი, მეც კი ვხვდები, რომ არ შეიძლება სასამართლო სისტემა დამოკიდებული იყოს რომელიმე პოლიტიკურ ძალაზე, ვინც უნდა იყოს ის: "ნაციონალური მოძრაობა", რესპუბლიკური პარტია, "პატრიოტთა ალიანსი" თუ "ქართული ოცნება".

თუ სისტემის შეცვლაზე არ ვიფიქრეთ, გამოდის, არც არაფერს ვცვლით. არ შეიძლება სასამართლოზე ზეწოლა, არ შეიძლება, სასამართლო ინსტანციებში მყოფი პირები დირექტივებს იღებდნენ ზემოდან, როგორც ეს, დავუშვათ, ადეიშვილის პერიოდში ხდებოდა. სამწუხაროდ, თითქმის არაფერი არ შეცვლილა, უბრალოდ, შერბილდა. მაშინ ყველაფერს საფუძვლად სისასტიკე ედო, ახლა ამან, ცოტა არ იყოს, ფარული ხასიათი მიიღო.

ჩემი აზრით, სასამართლო სისტემაში საზოგადოებისთვის მიუღებელ პირებს იმიტომ ნიშნავენ, რომ ჩვენი ყურადღება მურუსიძეზე, მიქაუტაძეზე, გვრიტიშვილზე თუ ვინმე სხვაზე გადაიტანონ და არა სისტემაზე. რა, ცუდია მურუსიძის კლანი, ხოლო დანარჩენი ყველაფერი შეიძლება კარგად განვითარდეს? გამორიცხულია!

ხალხს ყველაზე მეტად ის აღელვებს, რომ სამართალი ვერ იპოვა. უსამართლობაა გამეფებული, კანონი არ კანონობს. კანონის დამკანონებლებად ისინი გვევლინებიან, ვინც თავად არღვევდნენ კანონს და დღესაც არღვევენ.

კორიდაზე ტორეადორი ხარს წითელ მოსასხამს იმიტომ უფრიალებს, რომ მის მიღმა ხარმა ვერაფერი დაინახოს: ვერც მზე, ვერც სივრცე, ვერც ხალხი. ამ ხარის მდგომარეობაში ვართ დღეს. მურუსიძეები და მისი კლანის წევრები არიან ჩვენთვის ის წითელი მოსასხამი, რომელსაც თვალწინ გვიფრიალებენ და გვახელებენ, გვაგიჟებენ, რომ არსებული სისტემის უსუსურობის ნამდვილი არსი ვერ დავინახოთ. ამიტომ

ხმა უნდა ავიმაღლოთ იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელთა ნამუსზეც არის გირგვლიანის, მოლაშვილის თუ სხვათა გახმაურებული საქმეები. მაგრამ მხოლოდ მათი მოშორება არ გვიშველის. არ გამოვრიცხავ, რომ ეს შეგნებულად კეთდება: ერთ დღესაც ადგებიან, მოაშორებენ იმ ხალხს და გვეტყვიან, აი, რაც გინდოდათ, ხომ შეგისრულეთ, მეტი რაღა გინდათო. სისტემა უნდა შეიცვალოს.

- როგორ ფიქრობთ, გახდება ეს საკითხი მმართველი პარტიის განხეთქილების საგანი? - ერთს გეტყვით: სასამართლო სისტემა პირდაპირი ბარომეტრია, ამსახველი იმ პროცესებისა, რაც ქვეყანაში მიდის. სამწუხაროდ და საუბედუროდ, ის ქვეყნები, რომლებიც თავის დროზე პოსტსაბჭოთა სივრცეში მოვხვდით, იმდროინდელი ცნობიერებისგან ჯერ კიდევ ვერ გავთავისუფლდით. სახელი ეცვლება ყველაფერს, არსი კი ერთი და იგივე რჩება.

გახდება თუ არა სასამართლო სისტემის საკითხი განხეთქილების საბაბი მმართველი პარტიისთვისო, მკითხეთ. შეიძლება გახდეს კიდეც, მაგრამ ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, რადგან როგორი წინააღმდეგიც უნდა იყოს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა, ამ პროცესს ხელს ვერ შეუშლის.

ბოლოს და ბოლოს, სამართალი თავის გზას იპოვის და ერთ მშვენიერ დღეს ნებისმიერი მმართველი ძალა იძულებული იქნება, რომ ხალხის ნება-სურვილს ანგარიში გაუწიოს. დღეს ხელისუფლება და ხალხი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. არ გამოიძებნა ის საერთო ენა, რომელიც გაამთლიანებდა, შეაკავშირებდა მათ.

- ასეთ ვითარებაში რა გზას შეიძლება დაადგეს ბიძინა ივანიშვილი? - ბიძინა ივანიშვილი უფრო მეტად უნდა დაეყრდნოს ხალხის ხმას, ვიდრე იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მის მხარდამჭერად ითვლება. ნამდვილად არ ვუკარგავ მას სიკეთეს, რომ არა მისი ავტორიტეტი, იმ საშინელებას, რომელსაც ფსევდონაციონალური მოძრაობა ერქვა, ვერ მოვიშორებდით, მაგრამ ახლა ახალი ნაბიჯია საჭირო.

ერთი რამეცაა: იმ მემკვიდრეობის მერე, რაც ამ ხელისუფლებამ მიიღო, ნანატრი სამოთხის მოლოდინი ნამდვილად არ გვქონია. ხელისუფლების უმთავრესი მიზანი სამოთხის შექმნა კი არ არის, არამედ ხალხს ჯოჯოხეთი ააშოროს, თორემ სამოთხეს ასე მალე ვერავინ აგვიშენებს.

- თუ მართლა სასამართლოს თემა გახდა პარტიის გახლეჩის საბაბი, რას მოუტანს ეს ქვეყანას? - არ იქნება დიდი ტრაგედია. ახალი პოლიტიკური ძალა შეიქმნება, მაგრამ, ვფიქრობ, უნდა არსებობდეს რაღაც გარდამავალი საფეხური, რაც ხალხსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობას მოაგვარებს. ჩვენთან ეს საფეხური არ არსებობს. ამიტომაცაა, რომ გათიშულია ხელისუფლება და ხალხი.

ხელისუფლებას ვურჩევდი, უფრო მეტი ურთიერთობა ჰქონდეს ხალხთან. პოლიტიკას ახალი სისხლი, ახალ-ახალი სახელები სჭირდება. ახალი ძალის შესაქმნელად ბევრი პარტია იბრძვის. თუ ხალხთან ერთობა არ იქნება, ვერც ერთი პარტია ვერ გადაგვარჩენს. დღეს პროფესიონალიზმმა ფასი დაკარგა ჩვენს ქვეყანაში. ვინც ეფექტიანად იმოქმედებს, ხალხის სურვილს გაითვალისწინებს და პროფესიონალებს შემოიკრებს, ის იქნება მოაზრებული მესამე ძალად.

- ფარული ჩანაწერების თემაზე რას გვეტყვით? - ამაზე დიდი უზნეობა არ არსებობს. ვის რა უფლება აქვს, სხვის პირად ცხოვრებაში ხელი აფათუროს?! მეცოდებიან ეს ადამიანები, რომლებიც ამდენად დაშორდნენ უფალს, ზნეობას. ეს იმდენად დიდი სიბინძურეა, შეხებაც კი არ მინდა.

- სააკაშვილის აქტივობებზე რას იტყვით? ხედავთ იმის ალბათობას, რომ მოახერხოს ემიგრანტებთან ერთად საქართველოში დაბრუნება? - ვფიქრობ, 2020 წლის არჩევნები მრავალპარტიული იქნება და ამით დასრულდება ერთპარტიული დიქტატი. ეს კარგია. რაც შეეხება სააკაშვილის გააქტიურებას, აქტიურობა მას არასოდეს აკლდა. მოჭარბებული ძალაც აქვს და ენერგიაც იმისთვის, რომ ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში, მაგრამ ერთი რამ უნდა გავიგოთ ყველამ: ძალაუფლება, ხელისუფლება არ არის პრივატიზებული, მამაპაპურად არ არის გადაცემული ვინმეზე და როცა ხელისუფლებაში მოდის ადამიანი, ის არ უნდა მოდიოდეს იმ მრწამსით, რომ მისთვის ხელისუფლება მარადიული იქნება. სხვა რამე კი არ ხდება რუსეთში. იმედია, არ დაუშვებს დღევანდელი პროგრესული მსოფლიო საქართველოში პუტინიზაციას. ასე რომ, არა მგონია, მობრუნდეს, თუმცა კიდევ ბევრ უსიამოვნებაში გაგვხვევს.

- თქვენი აზრით, რა ცვლილებებია საჭირო სიღარიბის დასაძლევად?

- უპირველესად, ინვესტიციები უნდა ჩაიდოს სოფლის მეურნეობაში. თუ გვინდა გადარჩენა, სოფელი უნდა აღორძინდეს.

ჩვენი თბილისი თავკომბალას დაემსგავსა. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი თბილისშია, იმიტომ, რომ არ შეუძლიათ სოფელში თავის რჩენა. ამიტომ სოფელს უნდა მივხედოთ. სოფელი რომ აღორძინდება, ის, ვინც ინვესტიციებს ჩადებს, ათმაგად ამოიღებს დანახარჯსაც, ისტორიასაც შემორჩება და გაჭირვებაც მოისპობა.

ირანიდან და თურქეთიდან შემოტანილი ბოსტნეულით რატომ უნდა ვარსებობდეთ, შეედრება რამე ჩვენს პროდუქტს? ქვეყნის დიდ მომავალს დასალევი წყლის ექსპორტშიც ვხედავ. დამიჯერეთ, ხალხო, მალე სასმელი წყალი ნავთობზე ძვირი იქნება, უდიდეს შემოსავალს მოუტანს ეს ჩვენს ქვეყანას.

მართალია, წინ ნელ-ნელა, კუს ნაბიჯებით მივიწევთ, მაგრამ არაფერი კეთდებაო, ნამდვილად ვერ ვიტყვით. უფრო მეტად უნდა ვიზრუნოთ განათლებასა და კულტურაზე. როცა მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, ნანგრევებად იყო ქცეული იტალიის ინდუსტრიული ქალაქი მილანი. იტალიელებმა ქალაქის აღდგენა ლეგენდარული ლა სკალათი დაიწყეს. ჯერ კულტურის კერა აღადგინეს, მერე კი სამრეწველო ობიექტებს მიხედეს. მთელი უბედურება ის არის, რომ დღეს ხელისუფლების სათავეში მეტწილად გაუნათლებელი ადამიანები მოდიან.

რწმენის გარეშე ყოველი საქმე მკვდარია. საზოგადოებამ უფრო მეტი სულიერი კავშირი უნდა დაამყაროს ეკლესიასთან. ამაშია ჩვენი ხსნა. რწმენა და განათლება როცა ერთადაა, იქ უკვე ხსნაც მოდის, სულიერი სიმშვიდეც. გვყავს ჩვენ ბრძენი სულიერი მწყემსი უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის სახით. ცოტა მეტი ყურადღება მიაქციონ პოლიტიკოსებმა მის მოქმედებას, მის სიტყვებს.

თურმე უწმინდესისთვის ახალი ტელეფონი უჩუქებიათ, თან თავი მოუწონებიათ, ასეთი ტელეფონი სულ სამია, ეს ისეთი ტელეფონია, რომელიც არ ისმინებაო. შვილო, მთელი ცხოვრება იმას ვითხოვ, რომ მომისმინონ და რად მინდა ასეთი ტელეფონი, თუ არავინ მომისმინაო, უთქვამს ილია II-ს.