ქალბატონი აბაზანაში ყოფნისას, სავარაუდოდ, CO-თი მოიწამლა - რა მოხდა ისანში? - კვირის პალიტრა

ქალბატონი აბაზანაში ყოფნისას, სავარაუდოდ, CO-თი მოიწამლა - რა მოხდა ისანში?

ისანში CO-თი ინტოქსიკაცია ღია კამერიანმა აკრძალულმა წყალგამაცხელებელმა გამოიწვია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს, დღეს, 17 თებერვალს, კომპანიის ცხელ ხაზზე ისნის რაიონიდან შეტყობინება შევიდა - ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრები ქალი შეუძლოდ გახდა. კომპანიის ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა ბინის შემოწმებისას აბაზანაში კუსტარულად დამონტაჟებული ღია წვის კამერიანი აკრძალული წყალგამაცხელებელი აღმოაჩინეს. ბინაში მცხოვრები ქალბატონი აბაზანაში ყოფნისას, სავარაუდოდ, CO-თი მოიწამლა.

"ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალისტებმა სახიფათო ღია კამერიანი წყალგამაცხელებელი გაზის ქსელიდან ჩახსნეს და მეპატრონე კატეგორიულად გააფრთხილეს, რომ აღნიშნული წყლის გამაცხელებლის მოხმარება სიცოცხლისთვის საშიშია.

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" გაფრთხილებთ, ნუ გარისკავთ საკუთარი ან სხვისი სიცოცხლით. უარი თქვით ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებლებისა და გაზგამათბობლების მოხმარებაზე. ასევე, სიფრთხილე გამოიჩინეთ ქარიან ამინდში გაზის დანადგარებთან", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"