ვისი მისამართი ვის ქუჩაზეა?! - ანუ რა ეშველება ნუმერაციაარეულ თბილისს - კვირის პალიტრა

ვისი მისამართი ვის ქუჩაზეა?! - ანუ რა ეშველება ნუმერაციაარეულ თბილისს

არსებობს შემთხვევები, როდესაც თითოეული წუთი მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, თუნდაც მისი ქონების გადასარჩენად, მაგრამ არის აბსურდული მიზეზებიც, რომლებიც შესაბამისი სამსახურების, როგორც სამაშველოს, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ადგილზე დროულად მისვლას აფერხებს. ბოლო წლებში დედაქალაქში მიმდინარე ახალ-ახალი მშენებლობების გამო ქუჩების ნუმერაცია აირია. ზოგიერთ უბანში ერთსა და იმავე მისამართზე როგორც კერძო სახლი, ასევე კორპუსიც ფიქსირდება. ახალი ქუჩების, ასევე საკადასტრო კოდების გაჩენამაც წარმოქმნა პრობლემები.

ამას წინათ ფანასკერტელის ქუჩაზე ახალაშენებულ სახლში მომიწია წასვლამ. ტაქსის მძღოლმა გამაფრთხილა, კონკრეტულად თუ იცით, რომელ კორპუსში მივდივართ, თორემ იქ ისეა ნუმერაცია არეული, ვერ მივაგნებთ, ამიტომ მგზავრს წინასწარ ვეკითხები, თუ ნამყოფი არ არის, უარს ვეუბნებიო. კორპუსი არც მე ვიცოდი და შედეგმაც არ დააყოვნა, ჩემი მგზავრობა ფანასკერტელის #20-თან დასრულდა, რადგან 20ა-ს ვერსად მივაგენით. ჩემი მასპინძელი შეეცადა ტელეფონით აეხსნა ადგილმდებარეობა, დაახლოებით 30-წუთიანი წვალების შემდეგ აღმართზე ავუხვიეთ და, როგორც იქნა, შევნიშნეთ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი... მასპინძელს ვკითხე, "სასწრაფო" ან სამაშველო სამსახურები როგორ გაგნებთ-მეთქი. სამაშველო ჯერ არ დაგვჭირვებია, "სასწრაფოს" კი ვინმე ხვდება ქვემოთო.

მოუწესრიგებელი ნუმერაციის გამო სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს ხშირად ექმნებათ პრობლემები ამა თუ იმ მისამართზე მისვლისას. ამას ემატება ისიც, რომ ქუჩები ლუწი და კენტი მხარეების პრინციპით არ არის დანომრილი. ზოგან კი ქუჩა იმდენად ვიწროა, რომ მისამართს აცდენილ მანქანას მოტრიალების საშუალება არა აქვს. ამიტომ დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად მძღოლები იძულებული არიან რამდენიმე წრე დაარტყან...

"როდესაც ერთსა და იმავე მისამართზე კერძო სახლიც და მრავალბინიანი კორპუსიც ფიქსირდება, ყველაფერი რთულდება. ამ დროს ნავიგაციაც უძლურია, მისამართი უბრალოდ არ ჩანს. მის ძებნაში დრო გადის, ჩვენს სამსახურში კი დრო ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ამხელა მანქანით შევდივართ რომელიმე ქუჩაზე ან ეზოში, შეცდომის დაშვების უფლება არა გვაქვს, რადგან ყველა ეზო და ქუჩა სავსეა მანქანებით და მოტრიალება ძალიან ძნელია. ზოგჯერ ახალი საცხოვრებელი კორპუსი ღამით გზიდან არ ჩანს, მანიშნებელი კი არ არსებობს და მის ძებნაში დრო გვეკარგება", - ამბობს სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელი.

ლია, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომელი: "როდესაც ახალ ქუჩაზე გვაქვს გამოძახება, ალალბედზე მივდივართ. დღისით გამვლელებს ვეკითხებით, მაგრამ გვიან ღამით ქუჩაში იშვიათად გადააწყდები ვინმეს. მაგალითად, ალექსიძის ქუჩაზე კენტი და ლუწი დაყოფა არ არსებობს. გგონია, კენტ მხარეს მიუყვები და აღმოჩნდება, რომ ქუჩა დამთავრდა და სასურველი ნომრის პოვნა მეორე მხარეს გვიწევს, რომელიც ასევე კენტია. ეს ძვირფას დროს გვართმევს. ასევეა ბევრგან, თუნდაც ფანასკერტელის ქუჩაზე, დასაწყისში არის #1, მომდევნო კი #6-ია".

ასეთივე ვითარებაა თბილისის არაერთ რაიონში, მათ შორის დოლიძის, სიმონ ჩიქოვანის (ყოფილი ხილიანი), მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, აფაქიძისა და ა.შ. ქუჩებზე.

"კვირის პალიტრამ" რამდენიმე ქუჩაზე ექსპერიმენტი ჩაატარა, თუ რამდენად ადვილია ამა თუ იმ მისამართის პოვნა. როგორც აღმოჩნდა, სამუშაო საათებში გარე მოვაჭრეების, მაღაზიის გამყიდველების ან გამვლელების დაუხმარებლად რამდენიმე მისამართზე მისვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. რამდენიმე ქუჩის საკმაოდ დიდ მონაკვეთზე არათუ ნომერი, მანიშნებელიც არ არის. უნომრო ბანერებიც შეგვხვდა, მხოლოდ ქუჩის დასახელებებით.

მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების ქუჩა #5-ის შემდეგ, #6 ვერ ვიპოვეთ, #8 კი დაახლოებით ნახევარი კილომეტრის იქით, ჩიქოვანის #26-ში მდებარე საჯარო სკოლის წინ აღმოვაჩინეთ. მათ შუაში იოსელიანის ქუჩაა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლითა და სხვა დანიშნულების შენობებით. თუ მძღოლმა არ იცის, რომ ამ სახლში მისასვლელად ჯერ მარცხნივ უნდა ჩაუხვიოს, პირდაპირ იაროს და შემდეგ მკვეთრად მარჯვნივ გადაუხვიოს, კორპუსს ვერ იპოვის.

ოთარი, 64 წლის: - ჩვენს ქუჩაზე ერთსა და იმავე ნომერში კერძო სახლიც არის და კორპუსიც. ახალი მშენებლობებისა და ქუჩების გამო ისე გადანაწილდა ნომრები, თავს და ბოლოს ვერ გაუგებ. არადა, ქუჩის ხელახალი დანომვრის შემთხვევაში ძველ მისამართზე დარეგისტრირებულ მოსახლეს ყველაფრის შეცვლა მოუწევს. ერთი-ორჯერ რამდენიმე აქაურმა მცხოვრებმა ვთქვით, გავიჭირვოთ, თუნდაც ერთი თვე ვირბინოთ ამ საქმეზე და როგორმე მოვაწესრიგოთ-მეთქი, მაგრამ მხარი არავინ აგვიბა. ყველას თავისი გასჭირვებია: ზოგს ბინა იპოთეკაში აქვს ჩადებული, ან სულაც ფოსტასა და პოლიკლინიკაში ეს მისამართი აქვს მითითებული და შეცვლის შემთხვევაში საჯარო რეესტრში, იუსტიციის სახლსა და კიდევ კაცმა არ იცის, რომელ უწყებებში მოუწევს სირბილი.

ოტია, 53 წლის: "ჩვენი, ბალანჩივაძის ქუჩის შემდეგ, იოსელიანის ქუჩაა, მერე ნასიძე და შემდეგ კიბით უნდა ჩახვიდე, რომ 38 ნომრამდე მიხვიდე, მაგრამ მანქანამ თუ ქვედა ქუჩაზე არ ჩაუხვია, ვერ მივა. ამას წინათ მარტოხელა მოხუცს დასჭირდა სასწრაფო დახმარება, კიდევ კარგი, მეზობელი ჰყავს ექიმი და მათ მოსვლამდე პირველადი დახმარება გაუწია".

"ეს პრობლემა იოლად გამოსასწორებელია, თუკი მოსახლეობა გადანომვრას მოითხოვს"

დედაქალაქის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის თქმით, 2019 წელს თბილისში 13 ათასი სამისამართე აბრა გაიკვრება. ქუჩების ნაწილი შესაძლოა თავიდან გადაინომროს: - მას შემდეგ, რაც მოქალაქე მიმართავს საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას, ის განიხილავს ქუჩისთვის სახელის მინიჭების საკითხს. თუმცა კომისიას ქუჩისთვის სახელის მინიჭება დამოუკიდებლადაც შეუძლია, იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს ინფორმაცია, რომ გაჩნდა ახალი ქუჩა, განაშენიანდა ტერიტორია.

- როგორ ხდება ახალი ქუჩის დანომვრა? - ეს საჯარო რეესტრის სამისამართე სამსახურის საქმეა. ის სპეციალური პროგრამით განსაზღვრავს, სად უნდა იყოს კენტი და სად ლუწი მხარე. ამის შემდეგ საკრებულო შუამდგომლობს ამ საკითხს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურთან, რომ გაიკრას სამისამართე აბრები. მაგალითად, ჩიქოვანის ქუჩაზე არის ერთი ძველი ქუჩა, ისევე როგორც დოლიძისა და ფანასკერტელის ქუჩებზე, სადაც დიდი ხნის წინ განთავსდა სამისამართე აბრები, მაგრამ მას შემდეგ უამრავი ახალი კორპუსი, დასახლება და საკადასტრო ერთეულები გაჩნდა, რითაც ქუჩა ერთი მესამედით გაიზარდა. მაგალითად, თუ პირი ცხოვრობდა 1-ლ ნომერში, სხვა კი #3-ში, შესაძლოა მათ შორის 5 საკადასტრო ერთეული იყოს. ეს პრობლემა იოლად გამოსასწორებელია, თუკი მოსახლეობა მიმართავს საჯარო რეესტრის სამისამართე სამსახურს და გადანომვრას მოითხოვს. თუმცა მოსახლეობა ხშირად წინააღმდეგია, რადგან გადანომვრით მისამართები იცვლება...

- ყოფილა გადანომვრის შემთხვევა? - დიახ, შარშან ხელახლა გადავნომრეთ წერეთლის პროსპექტი, რასაც მოსახლეობის დიდი პროტესტი მოჰყვა. თბილისში 5 ათასამდე ქუჩა, ჩიხი და შესახვევია და ძნელია რეესტრის სამისამართე სამსახურმა იაროს და მოსახლეობის ინიციატივის გარეშე გაასწოროს ნუმერაცია.