"ოცნებასაც ვერ გავბედავდი, რომ "შავი ქამრის" მფლობელი გავხდებოდი" - კვირის პალიტრა

"ოცნებასაც ვერ გავბედავდი, რომ "შავი ქამრის" მფლობელი გავხდებოდი"

"სულ ვმოძრაობ, ვცდილობ, ლაშქრობებზე ვიარო, სადღაც ავფოფხდე, მერე ჩამოვფოფხდე... პასიურობა ჩემთვის ყველაზე დიდი სასჯელია"

ამბობენ, ქალი როგორც გამოიყურება, იმდენი წლისააო. ეს სიტყვები ზუსტად მიესადაგება ჩვენს რესპონდენტს, რომელიც უკვე 64 წლის გახდა, მაგრამ გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურება. ნანა დადეშქელიანმა შეძლო, წლებიც დაემარცხებინა და არაერთი დაბრკოლებაც. ამაში მას სპორტის სიყვარული და ჯანსაღი ცხოვრების წესი დაეხმარა. ამბობს, რომ ვარჯიშის გარეშე უმოქმედო ცხოვრება მისთვის წარმოუდგენელია.

ნანა დადეშქელიანი: - ჩემი გვარი მესტიის რაიონის სოფელ ეცერიდან მოდის და დადეშქელიანების ისტორიაც მესტიიდან იწყება. ჩემი ბებია და ბაბუა ახლანდელ კოდორის ხეობაში გადასახლდნენ, რომელსაც მაშინ "აფხაზეთის სვანეთს" ვეძახდით. თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ფესვები ბევრ რამეს ნიშნავს. კოდორის ხეობა ჩემთვის უბედნიერეს ბავშვობის წლებთან ასოცირდება - თითქოს სხვა სამყაროში ვცხოვრობდი.

- ბავშვობიდან ვარჯიშობთ?

- სულ ვმოძრაობ, ვცდილობ, ქალაქგარეთ გავიდე, თუ დრო და საშუალება მაქვს, ლაშქრობებზე ვიარო, სადღაც ავფოფხდე, მერე ჩამოვფოფხდე და ა.შ... მოკლედ, პასიურობა ჩემთვის ყველაზე დიდი სასჯელია. ალბათ, ამის გამო ზედმეტი წონა არასოდეს მქონია. არ იფიქროთ, რომ ზარმაცი არ ვარ, მაგრამ მთელი ცხოვრება საკუთარ სიზარმაცეს ვებრძვი და ამ "ბრძოლაში" სპორტი ძალიან მეხმარება.

- აღმოსავლური ორთაბრძოლებით როდის დაინტერესდით?

- სკოლის პერიოდში, თუმცა მაშინ ამის შესახებ მხოლოდ წიგნებში ვკითხულობდით და ხალხშიც უამრავი ტყუილ-მართალი ვრცელდებოდა. 25 წლისა ვიყავი, როცა ვაჟა-ფშაველას გამზირზე კარატეს წრე აღმოვაჩინე და მამას ვთხოვე, პირველ მეცადინეობაზე გამომყოლოდა. იმის შემდეგ სულ ვცდილობ, სპორტის ამ სახეობას არ მოვწყდე. კარატე ძალიან მიყვარს, რადგან მასში სულიერებაც არის და რაც დრო გადის, სულ რაღაც ახალს პოულობ.

- 25 წლიდან ვარჯიშობთ? - არა, ჩავარდნები მქონდა. გავთხოვდი, მერე შვილები მყავდა გასაზრდელი, შემდეგ ურთულესი წლები დაიწყო და რომელ ვარჯიშზე იყო ლაპარაკი! მერე დედა გახდა ავად და ვარჯიშს ისევ დავანებე თავი... მაგრამ როგორც კი ოდნავ მოვძლიერდებოდი და ვარჯიშის საშუალება მომეცემოდა, მაშინვე ყველაფერს ხელახლა ვიწყებდი. ამჟამად კარატეს კლუბ "სამურაის" წევრი ვარ, რომელსაც გურამ ჯანიაშვილი ხელმძღვანელობს. ჩემი მწვრთნელი ძალიან მიწყობს ხელს და ცდილობს, მეტი შევძლო. ერთ დროს ოცნებასაც ვერ გავბედავდი, რომ წლის საპატიო "შავი ქამრის" მფლობელი გავხდებოდი, მაგრამ ეტყობა, ადამიანს ასეთი უჩვეულო ოცნებებიც უსრულდება. ძალიან მორიდებული ვარ და თავის გამოჩენა არ მიყვარს. ახლაც მთლად არ ვარ ჩემს თავში დარწმუნებული, მგონია, რომ "შავი ქამრის" ღირსი არ ვარ, მაგრამ ჩემი მწვრთნელი მარწმუნებს - ამ წოდების მოსაპოვებლად შეიძლება შეჯიბრებაზე გასვლა არც დაგჭირდესო... ამიტომ მას ძალიან ვემადლიერები.

- მეუღლესა და ოჯახზე რას გვეტყვით?

- სამწუხაროდ, ოჯახი ვერ შევინარჩუნე, რადგან არც არაფერზე დავხუჭე თვალი და ვერც ვერაფერს წავუყრუე. 90-იან წლებში დავრჩი მარტო ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. დედ-მამა ძალიან მეხმარებოდა. ჩემი მშობლები ექიმები იყვნენ. დედამ სამსახურს თავი დაანება და ოჯახის მოვლა ამჯობინა... ახლა უკვე შვილიშვილი მყავს, ქალბატონი ელენე ჩვენი სიხარულია.

- ოჯახში ერთი ნებიერა კიდევ გყავთ... - ადრე ვერ წარმოვიდგენდი, რომ სახლში ძაღლი მეყოლებოდა, მაგრამ რძალმა აჩუქა ჩემს შვილს. სულ პატარა იყო და გავზარდეთ. ბაქსი დავარქვით. ოთხფეხა მეგობარი შენს გულში ისეთ გრძნობებს აღვიძებს, ვერც კი გამოთქვამ.

- დაბოლოს, რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებიც პასიურ ცხოვრებას ამჯობინებენ? - დივანზე წოლა და ფილმის ყურება იოლია, მაგრამ ასე ცხოვრება ჯანმრთელობას აზიანებს. სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი, რომ ხალხმა სპორტი ბავშვობიდანვე შეიყვაროს და ჯანსაღი ცხოვრების წესი აირჩიოს. დადგენილია, რომ უმოძრაო ცხოვრება ადამიანს გაცილებით დიდ ზიანს აყენებს, ვიდრე სიგარეტის მოწევა, ან საშიში დაავადებები.

ხათუნა ჩიგოგიძე